რატომ არ აზღვევენ ფერმერები ვენახს
მიუხედავად იმისა, რომ სტიქია თითქმის ყოველწლიურად აყენებს ზიანს აგროკულტურებს, მისი დაზღვევის დინამიკა საქართველოში მაღალი არ არის.
ამისი მიზეზი კი, ბევრია. ფერმერები ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ დაზღვევა მათთვის ხელმისაწვდომი არ არის და ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯია, რისთვისაც ფინანსები არ ყოფნით, პროგრამა რეალობაზე მორგებული არ არის.
,,სადაზღვევო სისტემა იმდენად გამართულად უნდა მუშაობდეს, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ყველა მცირე ფერმერს უნდა შეეძლოს მოსავლის დაზღვევა. სოფლის მეურნეობის დარგი ვერ გაძლიერდა, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება მისი განვითარებისთვის. უფულობის გამო, მცირემიწიანი ფერმერები ვერასდროს ვერ აზღვევენ მოსავალს და ღმერთის იმედად რჩებიან. რა გამოდის, რომ რასაც ვხარჯავთ, იმასაც ვერ ვინაზღაურებთ. სტიქია კიდევ ბოლომდე გვანადგურებს ყოველ წელს“, – აღნიშნავს knews.ge–სთან მერაბ ხატიაშვილი.
სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, აგროკულტურების დაზღვევის სტატისტიკა მზარდი არ არის. დღეისათვის, დაახლოებით 25 000-მდე ფერმერია დაზღვეული.
,,დაზღვევა რაც ახლა გვაქვს, ბიზნეს ფერმერებისთვის არის განკუთვნილი და არა მათთვის ვისაც შერეული მეურნეობა აქვს. ბოლო წლებში ვენახის მზღვეველთა რაოდენობა მინიმალურად იზრდება.”
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მევენახე ფერმერებისთვის სახელმწიფოს თანამონაწილეობა, აგროდაზღვევის პროგრამაში, თანადაფინანსების სახით, 50%-დან 70%-მდე გაიზრდება.
,,აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის).
პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად”.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მევენახე ფერმერებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი თავიდან ასაცილებლად აგროდაზღვევით სარგებლობისკენ მოუწოდა.
,,ერთ ჰექტარზე თუ დაზღვევა თეთრი ყურძნის შემთხვევაში 255 ლარი ჯდება, ხოლო წითელი ყურძნის შემთხვევაში – 500 ლარამდე, ზიანმა შეიძლება 5000 ლარიდან 15 000 ლარამდე მიაღწიოს ერთ ჰექტარზე. აგროდაზღვევა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიც არის მაგალითად, დამცავი ბადეები ვენახებისთვის, აქტიურად უნდა გამოვიყენოთ, ვინაიდან წარმოუდგენელია სოფლის მეურნეობა დავიცვათ სტიქიური უბედურებებისგან“.
საქართველოში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის სექტემბრიდან ხორციელდება.