ვის შეეხება სახელმწიფო მიწების უკანონოდ მითვისებისთვის დაგეგმილი ამნისტია
რამდენიმე კვირის წინ, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, ამნისტია გამოცხადებულიყო საქმეებზე, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უკანონოდ დარეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს შეეხება. ინიციატივა კანონპროექტად უკვე იქცა და საქართველოს პარლამენტშია ინიცირებული.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე (თაღლითობის) და 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება, გამოყენება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს.
კანონპროექტის თანახმად, ამნისტია ვრცელდება ყველა იმ პირზე, რომელმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. თუმცა ამნისტია არ ვრცელდება საჯარო მოხელეებზე, ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო კომერციული იურიდიული პირების თანამშრომლებზე და მათ მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულებზე, აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე.
კანონპროექტით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს – დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის გზით.
პირი, რომელზეც კანონპროექტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება. კანონპროექტის თანახმად, ამნისტია 2025 წლის 1 იანვრამდე აღსრულდება.