ახალი ამბები

სახალხო დამცველმა აღსრულების ბიუროს ზამთარში გამოსახლების შეზღუდვაზე წინადადებით მიმართა

2024 წლის 7 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა – ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას.

სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული პრინციპებისა და უფლებების ინტერპრეტაცია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გამოსახლების პროცედურამ უზრუნველყოს საპირისპირო ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხელი არ შეუწყოს გამოსასახლებელ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას.