ახალი ამბები

როგორ მიმდინარეობს „რთველი 2023“ კახეთში – ინტერვიუ ლევან მეხუზლასთან

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის  0,20 ლარს. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი და ყურძნის მოსავალი.

ამჟამად, კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. მოსავალი 10 ათასზე მეტმა მევენახემ უკვე ჩააბარა.  დღევანდელი მონაცმებით, 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. აქედან 50 ათას ტონამდე რქაწითელი, 45 ათასი ტონა საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვა ჯიშის ყურძენია. 

რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს „რთველი 2023“-ს შტაბისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ, ლევან მეხუზლასთან.

-ბატონო ლევან, რა ეტაპზეა ამ დროისთვის რთველი კახეთში?

-რთველის პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. დაახლოებით 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული მთელი კახეთის მასშტაბით. ძალიან აქტიურობს კერძო სექტორი,  ბევრი კერძო ქარხანა იბარებს ყურძენს. მათ შორის დასეტყვილ ყურძენს იბარებს სახელმწიფო საწარმოები, რომელიც 10-მდე ლოკაციაზეა გახსნილი. კერძო ქარხნებს რაც შეეხება, 200-მდე საწარმოა გახსნილი მთელი კახეთის მაშტაბით და აქტიურად მიმდინარეობს ხარისხიანი ყურძნის გადამუშავება.


-გასულ წელთან შედარებით, წელს ყურძენს უფრო მაღალი ფასი აქვს, რა ღირს რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძენი?

-კი, განსაკუთრებით ეს შეეხება რქაწითელის ჯიშის ყურძენს, ვინაიდან წელს როგორც მოგეხსენებათ, ვენახებისთვის საკმაოდ არასახარბიელო პირობები იყო. ჯერ ჭრაქის პრობლემა იყო ზაფხულში გაუთავებელი წვიმების გამო და შემდგომ ნაწილობრივ ზოგიერთ სოფელში დაისეტყვა კიდეც. აქედან გამომდინარე, თეთრ ყურძნეზე მოთხოვნა მზარდია  და ხარისხიანი ყურძენი 1.05- 1.10 –  დაახლოებით ამ ფასებში ბარდება მასიურად და ლარზე ქვემოთ, პრინციპში, ხარისხიანი ყურძენი არ ჩამოსულა წელს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ნასეტყვს, რომელსაც 90 თეთრად იბარებს სახელმწიფო.

საფერავის ღირებულება დაახლოებით შარშანდელის ფასებში მერყეობს 1.40 ლ. – 1.50 ლ. უფრო დაფასებულია ყვარლის, ანუ ქინძმარაულისთვის განკუთვნილი საფერავი, რომლის ფასი 1.60-1.70 ლარია.

 

-ბატონო ლევან, რამდენიმე დღის წინ სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. ცნობილია ისიც, რომ სახელმწიფო ზარალს აუნაზღაურებთ. ამის გარდა, კვლავ თუ შეუძლიათ მათ დაზიანებული ყურძნის ჩაბარება.

-რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ჯერ კიდევ პირველი დასეტყვის დროს გამოაცხადა, რომ სრულად გადავამუშავებთ ამ დასეტყვილ ყურძენს. რა თქმა უნდა, მათ შორის, ის ყურძენიც, ვისაც შერჩა რამე ყვარელში მოსული სეტყვის შემდეგ, შეუძლიათ მოიტანონ და სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად.


-ბატონო ლევან, რთველის პროცესი რომ შეაჯამოთ:  ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტებში და როდის დასრულდება ყურძნის ჩაბარება?

-ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, რთულია პროგნოზირება, თუმცა, ტრადიციულად რთველი კახეთში ოქტომბრის შუა რიცხვებში სრულდება ხოლმე. 

ვიტყოდი, რომ წლევანდელი რთველი საკმაოდ კარგად დაიწყო დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. თუმცა, შემდგომ მოხდა ორი სამწუხარო სეტყვა, რომელმაც არასასიამოვნო დაღი დაასვა ამ ყველაფერს. იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი მოვლენა აღარ განმეორდება და წარმატებით დასრულდება რთველი. ბოლოს მოგეხსენებათ, რთველში ერთვება ხოლმე საგარეჯოს მუნიციპალიტეტი და როგორც აღვნიშნე, დაახლოებით 15-20 ოქტომბრისკენ კახეთში  რთველი სრულდება.

 

-და ბოლოს: ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას.  ამ მიმართულებით რა სიახლე გაქვთ? 

-ღვინის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ სტრატეგიულ ბაზრებზე ვმონაწილეობთ სხვადასხვა გამოფენებში, ღვინის წარდგენებსა და დეგუსტაციებში. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ პროგრამის არის სტუმრების ჩამოყვანა, მასპინძლობა. სტუმრებში ვგულისხმობ ღვინის სპეციალისტებს, პოტენციურ შემსყიდველებს, იმპიორტიორებს. მაგალითად, ამ რთველის განმავლობაში უკვე სამი ქვეყნიდან გვყავდა სტუმრები. ეს არის, გერმანია, დიდი ბიტანეთი, აშშ. ასევე, უახლოეს პერიოდში ველოდებით სტუმრებს ჩინეთიდან. აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით და დარწმუნებული ვართ, ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს: ქართული ღვინო კიდევ უფრო ცნობადი გახდება მსოფლიო ბაზარზე და კიდევ უფრო მოიმატებს ქართული ღვინის რეალიზაცია.