ნინო ჩხობაძე- ყველა მაღალმთიანი სოფელი არის რისკის ქვეშ
ფაქტობრივად, ყველა მაღალმთიანი სოფელი არის რისკის ქვეშ. იმიტომ რომ კლიმატის ცვლილების ფონზე, მიწის ეროზიის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, სადაც არ იყო ნავარაუდევი მეწყერი, იქაც კი ჩამოწვეს- ამის შესახებ „მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მეწყერის ჩამოწოლამ 4 სახლი მოიყოლა, შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 5-ს კი ამ დრომდე ეძებენ. „მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით, კონკრეტული ორგანიზაცია რისკების თვალსაზრისით, შესაბამის სქემებს ამზადებს, თუმცა პროექტი დასრულებული არ არის.
„ფაქტობრივად, ყველა მაღალმთიანი სოფელი არის რისკის ქვეშ. იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე, მიწის ეროზიის არსებობს შემთხვევაში, შესაძლოა, სადაც არ იყო ნავარაუდევი მეწყერი, იქაც კი ჩამოწვეს. სამწუხაროდ, არ გვაქვს არც ადაპტაციური ღონისძიებების გეგმა, არც მუნიციპალიტეტებში არის მზაობა, რომ ეს გახდეს მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ვრეაგირებთ პოსტ ფაქტუმ, მოხდა ტრაგედია და შემდეგ ვიწყებთ ძიებას, რა იყო მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ სისტემები მუდმივად არ მუშაობს და მთლიანი სისტემა აწყობილი არ არის. დავდევთ უკვე მომხდარს და პრევენციას არ ვაკეთებთ. არ ვეუბნებით მოსახლეობას, რომ მოდით, სიფრთხილე გამოვიჩინოთ, მოდით, იქნებ გავამაგროთ თუნდაც ფერდები, რომელიც არის სათუო. ეროზიული პროცესები არ ხდება თავისით, როგორც წესი, ეს არის კლიმატის ცვლილების ფონიც, ადამიანის მუშაობის და მიწის ნაკვეთის არასწორად მოხმარების შედეგიც. ამ მომენტში იწყება ასეთი მეწყრული პროცესების წარმოქმნა. ჩვენ, გარემოს დამცველები ველოდებით, რომ ძალიან მალე, ასეთი რისკები უფრო მეტი შეიძლება იყოს“,- ამბობს ნინო ჩხობაძე.
ნინო ჩხობაძე ასევე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტებში უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახურები ან კომისიები, სადაც გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე პირები, გეოლოგები და სხვა სპეციალისტები შევლენ.
,,კავკასიონიდან რომელი მდინარეც იღებს სათავეს, პირდაპირ კავშირშია ღვარცფულ ნაკადებთან. კავკასიონზე განვითარებულმა დნობამ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოიწვიოს ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნა. აქედან გამომდინარე, მდინარეები, რომელიც სათავეს იღებს იქიდან, არის საშიში.
საფრთხეებს ჭირდება თავისი რეაგირების გეგმები, უნდა ვიცოდეთ როგორ ვიმუშავოთ. უნდა იყოს გამართული მონიტორინგის და პროგნოზირების სისტემები, უნდა მოხდეს იმ ადგილების მონიტორინგი, რომელიც ტურისტული ადგილია, ბევრი ხალხი და ტურისტი გადაადგილდება. გარდა ამისა, იქ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც გააფრთხილებენ იქ მისულ ადამიანებს და ეტყვიან, რა დროს როგორ მოიქცნენ. გარდა ამისა, როცა დეველოპერს ვეუბნებით, რომ არ შეიძლება კონკრეტულ ადგილას რამის აშენება, იქ არ უნდა აშენდეს. ისინი კი ჯიუტად იძახიან, რომ უნდათ იქ მშენებლობა. სწორედ ამიტომ ვიღებთ იმას რაც მოხდა შოვში.
გარდა ამისა, ყველა ქალაქს უნდა ყავდეს სპეცდანიშნულების ჯგუფი, რომელიც სტიქიასთან ბრძოლასაც დაიწყებს, ასევე მოახდენს გამოკითხვას პროცესში ჩართული ხალხის და შესაბამისი დასკვნის გაკეთებას შეძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყველა მერიას მოვუწოდებ, რომ გახსნან გარემოს დაცვის სამსახურები სხვადასხვა მიმართულებით და აიყვანონ სამსახურში სპეციალისტები, რომლებიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იმუშავებენ, გამოცემულ ბიულეტენებს გაეცნობიან, გააანალიზებენ და წინასწარ პროგნოზს გააკეთებენ’’,– განაცხადა რადიო ,,კახეთის ხმის“ ეთერში ნინო ჩხობაძემ.