ახალი ამბები

გაიცანით 10 წლის ილია საყვარელიძე თელავიდან, რომელიც ხელნაკეთ სამკაულებს ქმნის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრები, 10 წლის, ილია საყვარელიძე ხელნაკეთ სამკაულებს ქმნის.

ის ბუნებრივი ქვებისგან სამაჯურებს ამზადებს და ინტერნეტის საშუალებით ყიდის. როგორც თავად ამბობს, ნამუშევრებს სკოლის შემდეგ, თავისუფალ დროს, ამზადებს და აცხადებს, რომ ეს მისთვის საყვარელი საქმეა. ილია ასევე ამბობს, რომ საყვარელი საქმის კეთებაში მას ოჯახის წევრები, ეხმარებიან, რომლებიც ასევე ხელნაკეთი ნივთების და დეკორატიული სანთლების დამზადებით არიან დაკავებული.

,,ვსწავლობ თელავის მე-8 სკოლაში. ერთი წლის წინ, სახლში ვნახე სამაჯურების დასამზადებელი მასალა, ოჯახის წევრებს ჰქონდათ მოტანილი. დავინტერესდი და ერთი ცალი სამაჯური, საცდელად, გავაკეთე. სკოლაში მეგობრებს ძალიან მოეწონათ და მკითხეს, სად იყიდეო. სწორედ ამან გადამაწყვეტინა გამეკეთებინა სხვა სამაჯურები და გამეყიდა. ჩემი ოჯახის წევრები ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა ფორმის დეკორატიულ, სურნელოვან სანთლებს ამზადებენ. ჩემი და აკეთებდა სამაჯურებს ადრე და სწორედ მისი მორჩენილი სამუშაო მასალიდან დავიწყე სამაჯურების დამზადება, ჩემი დიზაინით’’,- აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ილია საყვარელიძე.

ახალგაზრდა ამბობს, რომ ძირითადად ამზადებს კლასიკურ სამაჯურებს, რომლის გასაკეთებლადაც იყენებს ნატურალურ ქვებს.

,,მუშაობისას ძირითადად კლასიკურს სამაჯურებს ვანიჭებ უპირატესობას, ეს სხვებსაც ძალიან მოსწონთ. სხვადასხვა ფერის ნატურალურ ქვებს ვიყენებ, არც ძნელია ასაწყობად და ძალიან ლამაზად გამოიყურება. ამ დროისთვის გაყიდული მაქვს 15-20 ნამუშევარი და ეს ჩემთვის სტიმულის მომცემია. გარდა ამისა, ჩემი ნამუშევრები თელავში, ერთ მაღაზიაში იყიდება, რომელიც ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს. ასევე იყიდება თბილისში, არტ კაფეში. ვისაც სურვილი აქვს ჩემი სამაჯური შეიძინოს, დედას სწერენ ფეისბუქ გვერდზე, სადაც მისი ხელნაკეთი სანთლები იყიდება და მერე მე ვაკეთებ შესაბამისი ფერის და დიზაინის სამაჯურს’’,- აცხადებს ილია.

ილია ასევე სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სურვილი აქვს გააკეთოს მეტი ხელნაკეთი სამაჯური, რომ მეტი შემოსავალი ჰქონდეს.

,,მინდა მეტი სამაჯური დავამზადო და მერე გავყიდო. რამდენიმე დღის წინ, ჩემი ნამუშევრების ფოტოები გამოვაქვეყნე ფეისბუქ ჯგუფში ,,აწარმოე ქართული“. ამ ჯგუფში ბევრი ადამიანია და სწორედ მისი დახმარებით რამდენიმე შეკვეთაც მივიღე. მომავალში მინდა, რომ გავაკეთო სოციალური გვერდი, სადაც მივიღებ შეკვეთებს და დამზადებული ნივთების ფოტოებს დავდებ. მინდა მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩემს შესახებ’’,- აცხადებს ილია.