ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი – საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო დაწესებულებებში გაიხსნება

უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის მისამართი არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი.

ამრიგად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო დაწესებულებებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „საკონსულო დაწესებულების გახსნა კომპლექსური საკითხია, არსებობს საერთაშორისოდ დამკვიდრებული წესები და რეგულაციები, რომელთა ფარგლებშიც ხდება ამ პროცესის წარმართვა“.

მისივე თქმით, საკითხის განხილვისას მხედველობაში მიიღება მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებები, ადგილსამყოფელი ქვეყნის რეგულაციები და ა.შ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების მიღების ვადები, დაწესებულების ადგილსამყოფლის შერჩევის წესები და სხვ. როგორც წესი, დაწესებულების გახსნასთან დაკავშირებული წინადადების განხილვაში ჩართულია არაერთი უწყება და კონსულტაციები შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი მიმდინარეობდეს.

ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნის პრაქტიკაზეც.

„საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესსა და პროცედურას, საკონსულო დაწესებულების სახეობას, მის ფუნქციურ დატვირთვასა და ორგანიზაციულ მოწყობას განსაზღვრავს ვენის კონვენცია ,,საკონსულო ურთიერთობების შესახებ“. აღნიშნული კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების გახსნა შეიძლება მხოლოდ ამ სახელმწიფოს თანხმობით. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე გენერალური საკონსულო ან საკონსულო მოისურვებს გახსნას ვიცე-საკონსულო ან საკონსულო სააგენტო არა იმ დასახელებულ პუნქტში, სადაც თვითონ არის განლაგებული. აღნიშნული რეგულაცია დაკონკრეტებულია „საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესითა და ტიპობრივი დებულებით“, – განმარტა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო უბნების შექმნის საკითხზე. მისი თქმით, საარჩევნო უბნის შექმნა განეკუთვნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციას.

„საარჩევნო უბნის შექმნის ზოგადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შეყვანა ხდება რეგისტრაციის მისამართის მიხედვით. უცხოეთში მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის მისამართი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი. ამრიგად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო დაწესებულებებში, მსგავსად მსოფლიოს არაერთი ქვეყნისა“,- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ გახსნილი იყო 52 საარჩევნო უბანი – სწორედ იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც იმ დროს მოქალაქეთა რეგისტრაციის მონაცემებს შეესაბამებოდა. მიმდინარე წელსაც გადაწყვეტილება მიიღება არსებული საჭიროებების შესაბამისად.