საქართველოში მალე სურსათის ბანკი ამოქმედდება- რას ფიქრობენ კახეთში
საქართველოში მალე სურსათის ბანკი შეიქმნება. ინიციატივის ფარგლებში რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სურვილის შემთხვევაში საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ.
შესაბამისი კანონმდებლობის დარეგულირებასა და სისტემის გამარტივებაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს. პროექტს სამი მხარე ეყოლება: რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები, საქველმოქმედო ორგანიზაციები და სახელმწიფო.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, ჯუბა მარუაშვილი აცხადებს, რომ FAO-მ სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, ასევე, სურსათის შეწირულობის საკითხების მოკვლევა საქართველოში ოთხი წლის წინ დაიწყო – მაშინ გაჩნდა იდეაც, რომ აქაც ამუშავებულიყო სისტემა – ე.წ. სურსათის ბანკი, სადაც მოგროვდებოდა ორგანიზებულად შეწირული საკვები პროდუქტი.
,,სურსათის ბანკი ორგანიზებული იურიდიული პირია. ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში მიდის, მას მიენიჭება სურსათის ბიზნესოპერატორის სტატუსი, რომელიც ორგანიზებას უწევს სურსათის შეწირულობას და მის გადანაწილებას იმ მოსახლეობაზე, ვისაც სურსათის მიღების სურვილი ექნება. ეს ორგანიზებული სისტემაა, რომელიც გულისხმობს შეწირული სურსათის ორგანიზებას და დახლზე განთავსებას. მისივე პასუხისმგებლობაა ამ სურსათის უვნებლობაც. ეს იქნება ძირითადად მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისაც ეს სჭირდება, თუმცა დაწესებული შეზღუდვა არ იარსებებს – ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეცოდინება, სად მდებარეობს სურსათის ბანკი, შეეძლება შეწირული სურსათის მიღება. პროცესში ერთვება კერძო სექტორი, ხოლო მათ წასახალისებლად ახალ კანონში ფისკალური შეღავათები ჩაიდება”,- განაცხადა ჯუბა მარუაშვილმა.
პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ სისტემა გულისხმობს კარგი ევროპული პრაქტიკის გადმოღებას საქართველოში. მისი თქმით, მათ ამ კანონპროექტზე მუშაობა FAO-სთან ერთად დაიწყეს, უცხოელი ექსპრტების ჩართულობით. მისივე თქმით, პროექტი არ მოიცავს მხოლოდ სოციალურად დაუცველთა სურსათით დაკმაყოფილების იდეას, რადგან სტატუსის გარდა, ბევრი ადამიანია, ვისაც ამისი საჭიროება აქვს.
„სისტემა გულისხმობს კარგი ევროპული პრაქტიკის გადმოღებას საქართველოში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთის მხრივ, სურსათი, რომელიც არ არის საფრთხის შემცველი და გამოსაყენებელია მოხმარებისთვის, გადაეცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამისი საჭიროება აქვთ და მოხმარებული იყოს საქველმოქმედო მიზნებისთვის და ამავდროულად შევამციროთ სურსათის დანაკარგები, რომლებიც ახლა სისტემატიზებული არ არის“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
აღნიშნულ საკითხს დადებითად აფასებენ კახეთში მცხოვრებლები. თელავში მცხოვრები ეკა ძებისაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ინიციტივის შემთხვევაში ის მზად არის სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად გაიღოს სხვადასხვა სახის პროდუქტები.
,,ძალიან კარგი იქნება თუ შეიქმნება ასეთი ჯგუფი, რომელიც მოსახლეობაში მოაგროვებს სხვადასსხვა სახის მზა თუ გასამზადებელ პროდუქტს, დაახარისხებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიაწვდის. განსაკუთრებით დღესასწაულებზე, ახალ წელს, შობას, სხვა საეკლესიო დღეების დროს, ბევრი პროდუქტები მზადდება სახლში, რომელიც შემდეგ იყრება. ასეთი ოჯახები თუ მოაგროვებენ და სხვებს დაეხმარებიან, ძალიან კარგი იქნება. ჩვენი დახმარებით, ერთ ან ორ ოჯახს, რამდენიმე დღე საკვები ექნება.”
თელავში მცხოვრები ახალგაზრდა ქველმოქმედი, მაცაცო მეგრელიშვილი აცხადებს, რომ სურსათის ბანკის ან გარკვეული ჯგიფის შექმნა, რომელიც საკვებს მოაგროვებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიაწვდის, მნიშვნელოვანია.
,,საქართველოში სურსათის ბანკის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანისათვის, შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი იყოს. დღეს, ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხს შია, ზოგჯერ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრს, პურიც კი არ აქვს. რატომ უნდა იყრებოდეს საკვები ნაგავში? ეს იქნება, შესაძლებლობა, რომ გარკვეული სექტორის წარმომადგენლებს, საკვების არა ჩამოწერის და გადაყრის, არამედ დონაციის საშუალება მიეცემათ. რაც მეტი შესაძლებლობა გაჩნდება იმისა, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ”,- განუცხადა Knews.ge-ს მაცაცო მეგრელიშვილმა.