გაიცანით ბექა კარდენახიშილი ველისციხიდან, რომელიც ხელოვნების ნიმუშებს ქმნის
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები 42 წლის ბექა კარდენახიშვილი, თავისი ხელით აწყობილი 3D დანადგარის დახმარებით ხელოვნების ნიმუშებს ქმნის.
ბექა ამბობს, რომ წლებია ხეზე მუშაობს და სკამებს აწყობს, თუმცა აღნიშნული მიმართულებით საქმიანობა 3 წლის წინ დაიწყო. მისი განმარტებით, ახალი ტექნოლოგიის დახმარებით, ხისგან ხელოვნების ნიმუშების შექმნა youtube-ს ერთ-ერთ ვიდეოში ნახა, რომლის შემდეგაც გადაწყვიტა ისინი თავადაც შეექმნა.
ის ამბობს, რომ დანადგარისთვის საჭირო ნაწილები ჩინეთიდან გამოიწერა, თავად ააწყო, ისწავლა პროგრამირება და საყვარელი საქმის კეთება დაიწყო.
,,ეს საქმიანობა დავიწყე 2-3 წლის წინ. თავდაპირველად ეს youtube-ზე ვნახე, როგორ აკეთებდნენ ნამუშევრებს და ძალიან მომეწონა. ამის შემდეგ დანადგარისთვის საჭირო მასალები ჩინეთიდან გამოვიწერე და თავად ავაწყე. ასევე ვისწავლე პროგრამირება.
ამ საქმეში მთავარი არის არა დანადგარი, არამე პროგრამირება და დაგეგმვა. ინტერესი ისედაც მქონდა და გარდა ამისა, ეს თანამედროვე ტექნოლოგიით კეთდება და ძალიან მომწონს’’,- განუცხადა knews.ge-ს ბექა კარდენახიშვილმა.
ბექა ამბობს, რომ აღნიშნული საქმიანობა მისთვის უფრო ჰობია ვიდრე ბიზნესი.
,,ამ ეტაპზე ამას უფრო ჰობის სახე აქვს ვიდრე ბიზნესის. ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებ ნამუშევრებს და არა გასაყიდად. მე ჩემი საქმე მაქვს, ხისგან სკამებს ვაკეთებ და როცა თავისუფალი დრო მაქვს, ამ საქმეს მაშინ დავუჯდები ხოლმე. რაც შეეხება სირთულეს, მთავარი სამუშაო პროგრამირების კუთხით არის გასაკეთებელი. რაც შეეხება დანადგარს, ის თავისით ასრულებს ბრძანებებს. დავამაგრებ ფიცარს და აკეთებს ნამუშევარს.
შეიძლება ერთი ნამუშევარი შეიქმნას 7 საათში, ზოგს კი შეიძლება დასჭირდეს 3 დღეზე მეტიც. ამ დროისთვის 3 ნამუშევარი მაქვს გაყიდული. გააჩნია ნამუშევრის სირთულეს. რაც დიდია ნამუშევარი ზომით მით მეტი დრო სჭირდება მას დასამზადებლად’’,- აცხადებს ბექა.
ბექა ასევე განმარტავს, რომ ამ დროისთვის 40-მდე ნამუშევარი აქვს, რომელიც სხვადასხვა სახის და თემატიკისაა.
,,ბევრ თემატიკაზე მაქვს ნამუშევარი: არის ხატები, ცხოველები, პეიზაჟები. ეს ნამუშევრები საკმაოდ ძვირადღირებულია, რადგან დიდი შრომაა ჩადებული მის დამზადებაში. ამიტომ ნაკლები მსურველია ყიდვის.
თბილისში უფრო შეიძლება გაყიდვა, უბრალოდ არ მიცდია. ამ დროისთვის 40-მდე ნამუშევარი მაქვს მომზადებული და ძირითადად ახლობლებზე ვაჩუქებ.’’