აღდგეს კახეთის რკინიგზა -,,სამოქალაქო დარბაზის“ კამპანია
არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,სამოქალაქო დარბაზი“ კახეთის რკინიგზის აღდგენის მოთხოვნით კამპანია დაიწყო.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სახის აქტივობების განხორციელებას გეგმავენ და როგორც ონლაინ, ისე პირისპირ, მოქალაქეებთან შეხვედრებს გამართავენ. რკინიგზის აღდგენის მოთხოვნის კამპანია ორგანიზაციის თანამფუძნებლის, ალექსანდრე ქავთარაძის ინიციატივით რამდენიმე თვის წინ დაიწყო და კამპანია ამ ეტაპზე თემის ონლაინ პლატფორმების მეშვეობით გააქტიურების ფაზაზეა.
რა აქტივობები იგეგმება და რის გაკეთებას აპირებს კამპანიის ფარგლებში ორგანიზაცია, ამ საკითხზე knews.ge-მ ინიციატივის ავტორთან, ალექსანდრე ქავთარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
როდის დამუშავდა აღნიშნული ინიციატივა და მანამდე, სანამ კამპანიას დაიწყებდით, რა სახის აქტივობები განახორციელეთ?
ჩვენი ორგანიზაცია – ,,სამოქალაქო დარბაზი’’ – 2019 წელს დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება თბილისს გარეთ არსებული ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა გახლავთ. ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონების განვითარებაში და კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთოთ არსებული გამოწვევების და პრობლემების მოგვარებაში. ჩვენი აზრით, სწორედ რეგიონების განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ გასაღებს. სწორედ აქედან გამომდინარე მიიქცია ჩვენი ყურადღება კახეთის რკინიგზის საკითხმა. რკინიგზის აღდგენის მოთხოვნის კამპანია ჩემი ინიციატივით დაიწყო რამდენიმე თვის წინ და ამ ეტაპზე თემის ონლაინ პლატფორმების მეშვეობით გააქტიურების ფაზაზეა, თუმცა ვგეგმავთ დამატებით აქტივობების განხორცილებასაც.
თქვენი აზრით, როგორ შეიძლება აღნიშნული ინიციატივის განხორციელება და ვინ უნდა იყოს ამ პროცესში აქტიურად ჩართული?
კახეთის რკინიგზის აღდგენის მოთხოვნით დაწყებულ კამპანიაში ჩასართავად ყველა თანამოქალაქეს ვეპატიჟებთ, თუმცა მნიშვნელოვნად და ლოგიკურად მიგვაჩნია კამპანიაში კახეთის სათემო თუ ახალგაზრდული ცენტრების, ადგილობრივი მედია საშუალებების და აქტივისტების აქტიური ჩართულობა. ამ მიმართულებით ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვგეგმავთ კონსულტაციებს და იმედი გვაქვს, რომ ერთად დავგეგმავთ არაერთ აქტივობას.
ამ საკითხზე მოქალაქეების ინფორმირებისთვის რა სახის აქტივობებს ახორციელებთ?
ამ ეტაპზე ჩვენი ონლაინ პლატფორმების გამოყენებით ვაწარმოებთ კამპანიას, თუმცა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მედიის ჩართულობა და ამ მხრივ, გვახარებს ,,კახეთის ხმის’’ გამოხმაურებაც, რომელიც აქამდეც აშუქებდა კახეთის რკინიგზის საკითხს. ამ კამპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან, რომელთა აქტიური ჩართულობის იმედი გვაქვს. კამპანიის წარმატების საწინდარიც და შესაბამისად, კახეთის რკინიგზის აღდგენის საკითხიც პირდაპირ კავშირშია მოქალაქეების და პირველ რიგში, კახეთის მოსახლეობის მხრიდან, ამ საკითხის აქტიურად დაყენება ყველა დონეზე.
თქვენი აზრით, რატომ ჭირდება კახეთის რეგიონს რკინიგზა, რაში დაეხმარება მისი აღდგენა და რა პრობლემებს მოაგვარებს?
ჩემი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. ჩამოვთვლი რამდენიმე მიზეზს: კახეთი ტერიტორიულად ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი რეგიონია. ის ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს საქართველოში. კახეთში ერთ-ერთ მზარდ სექტორს წარმოადგენს ტურიზმი. რეგიონის მოსახლეობა ბოლო მონაცემებით დაახლოებით 400,000-მდე ადამიანს შეადგენს. აქ 9 ქალაქი და 276 სოფელია. შესაბამისად, კახეთისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რეგიონი რკინიგზით დაუკავშირდეს დედაქალაქს, ქვეყნის სხვა კუთხეებსა და შესაბამისად, ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს. ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ კახეთთან დამაკავშირებელ მთავარ სატრანსპორტო საშუალებებს დღეს წარმოადგენენ: კერძო მანქანები, ტაქსები და მიკრო-ავტობუსები. რეგიონის მოსახლეობის მიმოსვლისთვის, ადგილზე გრძელვადიანი ცვლილებებისთვის, ტვირთბრუნვისა და კახეთის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გასაზრდელად, მნიშვნელოვანია რეგიონს გააჩნდეს სარკინიგზო მიმოსვლა. აგრეთვე, რეგიონში გაჩნდება ,,მწვანე’’, ეკოლოგიურად გაცილებით უფრო უსაფრთხო და გარემოსთვის ნაკლები ზიანის მომტანი სატრანსპორტო საშუალება.
იმისთვის, რომ ამ საკითხით შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ, რა სახის აქტივობებს გეგმავთ სამომავლოდ?
ვგეგმავთ კახეთის სხვადასხვა სოფლებში, დაბებსა თუ ქალაქებში დაინტერესებულ პირებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს – განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც რკინიგზა ფუნქციონირებდა. ვაპირებთ არაერთი საინფორმაციო ვიდეოს თუ აუდიო მასალის ჩაწერას. ასევე, კახეთის რკინიგზასთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების მოძიებას და აქტიურად გავრცელებას, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ აღნიშნული საკითხით. მეტი ადამიანის დაინტერესება ავტომატურად ნიშნავს, შესაბამისი სამსახურების და გადაწყვეტილების მიმღები პირების დაინტერესებას და ამ პროცესების დაჩქარებას. კახეთის რკინიგზასთან მიმართებით შეუსრულებელი დაპირებების დრო აღარ არის. ჩვენ ყველამ უფრო აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ.