ნინო ჩხობაძე-მერიებს მოვუწოდებ შექმნან გარემოს დაცვის სამსახურები სხვადასხვა მიმართულებით
ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ 2023 წელი პრობლემური იყო, 2024 არანაკლებია კლიმატის ცვლილებებთან მიმართებით. მისი თქმით, უნდა ველოდოთ, უფრო მეტ მეწყერს, უფრო მეტ წყალდიდობას.
ნინო ჩხობაძე ასევე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტებში უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახურები ან კომისიები, სადაც გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე პირები, გეოლოგები და სხვა სპეციალისტები შევლენ.
,,კავკასიონიდან რომელი მდინარეც იღებს სათავეს, პირდაპირ კავშირშია ღვარცფულ ნაკადებთან. კავკასიონზე განვითარებულმა დნობამ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოიწვიოს ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნა. აქედან გამომდინარე, მდინარეები, რომელიც სათავეს იღებს იქიდან, არის საშიში.
საფრთხეებს ჭირდება თავისი რეაგირების გეგმები, უნდა ვიცოდეთ როგორ ვიმუშავოთ. უნდა იყოს გამართული მონიტორინგის და პროგნოზირების სისტემები, უნდა მოხდეს იმ ადგილების მონიტორინგი, რომელიც ტურისტული ადგილია, ბევრი ხალხი და ტურისტი გადაადგილდება. გარდა ამისა, იქ უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც გააფრთხილებენ იქ მისულ ადამიანებს და ეტყვიან, რა დროს როგორ მოიქცნენ. გარდა ამისა, როცა დეველოპერს ვეუბნებით, რომ არ შეიძლება კონკრეტულ ადგილას რამის აშენება, იქ არ უნდა აშენდეს. ისინი კი ჯიუტად იძახიან, რომ უნდათ იქ მშენებლობა. სწორედ ამიტომ ვიღებთ იმას რაც მოხდა შოვში.
გარდა ამისა, ყველა ქალაქს უნდა ყავდეს სპეცდანიშნულების ჯგუფი, რომელიც სტიქიასთან ბრძოლასაც დაიწყებს, ასევე მოახდენს გამოკითხვას პროცესში ჩართული ხალხის და შესაბამისი დასკვნის გაკეთებას შეძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყველა მერიას მოვუწოდებ, რომ გახსნან გარემოს დაცვის სამსახურები სხვადასხვა მიმართულებით და აიყვანონ სამსახურში სპეციალისტები, რომლებიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იმუშავებენ, გამოცემულ ბიულეტენებს გაეცნობიან, გააანალიზებენ და წინასწარ პროგნოზს გააკეთებენ’’,– განაცხადა რადიო ,,კახეთის ხმის“ ეთერში ნინო ჩხობაძემ.