წელს საქართველოს ევროკავშირის ერთიან სატრანზიტო სისტემაზე მიერთება იგეგმება
საქართველო ევროკავშირის ერთიან სატრანზიტო სისტემაზე მიერთებისთვის ემზადება. კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ (NCTS) დანერგვა ეროვნულ დონეზე საქართველომ გასული წლიდან დაიწყო, მიმდინარე წლიდან კი იგეგმება ამ სისტემაზე მიერთება, რაც საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი ერთი ტრანზიტის დეკლარაციით და ერთი გარანტიით შეუფერხებლად განახორციელონ ტვირთებს გადაზიდვა როგორც ევროკავშირის, ასევე საერთო ტრანზიტის კონვენციის წევრ სხვა ქვეყნებშიც. ჯამში საუბარია 36 ქვეყანაზე.
„თითოეულ ექსპორტიორს საშუალება ექნება, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ერთი დოკუმენტის საფუძველზე ევროპის კონტინენტზე არსებულ 36 ქვეყანაში შეუფერხებლად, ფაქტობრივად გაჩერების გარეშე გაიტანოს ტვირთი და ეს იქნება ჰარმონიზებული ყველა ამ 36 ქვეყანასთან მიმართებით არსებული საბაჟო პროცედურების შესაბამისად.
ამაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს და ვფიქრობ, მიმდინარე წლის ბოლომდე უკვე ეს შესაძლებელი უნდა იყოს. იყო შესაბამისი მისია ჩამოსული ევროკავშირიდან, რომელმაც შეაფასა შესაბამისი სისტემები, ახლა მიდის საბოლოო დახვეწა. საკანონმდებლო ჩარჩო ფაქტობრივად უკვე შესრულებულია“,- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.
საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული „DCFTA-ით“ გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილია. ეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს, რომელიც საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება.
ეს სტატუსი კომპანიებს გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას მცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით სრულდება. ეს სტატუსი საქართველოში დღეს მხოლოდ 8 კომპანიას აქვს. ფინანსთა მინისტრი ბიზნესს ამ მიმართულებით აქტიურობისკენ მოუწოდებს.