რა მდგომარეობაშია ხევები გურჯაანის მუნიციპალიტეტში
გახშირებულმა ძლიერმა სტიქიებმა, წყალმოვარდნებმა და ხშირმა ნალექმა, რეგიონებს, მათ შორის კახეთს, მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. მუნიციპალიტეტებში ღვარცოფული ხასიათის მდინარეები მრავლად არის, რაც საშიშიშია როგორც სოფლის მეურნეობისთვის, ისე საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.
ექსპერტები და სპეციალისტები აცხადებენ, რომ რაჭაში მომხდარმა ტრაგედიამ ყველას ნათლად დაანახა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას ბევრი აქვს სამუშაო. მათი განმარტებით, ღვარცოფულ ხევებსა და მდინარეებზე მუდმივი მონიტორინგი და იქ არსებული მდგომარეობის შესწავლა/შეფასება უნდა ხდებოდეს, რათა ნებისმიერი სახის ზარალი თავიდან იქნეს აცილებული.
ყვარელი, თელავი, სიღნაღი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, გურჯაანი- წელს სტიქიამ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. უმეტეს შემთხვევებში, გაუწმენდავმა ხევებმა და სანიაღვრე არხებმა, ხშირი წვიმების შედეგად წარმოქმნილი ნალექი ვეღარ გაატარა და გზებზე გადმოვიდა. სწორედ ამის გამო მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა როგორც არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე სოფლის მეურნეობას და იქ მცხოვრებ მოსახლეობას.
განსაკუთრებით რთული სიტუაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტში იყო. 15 ივნისს ძლიერი წვიმის გამო, ღვარცოფული ხასიათის ხევმა ,,ნავთისხევი“, წყალი ვეღარ გაატარა და გზაზე გადმოვიდა.
მოვარდნილმა წყალმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიღო გარემოვაჭრეთა დახლები და პროდუქტი. წყალმა წაიღო ავტომანქანები, რომელთა ნაწილი გურჯაანიდან რამდენიმე კილომეტრში გამორიყა და გაიტაცა ერთი ადამიანი, რომელიც ადგილობრივებმა გადაარჩინეს.
ადგილობრივები სტიქიაზე საუბრისას ასევე იხსენებენ, რომ ,,ნავთისხევი“ კალაპოტიდან 2012 წელსაც გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია, საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები დატბორა, თუმცა მსგავსი სახის სტიქია, რომელიც ორი თვის წინ მოხდა, ასეთი არ ახსოვთ.
მათი განმარტებით, წინა სტიქიების პერიოდშიც და ახლაც, ხევის კალაპოტი გასაწმენდი იყო, სწორედ ამან გამოიწვია ძლიერი სტიქია და ამდენი წყლის გზებზე გადმოსვლა.
,,ადრეც როცა ხევი გადმოვარდა, ,,ნავთისხევს არ ჰქონდა კალაპოტი გაწმენდილი. გადმოვიდა წყალი და სახლებში შემოგვივარდა. მას მერე გაკეთდა რაღაცეები, მაგრამ არასაკმარისი გამოდგა. ხევების კალაპოტს ყოველთვის უნდა გაწმენდა, როცა რაღაც მოხდება მერე გვიანი იქნება.
წელს რომ სტიქია იყო გურჯაანში, ასეთი არ მახსოვს. ხევიდან წყალი რომ გადმოვარდა, იმდენად ძლიერი იყო დინება, რომ გაჩერებული მანქანები, არსებული ინფრასტრუქტურა, გარემოვაჭრეების დახლები წაიღო. ამ ხევის სულ გვეშინია, ამიტომაც როცა ასეთი ხევია დასახლებასთან ახლოს, უნდა მიექცეს დიდი ყურადღება. უნდა ხდებოდეს კალაპოტების გაწმენდა და სათავედან უნდა ხდებოდეს არსებული სიტუაციის თუ რისკების შეფასება, რომ არ მივიღოთ ისეთი სიტუაციები, როგორიც რაჭაში მოხდა’’,- აცხადებენ Knews.ge-სთან საუბრისას ადგილობრივები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 20 ხევია. როგორც მერიაში განმარტავენ, ინერტული მასალებით გავსებული ხევების კალაპოტები ხშირად იწმინდება. რაც შეეხება ,,ნავთისხევს“, უწყებაში აღნიშნულ საკითხზე განმარტავენ, რომ სტიქია უხვმა ნალექმა გამოიწვია.
მერიაში ასევე განმარტავენ, რომ გამოცხადებულია სამი ტენდერი 12 ხევის სრულად გასაწმენდად.
,,ხევები ყოველწლიურად იწმინდება. გასულ წელსაც გაწმენდილი იყო. 15 ივნისის სტიქია კი უხვმა ნალექმა განაპირობა. სანიაღვრეებმა და კოლექტორებმა ვეღარ გაატარა წყალი. ზოგადად ინერტული მასალით გადავსებული ხევები, რომლებიც საფრთხის შემცველია, იწმინდება ამ ეტაპზე.
გარდა ამისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო თანხა ხევების გასაწმენდად. ამ დროისთვის გამოცხადებულია სამი ტენდერი, ჯამური ღირებულებით 900 000 ლარამდე, რაც 12 ხევის სრულ გაწმენდას გულისხმობს შესაბამისი ტექნიკით. ეს ხევებია: კარდენახის, კოლაგის, ვეჯინის, ძირკოკის, ჭანდრის, სოფელ გურჯაანის, ვაზისუბნის, შაშიანის, კალაურის ხევები და ქალაქ გურჯაანში სამი: ნავთისხევი, ბელახევი და ვეძირულა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სამუშაოების შესასრულებლად 45 დღე ექნებათ. ასევე მიმდინარეობს მუშაობა თავისუფლების ქუჩაზე არსებული კოლექტორის პროექტზე, რომელიც არის საკმაოდ სპეციფიური’’,- განუცხადეს Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, “ნატურისტორიუმის” დამფუძნებელი კახა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ სახელწიფომ მწვანე ეკონომიკის განვითარება უნდა გამოაცხადოს პრიორიტერულ მიმართულებად.
ის რაჭაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს, რომ სხვა რეგიონებში მსგავსი პროცესების თავიდან ასაცილებლად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს უნდა ქონდეს რეგიონული წარმომადგენლობები სადაც გეოლოგები, გეოგრაფები და მეტყევეები სრულ შტატზე თუ არა ხელშეკრულებებით მაინც იქნებიან დაკავებულნი. ინფორმაციას კახა სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. საუბრისას ის ეხება კახეთის ტყეებში არსებულ სიტუაციას და აცხადებს, რომ კახეთში არსებულ ხევებში ბევრი მეწყრული სხეულია იდენტიფიცირებული.
,,საქართველოში გარემოსდაცვითი პოლიტიკა არასდროს ყოფილა რეალურ საჭიროებებზე მორგებული ვინაიდან ყოველთვის წინ დგას ფული. მოკლედ მოვყვები ჩემი აზრით რა უნდა გაკეთდეს, სამომავლოდ რომ ავიცილოთ თავიდან ეს უბედურება. ჩემი აზრი იყოფა ორ ნაწილად სტრატეგიულ და ტექნიკურ ნაწილებად, თუმცა ახლა სტრატეგიულს შევეხები: ბოლოს და ბოლოს სახელწიფომ გარემოსდაცვა, მწვანე ეკონომიკის განვითარება უნდა გამოაცხადოს პრიორიტერულ მიმართულებად.
შესაბამისად გარემოსდაცვითი, დედამიწის შემსწავლელი სამეცნიერო თუ ტექნიკური ხასიათის კვლევების რაოდენობა ერთიათად უნდა გადაზრდოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარემოს ეროვნულ სააგენტოს უნდა ქონდეს მინიმუმ რეგიონული წარმომადგენლობები სადაც გეოლოგები, გეოგრაფები და მეტყევეები სრულ შტატზე თუ არა ხელშეკრულებებით მაინც იქნებიან დაკავებულნი. ადრე იყო და მერე გაუქმდა მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვის ჯერ გამყოფილებები და მერე სპეციალისტები. მნიშვნელოვანია რომ ეს შტატი ისევ დაემატოს მინიმუმ-2 ადამიანის შემადგენლობით და კოორდინირებულად მუშაობდეს გარემოს ეროვნული სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლებთან. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტები ნაწილობრივ მაინც უნდა იყოს მორგებული აღნიშნულ გამოწვევებს.
რეგიონულ უნივერსიტეტებში თითქმის ყველგან (მაგ: თესაუში) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი მილევადია) არადა პირიქით პრიორიტეტი უნდა გახდეს მომავალი ბიოლოგების, ეკოლოგების, კლიმატოლოგების, გეოლოგების მომზადება ადგილზე, პრაქტიკები ადგილზე და მომზადებულმა. კადრი რუკებიდან კი არა ფიზიკურად ცნობდეს მოწყვლად ადგილებს (ეს მარტო კატასტროფებს არ ეხება) უნდა გაძლიერდეს ე.წ. სამოქალაქო მეცნიერების- როგორც არაფორმალური განათლების მიდგომის განვითარება (ამის მაგალითი იყო ჩემს მიერ ინიცირებული და თელავის ტექნო პარკისა და ინოვაციების სკოლის მიერ განხორციელებული პროექტი ბიონიკის შესახებ). ასევე მაქვს 3 მსგავსი პროექტი და ვეცდები სხვა თელავის და სხვა ტექნოპარკებთან თანამშრომლობას.
3 წელია კახეთში არსებულ ორგანიზაციებს ვინც დემოკრატიის მიმართულებით მუშაობენ ვეხვეწები რომ ინტენციური ტრენინგების და პრაქტიკული კურსი გავაკეთო გარემოსდაცვითი დემოკრატიის, მმართველობისა და აღსრულების საკითხებზე მაგრამ, მაგრამ გარემოსდაცვითი დემოკრატია დემოკრატიად არ მიიჩნევა (იმედია ეს მიდგომა შეიცვლება) უნდა გაძლიერდეს სკოლებში- კონკრეტულ გარემოსდაცვით პრობლემებზე მუშაობა როგორც სამეცნიერო ასევე ტექნოლოგიური ხაზით (ეს უბრალოდ ისრების ცვლილების თემაა) გარემოსდაცვითი სწავლება კი ბაღიდან უნდა დაიწყოს და აქაც უკვე ვმუშაობ პროექტზე, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტს შევთავაზებ 2024 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად, სხვა მუნიციპალიტეტებთანაც ვითანამშრომლებ რათქმაუნდა”,- ამბობს კახა სუხიტაშვილი.
ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ 2023 წელი პრობლემური იყო, 2024 არანაკლები იქნება კლიმატის ცვლილებებთან მიმართებით. უნდა ველოდოთ, უფრო მეტ მეწყერს, უფრო მეტ წყალდიდობას.
ნინო ჩხობაძე ასევე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტებში უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახურები ან კომისიები, სადაც გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე პირები, გეოლოგები და სხვა სპეციალისტები შევლენ.
,,კავკასიონიდან რომელი მდინარეც იღებს სათავეს, პირდაპირ კავშირშია ღვარცფულ ნაკადებთან. კავკასიონზე განვითარებულმა დნობამ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოიწვიოს ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნა. აქედან გამომდინარე, მდინარეები, რომელიც სათავეს იღებს იქიდან, არის საშიში.
საფრთხეებს ჭირდება თავისი რეაგირების გეგმები, უნდა ვიცოდეთ როგორ ვიმუშავოთ. უნდა იყოს გამართული მონიტორინგის და პროგნოზირების სისტემები, უნდა მოხდეს იმ ადგილების მონიტორინგი, რომელიც ტურისტული ადგილია, ბევრი ხალხი და ტურისტი გადაადგილდება. გარდა ამისა, იქ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც გააფრთხილებენ იქ მისულ ადამიანებს და ეტყვიან, რა დროს როგორ მოიქცნენ. გარდა ამისა, როცა დეველოპერს ვეუბნებით, რომ არ შეიძლება კონკრეტულ ადგილას რამის აშენება, იქ არ უნდა აშენდეს. ისინი კი ჯიუტად იძახიან, რომ უნდათ იქ მშენებლობა. სწორედ ამიტომ ვიღებთ იმას რაც მოხდა შოვში.
გარდა ამისა, ყველა ქალაქს უნდა ყავდეს სპეცდანიშნულების ჯგუფი, რომელიც სტიქიასთან ბრძოლასაც დაიწყებს, ასევე მოახდენს გამოკითხვას პროცესში ჩართული ხალხის და შესაბამისი დასკვნის გაკეთებას შეძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყველა მერიას მოვუწოდებ, რომ გახსნან გარემოს დაცვის სამსახურები სხვადასხვა მიმართულებით და აიყვანონ სამსახურში სპეციალისტები, რომლებიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იმუშავებენ, გამოცემულ ბიულეტენებს გაეცნობიან, გააანალიზებენ და წინასწარ პროგნოზს გააკეთებენ’’,– განაცხადა რადიო ,,კახეთის ხმის“ ეთერში ნინო ჩხობაძემ.
Pingback: ღვარცოფული მდინარეები და ხევები კახეთში- ვიზუალიზაცია | knews.ge