კახეთში მასშტაბური პროექტი – „ეკომეგობრული კახეთი 2026“ დაიწყო
პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში შემეცნებითი შეხვედრები ჩატარდა. Wasteless-ის მასშტაბური საპილოტე რეგიონალური პროექტის „ეკომეგობრული კახეთი 2026“ ფარგლებში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის შერჩეულ 35 სკოლაში საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი კულტურის გაძლიერება, ნარჩენების მართვის სწორი პრაქტიკების პოპულარიზაცია და მომავალი თაობის ჩართულობით უფრო მდგრადი გარემოს შექმნა.
პირველი შემეცნებითი შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის 7 შერჩეულ სკოლასთან ჩატარდა, სადაც ტრენინგები ჩატარდა ნარჩენების მართვის, ელექტრო ნარჩენების სწორად ჩაბარების, გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიამართა. მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო კითხვები, მიიღეს ამომწურავი პასუხები და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. პრეზენტაციის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები სკოლის დირექტორებთან, რაც მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს სკოლების ჩართულობას გარემოსდაცვით აქტივობებში.

მოსწავლეებს სიმბოლურად გადაეცათ ვეისთლესისგან საჩუქრები, ხოლო შეხვედრაზე დაანონსდა პროექტის შემდეგი ეტაპები, ნარჩენების შეგროვების დღეები და სოციალური მედიის კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ კრეატიული ვიდეოების საშუალებით საკუთარი ხედვები დააფიქსირონ გარემოსდაცვით თემებზე.
ვეისთლესი განაგრძობს მუშაობას იმაზე, რომ ბავშვები და ახალგაზრდები გახდნენ პოზიტიური ცვლილებების ლიდერები, რომლებიც მიღებულ ცოდნას საკუთარ სკოლებსა და თანატოლებში გაავრცელებენ. „ეკომეგობრული კახეთი 2026“ სწორედ ამ მიზნით აერთიანებს სკოლებს, მუნიციპალიტეტებსა და საზოგადოებას ერთიანი ეკომეგობრული მომავლისთვის.
Wasteless არის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია (საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია), რომელიც ეხმარება კომპანიებს თავიანთი ბიზნესის უნარჩენო, სუფთა და მდგრადი მიმართულებით გარდაქმნაში და ხელს უწყობს ნარჩენების მართვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას საქართველოში.
ასოციაცია წარმოადგენს არამომგებიან იურუდიულ პირს, რომელმაც 2022 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მოიპოვა ავტორიზაცია ოთხივე მიმართულების სპეციფიკური ნარჩენების მართვაზე: ნარჩენი ზეთები, გამოყენებული საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ბატარეები და აკუმულატორები.
Wasteless უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას და ხელს უწყობს მათ სწორად მართვას. შეგროვებული ნარჩენები შესასწავლად და დასაშლელად გადაეცემა ადგილობრივ კონტრაქტორებს, ხოლო რისი გადამუშავებაც საქართველოში ვერ ხერხდება ექსპორტზე იგზავნება. ამ მიდგომით Wasteless ახდენს ნარჩენების ეფექტურად მართვას და ხელს უწყობს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას.

