რა იწვევს სასამართლო დავების გაჭიანურებას საქართველოში-კვლევა
საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვის გაჭიანურების გამომწვევი მიზეზების შესახებ დემოკრატიის ინდექსი – საქართველომ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა.
დოკუმენტი დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფთან თანამშრომლობითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა. კვლევის პროცესი მოიცავდა ინტერვიუს 30-ზე მეტ პრაქტიკოსთან. გამოიკითხა 200-მდე რესპონდენტი, მათ შორის მოსამართლეები, ადვოკატები, არბიტრები, საჯარო უწყებების იურისტები. შესწავლილ იქნა არსებული ნორმატიული რეგულაციები და გაჭიანურებული საქმეები.
დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ციმაკურიძის თქმით, “სასამართლო დავების განხილვის გაჭიანურება და მოსამართლეთა გადატვირთულობა მრავალი წელია აღიარებული პრობლემაა, თუმცა აქამდე არ იყო ცნობილი ის კონკრეტული მიზეზები, თუ რა იწვევს მოქალაქეების მიერ მართლმსაჯულების დროულად მიღების შეფერხებას და მოსამართლეთა გადატვირთულობას.“ კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მაია ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ძირითადად ჭიანურდება ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავების განხილვა, ასევე სისხლის სამართლის საქმეები, სადაც ბრალდებულს არ აქვს შეფარდებული პატიმრობა.“
კვლევის თანახმად, „არ არსებობს მოსამართლეთა საჭიროებებზე დაფუძნებული საქმეთა ნაკადის მართვის ერთიანი სისტემა. მოსამართლეებს არ აქვთ დატვირთვის შემსუბუქების მოლოდინი და ერთადერთ მოტივატორად ხალხის წინაშე პროფესიულ პასუხისმგებლობას მიიჩნევენ. არ ხდება მათთვის თანამედროვე მიდგომების გაცნობა, პერიოდული გადამზადება, ტექნოლოგიებით და დამხმარე ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა.“
კვლევაში ასევე საუბარია საქართველოს საპროცესო კანონმდებლობაზე, რომელიც მოძველებულია და არ შეიცავს საქმეთა ნაკადის ეფექტიანი მართვის და მოსამართლეთა განტვირთვის საკმარის რეგულაციებს. „რიგ შემთხვევებში, მოსამართლეები არაეფექტიანად იყენებენ სხდომათა გადადების პრევენციის არსებულ საკანონმდებლო მექანიზმებს, და ხშირ შემთხვევაში ადვოკატებიც წარმატებით ახერხებენ სხდომების გაჭიანურებას, რადგან არ არსებობს პროცესის განზრახ გაჭიანურებაზე მათი პროფესიული პასუხისმგებლობის მექანიზმი. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მექანიზმს, რომლითაც მოქალაქე მოახერხებს პროცესის დაჩქარებას ან საქმის გაჭიანურებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.“
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემა სათანადოდ არ უწყობს ხელს დავის ალტერნატიული მექანიზმების (მედიაცია, არბიტრაჟი) განვითარებას, რამაც მოსამართლე, შესაძლოა, მნიშვნელოვნად განტვირთოს.