ახალი ამბები

კახეთში, სტიქიისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესი დაიწყო

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა სოფელ აკურაში, სახელმწიფო საწარმოში შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნენ.

2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

“სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის.პირადად ვესწრები სახელმწიფო საწარმოში, კახეთში, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს. გუშინ შევხვდი თითოეულ მუნიციპალიტეტში მევენახე – ფერმერებს, ადგილზე ვნახეთ დაზიანებული ვენახები, დღეიდან ყველას შეუძლია მოსვლა და ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარება”, –აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს, სტიქიის მეორე დღიდან დაიწყო. მევენახეები შპს “მოსავლის მართვის კომპანიას” დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.

„მოსახლეობა აქტიურად აბარებს დაზიანებულ ყურძენს. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ ხვალიდან კიდევ 2 ლოკაცია დავამატოთ. წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 3500 ჰექტარზე მეტი ფართობი, განსაკუთრებით თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით დატვირთულია სოფელ აკურაში მდებარე სახელმწიფო საწარმო. ხედავთ, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს“ – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მისი ინფორმაციით, გადამუშავებულია 11 ათასი ტონა ყურძენი და აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი. სახელმწიფო საწარმოს მიერ ჯამში გადამუშავებულია 500 ტონა დაზიანებული ყურძენი.

„სამწუხაროდ ის დაზიანებული ყურძენი, რომელიც საღვინედ არ გამოიყენება, სასპირტედ გადამუშავდება სახელმწიფო საწარმოში“ – დასძინა მან.