ახალი ამბები

რა ზარალი მიაყენა სტიქიამ კახეთის რეგიონს

ძლიერმა სეტყვამ, ქარიშხალმა და წვიმამ, კახეთის რეგიონს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

სტიქიამ დააზარალა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის და ყვარლის მუნიციპალიტეტები. სეტყვამ 100 %-ით გაანადგურა ვენახები, ხეხილის ბაღები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები, დააზიანა ასევე მანქანები და საცხოვრებელი სახლები. ქარმა კი დაგლიჯა ასწლოვანი ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ახმეტის მუნიციპალიტეტში შეიქმნა, სადაც სოფლებში მაღრაანსა და არგოხში სეტყვამ დააზიანა ვენახები, სახლები და სახურავი გადახადა სკოლას.

ადგილობრივების თქმით, მთავრობას უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა და სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობები თავის დროზე აემოქმედებინა, რომ სტიქია და მისი შედეგები თავიდან ყოფილიყო აცილებული.

,,ასეთი სეტყვა არ მახსოვს, ქვებივით დიდები იყო. ადგილობრივი თვითმმართველობიდან იყვნენ ადგილზე მოსულები, ნახეს რა დაგვმართა სეტყვამ და დახმარებას დაგვპირდნენ. მეტი უნდა იმუშავოს მთავრობამ ამ საკითხზე, რომ მოხდეს ეფექტურად სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობების მუშაობა. ყოველ წელს დიდ ენერგიას, შრომას და ფულს ვდებთ იმაში, რომ მოსავალი მივიღოთ, სეტყვა კი ყველაფერს გვინადგურებს”,- აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები.

სეტყვამ დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები ართანა, სანიორე, ფშაველი და ნაფარეული, სადაც საკარმიდამო ნაკვეთები სრულად განადგურებულია.

,,საშინელი სეტყვა იყო, ეზოში ხეხილი გაანადგურა. სულ ძირს ყრია კივი. ვარდები სულ დამიტეხა. ვენახში არ ჩავსულვარ და ჯერ არ ვიცი მდგომარეობა”,- განუცხადა knews.ge-ს ადგილობრივმა, თამილა ბაწაშვილმა.

კახეთის გუბერნიის ინფორმაციით, მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მიმდინარეობს სტიქიის შედეგების შესწავლა. კახეთის გუბერნატორი, გიორგი ალადაშვილი აცხადებს, რომ ნალექის დროს მოხდა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის გასროლა.

“კახეთის რეგიონს სეტყვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, უხვი ნალექის პარალელურად მიმდინარეობდა 10 სეტყვასაშიში კერის დამუშავება და გასროლილი იქნა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა, რომ არა სეტყვის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებები ზარალის ოდენობა გაცილებით მასშტაბური იქნებოდა “, – გიორგი ალადაშვილი.

სტიქიის შედეგად კახეთში განადგურდა ვენახებიც. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისათვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, სახელმწიფო ყურძენს, მათ შორის დაზიანებულს, 90 თეთრად ჩაიბარებს.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიკრიბეთ და განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას შევინარჩუნებდით და ვთქვით, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებდა 90 თეთრად. რამდენიმე დღის წინ კახეთში საკმაოდ ძლიერი სეტყვა მოვიდა, დაისეტყვა ვენახები, ხალხს გამზადებული ჰქონდა ყურძენი ჩასაბარებლად და, სამწუხაროდ, სეტყვა მოვიდა. ამის მიუხედავად, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი, დაზიანებული იქნება, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი ყურძენი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმომ უკვე დაიწყო კახეთში სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება

„უკვე შესაძლებელია დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება. მევენახეები შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ, რაც მათთვის არის ძალიან დიდი მაკომპენსირებელი ფაქტორი. მნიშვნელოვანია, რომ მოსავლის დაბინავება მოხდეს ორგანიზებულად და მევენახეებს არ მოუწიოთ რიგში ხანგრძლივად დგომა“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

მან ასევე ფერმერებს აგროდაზღვევის უფრო აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ დაზღვეულ ვენახებს რისკი საგრძნობლად შემცირებული აქვთ, რადგან გარანტირებული აქვთ ხარჯების ანაზღაურება. სადაზღვევო კომპანიები უახლოეს დღეებში დაიწყებენ ადგილზე შეფასებას, დაითვლიან ზარალს და დაიწყება ანაზღაურების პროცესი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ფერმერებს, მაქსიმალურად გამოიყენონ აგროდაზღვევა, სადაც ძირითად ხარჯებს იღებს სახელმწიფო და მხოლოდ 30 პროცენტია ფერმერის გადასახდელი. ფერმერებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, რადგან ასეთი კლიმატური მოვლენების დროს ექნებათ გარანტირებული შემოსავალი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

უწყებაში განმარტავენ, რომ გახსნილია 5 სახელმწიფო ქარხანა, რომელიც იბარებს სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს შეუფერხებლად.