რა გამოწვევები აქვთ თუშეთში ტურისტულ სეზონზე
თუშეთში ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება. ხეობაში, პანდემიის შემდეგ, ტურისტების რიცხვმა იმატა.
,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის” ხელმძღვანელის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, უცხოელი ტურისტების რიცხვი ადგილობრივებისას აღემატება.
,,პანდემიამდე დაახლოებით 18 ათასამდე ვიზიტორი იყო, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემით კი, 8 ათასამდე გვყვავს მიღებული. ჩვენი ვარაუდით, წელს, დაახლოებით, შარშანდელ მონაცემებს 6-7%-ით გადავაჭარბებთ. ტურისტული სეზონი მთავრდება ოქტომბრის შუა რიცხვებში. ამ დროისთვის თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა, ფაქტობრივად, იკეტება. შესაბამისად, ტურისტების რაოდენობა კლებულობს”.
მისივე ინფორმაციით, თუშეთში დღეისმდგომარებით, 70-მე მეტი საოჯახო სასტუმროა. მათი მთავარი გამოწვევა მობილური და ინტერნეტ კავშირია.
,,დაცული ტერიტორიების შექმნის შემდეგ თუშეთში ინტენსიურად იწყო განვითარება ტურიზმმა. იხსნება საოჯახო სასტუმროები და შესაბამისად, სექტორში დასაქმებულთა რიცხვიც მატულობს.
მთა რთული რეგიონია. ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ტურისტული სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მობილური და ინტერნეტი კავშირია, ეს კი თითქმის კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა. მივმართეთ შესაბამის სამსახურებს და იმედი გვაქვს, მოგვარდება. ტურისტულად ყველაზე დატვირთულია სოფელი ომალო. წყლის პრობლემა არსად არ დგას, წყვეტა არის 2-3 საათიანი, თუმცა როგორც გამოწვევა, საკითხი ასე არ დგას”.
ლადო კახოიძე აღნიშნავს, რომ ხეობაში ეკო ტურიზმი განვითარდა. ვისაც ბუნება უყვარს და ღამის გათევა გარეთ მოსწონს, ქაოტურად ბანაკდებიან მინდვრებში რაც თავისებურად, საფრთხის შემცველია.
,,ზოგ ტურისტს ურჩევნია მინდორში კარვების გაშლა, ღია სივრცეებში დასვენება, რაც, გარკვეულწილად, საფრთხესაც ქმნის როგორც დაბინძურების, ისე ხანძრების საშიშროების კუთხით. ჩვენი ადმინისტრაციის და ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერები მუდმივად პატრულირებენ ხეობებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით. მათი ერთ-ერთი ვალდებულებაა, მივიდნენ, დახმარება შესთავაზონ, გამოჰკითხონ რამე ხომ არ სჭირდებათ და გააფრთხილონ, რომ არ დაყარონ ნაგავი, ჩააქრონ ცეცხლი ანთების შემთხვევაში. იწერენ მათ მონაცემებსაც”.
მისივე თქმით, პრობლემის გადასაჭრელად, გომეწრის ხეობაში, წელს, მოეწყო საკემპინგე სივრცე, სადაც მისული ტურისტი ისარგებლებს სხვადასხვა მომსახურებით.
,,ჩვენმა ადმინისტრაციამ, უცხოელი დონორების დახმარებით გავაკეთეთ პირველი საკემპინგე სივრცე გომეწრის ხეობაში, რომელიც ახლახანს გავხსენით. ტურისტი სტიქიურად არ უნდა ბანაკდებოდეს. ამ სივრცეში, ტურისტს შესაძლებლობა ექნება საკვებიც მიირთვას და ისარგებლოს სხვადასხვა სერვისით. რაც მთავარია, იყოს უსაფრთხოდ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ყოველწელს თითო ხეობაში თითო ასეთი ობიექტი დავამატოთ რაზედაც ვმუშაობთ”.