ახალი ამბები

9-დან 10 სექტემბრის დილამდე კახეთში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი- გარემოს ეროვნული სააგენტო

სტიქია კახეთს ყოველ წელს უტევს. ძლიერი სტიქიები გასულ წლებსა თუ ახლო პერიოდში, რეგიონს არაერთხელ დაატყდა თავს, რომელმაც დიდი ზარალი მიაყენა მოსახლეობას.

ბოლო პერიოდში, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონშო გახშირდა ძლიერი ნალექების, წვიმის, სეტყვის შემთხვევები, რომელიც კახეთში ვენახებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოსავალს, სავარგულებს, საცხოვრებელ სახლებს და არსებულ ინფრასტრუქტურას ანადგურებს, თუმცა როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ქმედითი ნაბიჯები სტიქიის შედეგების ასარიდებლად, არ იდგმება.

ბოლო კვირაში ძლიერმა სტიქიამ კახეთის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა. სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, განადგურდა ვენახების უმეტესობის 100% და მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უამინდობა და ძლიერი ნალექი აღმოსავლეთ საქართველოში მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. მათივე ინფორმაციით, 8 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. 9 სექტემბრიდან კი მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.

,,8-9 სექტემბერს, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ასევე, ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს სეტყვა. ხოლო 10 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოში, თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტასა და დედოფლისწყაროში 8-9 სექტემბერს სინოპტიკოსები დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმას ელჭექით ვარაუდობენ, შესაძლებელია სეტყვა. 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.
ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში, 10 სექტემბრის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +21, +23 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში კი მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 +15 გრადუსი იქნება. ასევე, 10 სექტემბერს ღამისა და დილის საათებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს”,-
აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის მოქალაქეებს 112-დან ტექსტური შეტყობინების სახითაც მიაწოდეს.

,,მესიჯები მოგვივიდა ტელეფონებზე, რომ მომავალ ორ დღეს ძლიერი ნალექია მოსალოდნელი და სიფრთხილე გამოვიჩინოთ”,– აცხადებენ ადგილობრივები Knews.ge-სთან საუბრისას.

ექსპერტების თქმით, კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია ღვარცოფული ხევები, სადაც არსებული სიტუაციის მონიტორინგი უწყვეტად უნდა ხდებოდეს. გარემოს დაცვის ექსპერტი, კახა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ კახეთის რეგიონში ხევების უმეტესობა არის ღვარცოფული ხასიათის. მისი თქმით, მარტო ცივ გომბორის ქედზე ასობით ნელი მოქმედების ბომბია. კახა განმარტავს, რომ მაგალითად მხოლოდ ზემო ხოდაშნის ხევში 20-ზე მეტი მეწყრული სხეულია იდენტიფიცირებული. იგი ამბობს, რომ არავინ იცის კახეთის მდინარეთა ხეობებში არსებული ეს პროცესები როდის დაგვაყენებენ ფაქტის წინაზე.

ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ 2023 წელი პრობლემური იყო, 2024 არანაკლები იქნება კლიმატის ცვლილებებთან მიმართებით. მისი პროგნოზით, უნდა ველოდოთ, უფრო მეტ მეწყერს და წყალდიდობას.

ნინო ჩხობაძე ასევე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტებში უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახურები ან კომისიები, სადაც გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე პირები, გეოლოგები და სხვა სპეციალისტები შევლენ.

,,კავკასიონიდან რომელი მდინარეც იღებს სათავეს, პირდაპირ კავშირშია ღვარცფულ ნაკადებთან. კავკასიონზე განვითარებულმა დნობამ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოიწვიოს ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნა. აქედან გამომდინარე, მდინარეები, რომელიც სათავეს იღებს იქიდან, არის საშიში. საფრთხეებს ჭირდება თავისი რეაგირების გეგმები, უნდა ვიცოდეთ როგორ ვიმუშავოთ. უნდა იყოს გამართული მონიტორინგის და პროგნოზირების სისტემები, უნდა მოხდეს იმ ადგილების მონიტორინგი, რომელიც ტურისტული ადგილია, ბევრი ხალხი და ტურისტი გადაადგილდება. გარდა ამისა, იქ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც გააფრთხილებენ იქ მისულ ადამიანებს და ეტყვიან, რა დროს როგორ მოიქცნენ. გარდა ამისა, როცა დეველოპერს ვეუბნებით, რომ არ შეიძლება კონკრეტულ ადგილას რამის აშენება, იქ არ უნდა აშენდეს. ისინი კი ჯიუტად იძახიან, რომ უნდათ იქ მშენებლობა. სწორედ ამიტომ ვიღებთ იმას რაც მოხდა შოვში. გარდა ამისა, ყველა ქალაქს უნდა ყავდეს სპეცდანიშნულების ჯგუფი, რომელიც სტიქიასთან ბრძოლასაც დაიწყებს, ასევე მოახდენს გამოკითხვას პროცესში ჩართული ხალხის და შესაბამისი დასკვნის გაკეთებას შეძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყველა მერიას მოვუწოდებ, რომ გახსნან გარემოს დაცვის სამსახურები სხვადასხვა მიმართულებით და აიყვანონ სამსახურში სპეციალისტები, რომლებიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იმუშავებენ, გამოცემულ ბიულეტენებს გაეცნობიან, გააანალიზებენ და წინასწარ პროგნოზს გააკეთებენ’’,– აცხადებს ნინო ჩხობაძე Knews.ge-სთან საუბრისას.

 

ნახეთ ასევე ამავე თემაზე:

 

რა მდგომარეობაშია ხევები გურჯაანის მუნიციპალიტეტში

ღვარცოფული მდინარეები და ხევები კახეთში- ინფოგრაფიკა