1 წელი რუსული კანონის მიღებიდან და მარტის აქციებიდან
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებიდან და მარტის აქციებიდან, ერთი წელი გავიდა. კანონის მიღების წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ აქციებს, როგორც პოლიტიკოსები და არასამთავრობოები, ასევე საზოგადოების სხვა წევრები და ახალგაზრდებიც შეუერთდნენ, სწორედ სტუდენტების და მოსწავლეების აქტიურობამ გამოიღო შედეგი და საბოლოოდ 10 მარტს, საპარლამენტო განხილვისას, “ოცნებამ” ერთი კანონპროექტი უკან გაიწვია, მეორე კი სხდომაზე ჩააგდო.
დოკუმენტის მიხედვით, “უცხოური გავლენის აგენტებად” მოიაზრებოდნენ ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალაა”. თუმცა, არა – სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები; ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალაა”. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალაა”.
ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ გასული წლის მარტში განვითარებულ მოვლენებს, პირველი, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, იყო პარტია “ხალხის ძალის” მიერ 14 თებერვალს აღნიშნული კანონის ინიცირების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწვდა. მაშინ მათ განაცხადეს, რომ პარლამენტში დააინიცირეს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მოგვიანებით, ამ საკითხზე უკვე “ოცნების” ლიდერებიც ალაპარაკდნენ.
ამ კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური გავლენის აგენტად” მოიაზრებოდა, ვალდებული იყო დარეგისტრირებულიყო საჯარო რეესტრში ამავე სახელწოდების ბაზაში. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნებოდა მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ამ ორგანიზაციებს ექმნებოდათ ვალდებულება, საფინანსო დეკლარაცია შეევსოთ ყოველწლიურად.
კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტში 20 თებერვალს დაიწყო – მაშინ, როცა საკითხს ბიუროს სხდომაზე აინიცირებდნენ. ბიუროს ოთახთან მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ლოზუნგებით: “არა რუსულ კანონს”, “მედია ცოცხალი და დამოუკიდებელია”. ორი მარტიდან “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვები დაიწყო. მაშინ ყველა სხდომაზე იყო დაპირისპირება უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.
“თქვენ თვითონ ხართ უცხოეთის აგენტები” – ამბობდნენ აქციის მონაწილე ჟურნალისტები და მთავრობას კანონპროექტის ჩაგდებას სთხოვდნენ.
გარდა ჟურნალისტებისა, აღნიშნული კანონის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ განხილვების დროს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. “ოცნების” რამდენიმე ოპონენტს კომიტეტის დარბაზი ძალის გამოყენებითაც კი დაატოვებინეს. პარალელურად, აქციები მიმდინარეობდა შენობის გარეთ. პოლიციამ ამ დღეს აქციის 36 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ შორის „პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი დააკავეს შეძახილისთვის – „მოღალატე“. დაკავებულთა შორის იყო ასევე, „ტაბულას“ ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი.
კანონპროექტის შესახებ საუბრობდნენ სამთავრობო პარტიის წარმომადგენლებიც. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე აცხადებდა, რომ პრინციპების დონეზე შეთანხმდნენ და უცხოური გავლენების შესახებ „ხალხის ძალის“ მხარს უჭერდნენ.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ თუკი ვინმე ამბობს, რომ კანონპროექტი იყო რუსული კანონმდებლობის ანალოგი, “უბრალოდ იტყუება”.
,,როდესაც ადამიანი თუ ორგანიზაცია რაღაცის აგენტად ფიქსირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე აკრძალულს, არაკანონიერს ან ცუდს აკეთებს – „ქართული ძალის“ კანონპროექტი ნათარგმნია ამერიკულიდან, სადაც „აგენტი“ ჰქვია და ეს სიტყვა სწორედ იქიდანაა,” – აცხადებდა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
ქადაგიშვილის შეფასებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის შესახებ აღშფოთება ტერმინმა გამოიწვია. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებდა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას გააუქმებდა.
,,ეს გამჭვირვალობის კანონი არ არის, ეს არის კანონი, რომელიც აუქმებს სამოქალაქო საზოგადოებას ამ ქვეყანაში. ჩვენ არ გვჭირდება გამოცნობა და თეორიული ექსპერიმენტი. ჩვენ ვნახეთ რუსეთში ამ კანონის შედეგები’’,– აცხადებდა კანონის განხილვების პარალელურად ანა ნაცვლიშვილი.
რუსული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო და მედია საშუალებების წარმომადგენლები. მათ როგორც ერთობლივი, ასევე ცალკეული მიმართვებიც გაავრცელეს და პარლამენტს მიმართავდნენ კანონპროექტი არ მიეღო, რადგან ის ქვეყნის ევროპულ გზას საფრთხეს შეუქმნიდა.
აღნიშნულ საკითხზე 260 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს დაუცველი დარჩეს მოწყვლადი ჯგუფები.
“მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს”, – აცხადებდნენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მათი თქმით, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ. პარალელურად მიმართვა გაავრცელეს კახეთში მოქმედმა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც.
,,მოგიწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჩვენი რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს მხარი არ დაუჭიროთ ამ კანონს, ასევე მოგიწოდებთ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, საკრებულოს წევრებს, თანამდებობის პირებს ხმა აიმაღლოთ რუსული, ანტიქართული, ანტიევროპული კანონის წინააღმდეგ. რუსული კანონის მიღებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობას, რომლის გარეშეც ქართული სახელმწიფოს არათუ განვითარება, არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება’’,-ეწერა კახეთის სამოქალაქო სექტორის და მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიმდინარე დაძაბული პროცესის ფონზე, უკვე 7 მარტს, მოულოდნელად, ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” რუსული კანონპროექტის პირველ მოსმენაზე გატანას დაუგეგმავად იწყებდა. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, მოქალაქეები პარლამენტთან ისევ შეიკრიბნენ. პარალელურად, რუსული კანონი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღეს. აქციაზე კი სიტუაცია დაიძაბა – შსს-მ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. 7 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით 66 პირი დააკავა.
რუსთაველის გამზირზე აქცია გაგრძელდა 8 მარტსაც – საღამოს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მომხდარი არეულობის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები ისევ დაარბია. ადგილზე იყვნენ ე.წ. რობოკოპები, იყენებდნენ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.
მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებოდნენ და კანონის მიღებას ქვეყნისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევდნენ.
სიღნაღში მოქმედი ორგანიზაციის ,,ცოდნის კაფეს” წარმომადგენელი ქეთი მოლაშვილი ამბობდა, რომ მაგალითად, მათი ორგანიზაცია ძირითადად საერთაშორისო პროექტებიდან გამოყოფილი თანხების დახმარებით მუშაობს. აღსანიშნავია, რომ „ცოდნის კაფე“ არის სოციალური საწარმო წნორში და ერთადერთი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე რეგიონში, რომელიც შეიქმნა 2016 წელს. მისი ძირითადი ფუნქცია ახალი ცოდნების წარმოება და გაზიარებაა ცენტრიდან რეგიონში.
,,თანხების დიდი ნაწილი საზღვარგარეთიდან შემოდის, რაც წინაპირობაა აგენტად გახდომის. ჩვენი ორგანიზაციის შემოსავლების უმეტესობა საზღვარგარეთიდანაა, რომელთა მხარდაჭერით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, ძალიან ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ამ კანონის შესახებ ინიციატივაც კი არის დამაკნინებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი არ გავა, მაგრამ თავად ეს ინიციატივაც კი მავნებელია და სრულიად უსაფუძვლო’’,- აცხადებდა knews.ge-ს ქეთი მოლაშვილი.
თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად, აქციები იმართებოდა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, რომელშიც მონაწილეობას, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები იღებდნენ.
აღნიშნული კანონპროექტის შესახებ და არსებულ საფრთხეებზე საუბრობდნენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები, ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
Reuters, BBC, CNN, Bloomberg, The Guardian, AP News, Deutsche Welle და სხვა ცნობილი დასავლური მედია საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს აქტიურად აშუქებდნენ.
BBC წერდა, რომ მომიტინგეების ნაწილი დაეცა და ახველებდა, ნაწილი კი ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს აფრიალებდა.
“კანონის მიღებით საქართველო შეუერთდება არადემოკრატიული და ავტორიტარული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სიას, როგორიცაა ბელარუსი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი, რომლებმაც დააკოპირეს რუსეთის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ”, – წერდა BBC.
გამოცემები დეტალურად აღწერდნენ როგორც აქციის მიმდინარეობას, ასევე, უკანასკნელ დღეებში რუსული კანონის მიმართ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურებებს. საზოგადოებისა და ახალგაზრდების მკვეთრი პროტესტის შემდეგ, “ოცნების” ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია. 10 მარტს საპარლამენტო განხილვისას, “ოცნებამ” ერთი კანონპროექტი უკან გაიწვია, მეორე კი სხდომაზე ჩააგდო.
მარტის აქციების შემდეგ, 29 მარტს დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც დღემდე პოლიტიკურ პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ლაზარეს ადვოკატები და ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს. ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა ამავე დროს, ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ ბრალდებულად ცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლემ მას გასული წლის 25 სექტემბერს 1,6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.