რა მდგომარეობაშია ისტორიული ძეგლები გურჯაანის მუნიციპალიტეტში
გურჯაანის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. აქ ვხვდებით გამორჩეულ კულტურულ თუ ისტორიულ ძეგლებს, რომელთა დიდი ნაწილიც დღესაც შემონახულია.
მუნიციპალიტეტში ვხვდებით ქრისტიანულ ძეგლებს, აქ მდებარეობს ერთადერთი ორგუმბათოვანი ყველაწმინდის ეკლესია.
რა მდგომარეობაშია ისტორიული ძეგლები და რა კეთდება მათ გადასარჩენად, აღნიშნულ საკითხზე knews.ge-მ ინტერვიუ ისტორიკოსთან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროს სპეციალისტთან თამაზ მარკოზაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
-რა ისტორიულ ძეგლებს ვხვდებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში და რა მდგომარეობაშია ისინი?
-გურჯაანის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული ძეგლებით, რომელთა ნაწილსაც მიკუთვნებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ძეგლებიდან აღსანიშნავია ჩვენი სახელგანთქმული ორგუმბათოვანი ტაძარი ,,ყველაწმინდა’’, რომელიც მერვე საუკუნეში არის აშენებული და ამიერკავკასიაში ერთადერთია. მას მიკუთვნებული აქვს კულტურული მემკვიდრეობიის ძეგლის სტატუსი. ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი- ჭერმის ნაქალაქარი. ისტორული წყაროების მიხედვით ის ვახტანგ გორგასალს დაუარსებია მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში. ჭერმის ნაქალაქარი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს და სოფელში დღემდე შემორჩენლია ვახტანგ გორგასალის სასახლე, ციტადელი, ეკლესიები. აღსანიშნავია, რომ ჭერემი არის მნიშვნელოვანი ტურისტული ძეგლი. ბოლო წლებში ბევრი გაკეთდა ჭერმის განვითარებისთვის, რეაბილიტირდა მისასვლელი გზა, გაყვანილი იქნა ელექტროენერგია, მანამდე სოფელს არ ჰქონდა შუქი.
-სოფლებში არსებულ ძეგლებზეც რომ ვისაუბროთ, რა ძელებს ვხვდებით მუნიციპალიტეტის სოფლებში?
უნდა აღინიშნოს სოფელ ვაზისუბანში არსებული სანაგირის მონასტერი, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება და არის ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, რომელიც სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. სანაგირემდე მისასვლელი გზაც რეაბილიტირებულია და ვიზიტორებს შეუძლიათ უპრობლემოდ მოინახულონ.
აღსანიშნავია ასევე სოფელ ზეგაანის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თარიღდება მე-5 მე-7 საუკუნებით. კომპლექსიდან გამოვყოფდი წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიას, რომელიც მე-5 საუკუნეშია აშენებული. ეს არის მცირე ზომის გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც შიგნიდან მოხატულია და ფრესკებით არის დაფარული.
აღსანიშნავია ასევე ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მონასტერი, ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, კალაურის სამების ეკლესია, სოფელ კარდენახის სამების ეკლესია და სხვა, ყველა ეს ძეგლი ატარებს კულტურული მემკვიიდრეობის სტატუსს.
-ისტორიული ძეგლების გადასარჩენად რა სახის სამუშაოებია განხორციელებული და ახლა რა პროექტის განხორციელება მიმდინარეობს?
გაკეთდა ძეგლებთან მისასვლელი გზები და ზოგან ამჟამადაც მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია. სასიხარულოა, რომ დაწყებულია წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. შენობას სახურავი მთლიანად ჩანგრეული აქვს და ფონდი ქართუს დახმარებით დაწყებულია მისი აღდგენითი სამუშაოები.
მიმდინარე წელს დაწყებულია ასევე შაშიანის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია. ის არის მე- 6 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. სამონასტრო კომპლექსი ბოლო წლებში მძიმე მდგომარეობაში იყო. ამჟამად კი მიმდინარეობს ძეგლის საკონსერვაციო და გამაგრებითი სამუშაოები. ეს ეკლესია აღდგენილი იქნება პირვანდელი სახით.
რაც შეეხება სხვა ძეგლებს, ჩვენ ვმუშაობთ, რომ აღმოვაჩინოთ ტყეებში დაკარგული პატარა ეკლესიები, რომელიც მრავლად არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში. აქ არის ნასახლარები და ნასოფლარები. ვახდენთ სწორედ აღმოჩენილი ძეგლების ფიქსაციას, ვაკეთებთ სააღრიცხვო ბარათებს და შემდგომში დავაყენებთ საკითხს, რომ მათღ მიენიჭოთ ძეგლის სტატუსი და განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
-ბოლო პერიოდში გურჯაანში ადგილი ჰქონდა არქეოლოგიურ აღმოჩენებს, რა მნიშვნელობის არის და კონკრეტულად რა იყო აღმოჩენილი?
წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა სოფელ ძირკოკში, სადაც მიმდინარეობს წყლის სისტემის რეზერვუარის სამუშაოები. მიწის სამუშაოების დროს, აღმოჩენილი იქნა ანტიკური ხანის დასახლება, ქვევრები, კერამიკული ნაწარმი და სამარხები. ასევე საინტერესოა აქ აღმოჩენლი დიდი რიყის ქვა, სადაც დატანილია ხელით ამოკვეთილი იეროგლიფები. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ანტიკურ ხანაში სოფელში ხალხი ცხოვრობდა. აღმოჩენა არქეოლოგებმა ადგილზე შეისწავლეს.
-რაც შეეხება სოფელ ველისციხეს, სადაც სოფლის ცენტრალური ქუჩების, სახლების, ისტორიული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რა აღმოჩენებთან გვქონდა საქმე?
სოფელში ბევრი ისტორიული ძეგლია, მაგალითად წმინდა გორგის ეკლესია, ყველაწმინდის ეკლესია, რომელიც მე -5 საუკუნეშია აშენებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაგებობა ველისციხეში. სოფელში ასევე არის ბარბარეს სახელობის ეკლესია და ,,მამისაანთ საყდარი’’, რომელიც მე-7 საუკუნით თარიღდება.
გადმოცემით ველისიციხის ქვეშ იყო საიდუმლო გვირაბები და 70-იან წლებში იყო შემთხვევები, რომ რამდენიმე ადგილზე ჩავარდა მიწა და გამოჩნდა აგურით ნაშენი თაღი. გადმოცემის თანახმად, ეს გვირაბი გადიოდა ,,მამისაანთ საყდართან’’ და მტრის შემოსევის დროს მოსახლეობა აქ აფარებდა თავს.
მიმდინარე მიწის სამუშაოების დროს, სამუსიკო სკოლის პირველ სართულზე, რეაბილიტაციის გამო მიწის ფენის მოჭრის დროს, ქვეშ აღმოჩნდა უძვლესი მარანი, სადაც დაახლოებით 50 ტონიანი ქვევრებია განთავსებული თავისი სარქველებით. ეს ტერიტორია შემოისაზღვრა, რომ არ დაზიანდეს და ის იქნება როგორც ტურისტული ძეგლი, რომლის ნახვაც ყველას შეეძლება. ამ ფაქტით დასტურდება, რომ ველსციხე მე-19 საუკუნეში იყო მეღვინეობის ძლიერი კერა. ამ შენობაში კი სავარაუდოდ ღვინის გამყიდველი ან მეღვინე ცხოვრობდა.
გარდა ამისა, სოფელში ცენტრალურ გზაზე, მიწის სამუშაოების დროს დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეზე, აღმოჩნდა სხვადასხვა ნაგებობების ფრაგმენტები, ძირითადად ღვინის მარნები, რომლებიც თარიღდება მე-19 საუკუნით. ამ აღმოჩენებზე პერიოდულად ტარდება მონიტორინგი, რომ არ დაზიანდეს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დღემდე შესწავლილი არქიტექტურული ძეგლების გაფრთხილება, მონიტორინგი, ასევე აღმოჩენილი ძეგლების შესწავლა, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და გადაგზავნა ძეგლთა დაცვის სააგენტოში, რომ მიენიჭოს სტატუსი. 20 წელია ამ პოზიციაზე ვმუშაობ და ჩემი მუშაობის პერიოდში გამოვლენილია 60 ეკლესია და მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი.