როდის გაიხსნება კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალი
,,2024 წელს რეაბილიტირდება არანაკლებ 400 კმ-ზე მეტი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. ინტენსიური სამუშოები მიმდინარეობს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ისტორიული პროექტის განვითარებისათვის, რომლის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2023 წელს გაიხსნა. 2024 წელს გაიხსნება რიკოთის დარჩენილი მონაკვეთებიც. ამ ეტაპზე 97 ხიდიდან აშენებულია 89, ხოლო 51 გვირაბიდან გაჭრილია 50.
გრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები კახეთის მიმართულებითაც. 2024 წელს დასრულდება თბილისი-საგარეჯოს 31 კმ-იან და ბაკურციხე – წნორის 16.6 კმ-იან მონაკვეთები. ასევე, გაგრძელდება 2023 წელს დაწყებული საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის დასრულება 2025 წელს იგეგმება.
,,2024 წელს დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობა და ჯამში, 2024 წელს მოძრაობა გაიხსნება აღმოსავლეთ-დასავლეთისა და კახეთის მაგისტრალის 90 კმ მაგისტრალურ გზაზე. შესაბამისად, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას უკვე, დაახლოებით, 3 – 3.5 საათი დასჭირდება და თითქმის განახევრდება კახეთის მიმართულებით გადაადგილების დროც“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
თავის გამოსვლაში მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მაღალი ტემპით გრძელდება ქვეშეთი-კობის პროექტის გნავითარება, სადაც წელს დასრულდება 9 კმ-ის სიგრძის 15 მ დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრის სამუშაოები. ასევე, გაიჭრება მთავარი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბიც. პროექტი, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2024 წელს, ასევე, დასრულდება გომბორის 33 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და დაიწყება ომალოს მიმართულებით მიმდინარე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტების ეტაპობრივი დასრულდება. საერთო ჯამში, კი 2024 წელს რეაბილიტირდება არანაკლებ 400 კმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა.