შესაძლოა სამოგზაურო დაზღვევა გაძვირდეს
ზედამხედველმა სადაზღვევო სექტორს სამოგზაურო დაზღვევის მინიმალური სტანდარტი დაუწესა.
სამოგზაურო დაზღვევის პირობების მინიმალური მოთხოვნების მიხედვით, გაიზარდა დაზღვევის მომსახურების ლიმიტები. მაგალითად, თუ აქამდე სამოგზაურო დაზღვევის ჯამური ლიმიტი 30 000 ევროს/დოლარს ან მეტს შეადგენდა და გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებაზე გათვლილი იყო 1000-2000 ევრო, მიღებული ცვლილებით ეს ზღვარი 5 000 ევრომდე იზრდება.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში არ გამორიცხავენ, განხორციელებულმა ცვლილებებმა სამოგზაურო დაზღვევის პოლისების ფასის ზრდა გამოიწვიოს, თუმცა ეს მათი მტკიცებით, მნიშვნელოვანი ზრდა არ იქნება. სამოგზაურო დაზღვევის მინიმალური სტანდარტები ძალაში 15 იანვრიდან შევიდა.
“ზედამხედველობის სამსახურმა გადაწყვიტა, მიღებული ანალიზის შედეგად და საზღვარგარეთ არსებული მაღალი სამედიცინო ტარიფების გათვალისწინებით, დაედგინა ისეთი ტიპის სამოგზაურო დაზღვევის მინიმალური სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მოგზაურობის დროს იმ მინიმალურ დაცვას, რაც შეიძლება აუცილებელი გახდეს გადაუდებელი, გაუთვალისწინებელი სამოგზაურო შემთხვევების დროს.
ჩვენი სამსახური არ არეგულირებს ფასების წარმოქმნას, თუმცა რა თქმა უნდა გვაქვს მოლოდინი იმის, რომ შესაძლოა შეიცვალოს ფასები, რაშიც გაზრდას ვგულისხმობ, თუმცა მოლოდინი არ არსებობს ბაზარზე არსებული კონსულტაციების შედეგად მათ შორის, რომ ეს ცვლილება იქნება ხელშესახები და მნიშვნელოვანი.
ცვლილება შეიძლება იყოს რიგ შემთხვევაში, თუმცა ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში შეიძლება არც შეიცვალოს ტარიფები, ვინაიდან ზოგიერთი კომპანიის პირობები ისედაც აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ვისაც მოუწევს დაფარვების და ლიმიტების გაზრდა, მათთან სავარაუდოდ, კორექტირება მოხდება“,-აცხადებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური სამმართველოს უფროსი მარიამ კოშორიძე.
სამოგზაურო დაზღვევის პირობების მინიმალური მოთხოვნები:
თუ სამოგზაურო დაზღვევის ჯამური ლიმიტი ტოლია ან აღემატება 30,000 (ოცდაათი ათასი) ევროს/აშშ დოლარს:
ა) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ევროსი/აშშ დოლარისა (ძირითადად ლიმიტი იყო 1000 – 2000 ევრო/დოლარი);
ბ) გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ 30,000 (ოცდაათი ათასი) ევროსი/აშშ დოლარის (დადგენილი იყო დღიური ლიმიტი, 150-1000-მდე; უმეტესად 400 ევრო/აშშ დოლარი);
თუ სამოგზაურო დაზღვევის ჯამური ლიმიტი ნაკლებია 30,000 (ოცდაათი ათასი) ევრო/აშშ დოლარზე:
ა) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ლიმიტი, უნდა განისაზღვროს არანაკლებ ჯამური ლიმიტის 10%-სა, მაგრამ, არანაკლებ 1 000 ევროსი/დოლარის (ძირითადად ლიმიტი იყო 1000-ის ფარგლებში);
ბ) გადაუდებელი ქირურგიული მომსახურება უნდა იყოს ჯამური ლიმიტის (სადაზღვევო თანხა) ტოლი (დადგენილი იყო დღიური ლიმიტი: 150 და 400);
სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც დადგა და გრძელდება სადაზღვევო პერიოდის დასრულების შემდეგ:
ა) თუ მომსახურების გამწევის მიერ, სამედიცინო მომსახურების ხარჯი იანგარიშება ერთიანი ტარიფით, უნდა ექვემდებარებოდეს ანაზღაურებას სრულად, შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში;
ბ) თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯი იანგარიშება დღიურად, ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს, სადაზღვევო პერიოდის დასრულებიდან არანაკლებ 15 დღის ხარჯი.
მანამდე ძირითადად შემთხვევებში, ანაზღაურება სრულდებოდა მხოლოდ სადაზღვევო პერიოდთან ერთად.