ახალი ამბები

ქართულ ბაზარზე სეტყვისა და მზისგან დამცავი ბადეები გამოჩნდა

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე, რომელსაც ქართული კომპანია, Agrobade აწარმოებს, მოთხოვნა დიდია და საწარმოს პროდუქცია მიწოდებას ბევრად აღემატება.

ამის შესახებ პორტალ EastFruit-ს კომპანიის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ავთანდილ მაისურაძემ განუცხადა.

Agrobade შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის რაიონის სოფელ რუისში მდებარეობს. საწარმო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა, ხოლო ფუნქციონირება, დაახლოებით, ორი თვის წინ დაიწყო.

Agrobade პირველი და ამჟამად ერთადერთი თანამედროვე კომპანიაა, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს აწარმოებს.

ავთანდილ მაისურაძის მონაცემებით, დღეს საწარმო ყოველდღიურად 10 000 კვადრატულ მეტრ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს აწარმოებს. საქსოვი ძაფები იმპორტირებული პოლიეთილენისგან იმავე საწარმოში მზადდება. კვადრატული მეტრი ბადის ფასი, საშუალოდ, 1 ლარია (დღევანდელი კურსით: 0,37 დოლარია). უკვე დასრულებულ შეკვეთებს შორის არის ხილის მწარმოებლების, კომპანია „საჩინოს“ და ინდმეწარმე „მარკოზაშვილისთვის“ დამზადებული 158 730 კვ.მეტრისა და 31 500 კვ.მეტრის ბადეები.

ავთანდილ მაისურაძე ამბობს, რომ საწარმო ამ ეტაპზე მხოლოდ ქართველი მწარმოებლების შეკვეთებს ასრულებს. თუმცა კომპანია სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების ექსპორტზე გატანას საშუალოვადიან პერსპექტივაში გეგმავს.

წელს Agrobade მზისგან დამცავი საშუალებების წარმოებასაც დაიწყებს.