პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი თელავში პენსიონერებს შეხვდა
პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი თელავში პენსიონერებს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატი კახეთში იურისტების გუნდთან ერთად ჩავიდა და საპენსიო სესხებთან დაკავშირებით პენსიონერებს იურიდიული კონსულტაცია გაუწია.
მათივე განმარტებით, შეხვედრის მიზანია პენსიონერებზე გაცემული და კოვიდ პანდემიის დროს ე.წ. საშეღავათო პერიოდისას, დროში გახანგრძლივებული და თანხობრივად გაზრდილი სესხების ძველ ჩარჩოებში დაბრუნება, აგრეთვე, ე.წ.ოვერდრაფტების ცვლილება.
„აღსანიშნავია, რომ პენსიონერების პრაქტიკულად უმეტეს ნაწილს, რომელსაც ე.წ. ოვერდრაფტი აქვს დამტკიცებული, ბანკმა კარგად არ აუხსნა, თუ რასთან ჰქონდათ საქმე. პენსიონერები საბანკო მანიპულაციის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ და ვერ ახერხებენ საბანკო ჭაობიდან თავის დაღწევას. სამწუხაროდ, არც „ლიბერთი ბანკი“ და არც სახელმწიფო არაფერს აკეთებს უამრავი პენსიონერის პრობლემის გადასაჭრელად“, – აღნიშნავენ პარტიაში.
„პენსიონერების არსებობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია „ლიბერთი ბანკმა“ დააბრუნოს ვალი ძველ ჩარჩოში და პენსიონერებს ვალები დაუკორექტიროს ისე, რომ ამ ადამიანებს ზედმეტის გადახდა აღარ მოუწიოთ. ვისაუბრეთ მასშტაბური პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და კონკრეტულ ნაბიჯებზე. ადგილზევე გუნდის იურისტების დახმარებით, პენსიონერებს გავუწიეთ კონსულტაცია, დავეხმარეთ განცხადებების მომზადებაში და ბანკში შევიტანეთ, ახლა ველით რეაგირებას და მზად ვართ შემდგომი ნაბიჯებისთვის. უამრავი პენსიონერი უკიდურესად დააზარალა ამ ვითომდა „საშეღავათო პერიოდმა“, ეს ადამიანები იღებენ იმ პენსიის მცირე ნაწილს, რომელიც ისედაც ვერ სწვდება ასაკოვანი ადამიანების საჭიროებებს. მათი არსებობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია „ლიბერთი ბანკმა“, დააბრუნოს ვალი ძველ ჩარჩოში და პენსიონერებს ვალები დაუკორექტიროს ისე, რომ ამ ადამიანებს ზედმეტის გადახდა აღარ მოუწიოთ. უკვე არსებობს არაერთი პრეცედენტი, რომ ჩვენი ჩართულობით მოხერხდა სესხის ძველ ჩარჩოში დაბრუნება და დასრულება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი პენსიონერების ყოფა შევამსუბუქოთ. რამდენიმე თვეა დავდივართ რეგიონებში, ვატარებთ შეხვედრებს თბილისში, ვხვდებით პენსიონერებს და ვცდილობთ დავეხმაროთ, რომ გაუმკლავდნენ ლიბერთი ბანკის ძარცვას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, „ლიბერთი ბანკს“ აქვს ორნაირი სქემა, როგორ გაძარცვოს პენსიონერები, ეს არის ე.წ. ოვერდრაფტი და ეგრეთწოდებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, რაც რეალურად, რამდენიმე წლით სესხის ვადის გახანგრძლივება აღმოჩნდა. ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ მთავარი მოთხოვნაა, გაუნულდეთ პენსიონერებს ის სესხები, რაც მოტყუებით მისცეს“ ,- აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.
პარტიის ცნობით, დეპუტატის ინიციატივით და გუნდის იურისტების დახმარებით, პენსიონერებთან უკვე შედგა ანალოგიური შეხვედრები თბილისში, გორსა და ქუთაისში. აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ბანკში 300 მდე პენსიონერის წერილი შევიდა. ქუთაისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეებისა“ და დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის დახმარებით 500 მდე განაცხადი მომზადდა, გორში გამართული შეხვედრისას ბანკს 200-მდე განცხადებით მიმართეს.
„აღსანიშნავია, რომ საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პრობლემის და „ოვერდრაფტების“ გარდა, იკვეთება არაერთი სხვა სასესხო პრობლემაც, მათ შორის სესხის პროცენტთან დაკავშირებით. პენსიონერების ნაწილი ითხოვს სესხის პროცენტის შემცირებას, გადახდის გრაფიკის ცვლილების გარეშე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.