როდის დასრულდება ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია
თელავში, ნადიკვრის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და სულ მალე, ქალაქს განახლებული სარეკრეაციო ზონა ექნება- ამის შესახებ knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა განუცხადა.
პროექტი ითვალისწინებს არსებული ამფითეატრის სრულ რეაბილიტაციას, საბავშვო სივრცეების განახელებას და სხვადასხვა კომუნიკაციების მოწყობას. ნადიკვრის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, ბიუჯეტიდან 2 758 521 ლარის ინვესტიცია დაიხარჯება. ლევან ანდრიაშვილის თქმით, სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებამდე დასრულდება.
,,სულ მალე დავასრულებთ თელავში ნადიკვრის პარკს და გავხსნით. უნდა ითქვას აქვე, რომ ნადიკვრის პროექტს ჰქონდა თავისი პრობლემები, რომლის მოგვარებაც დროში გაიწელა, როგორც ზამთრის, ასევე არქიტექტურისა და სხვა პრობლემების გამო. წელს ჩვენ ნადიკვრის სეზონს მომზადებულები შევხვდებით. ამ დროისთვის სამუშაოები უფრო ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მალე სრულად დამთავრებულ ნადიკვარს შევთავაზებთ ჩვენს მოსახლეობას”,– განუცხადა knews.ge-ს ლევან ანდრიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თელავში, ნადიკვრის პარკის სრული რეაბილიტაცია 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. რეაბილიტაციის ვადამ ორჯერ გადაიწია და ორი წლის განმავლობაში, თელაველებისთვის საყვარელი სივრცე მოუწესრიგებელი იყო.
ნახეთ ვრცლად ამავე თემაზე მომზადებული მასალები:
მოქალაქეები ნადიკვრის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ

