სიჩუმე რომელიც კლავს- გახშირებული ფემიციდის შემთხვევები საქართველოში
ბოლო წლებში, საქართველოში ფემიციდის ფაქტები საგრძნობლად არის გაზრდილი. განსაკუთრებული სისასტიკით და გენდერის ნიშნით, კაცები კლავენ ცოლებს, მეგობარ გოგონებს, ტრანსგენდერ ქალებს და მათ გვერდით მყოფ იმ გოგონებს, რომელთანაც შესაძლოა რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონდეთ.
ქმრის მიერ მოკლული ქალების ისტორიები შემზარავია, თუმცა ბევრი ადამიანი თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ ამ პროცესს რამდენიმე ფაზა აქვს. ყველაფერი კი იწყება აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების დამოკიდებულებით, გავრცელებული სტერეოტიპებით და პოლიციის არასათანადო და არაეფექტური მუშაობით, რომელიც ქალებს აიძულებს მოითმინონ ძალადობა პარტნიორის მხრიდან, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფემიციდით, ქალის მკვლელობით სრულდება.
სიჩუმე რომელიც კლავს
სიჩუმე- ძალადობაზე ხმამაღლა საუბრისგან თავის შეკავება ერთ-ერთია, რომელიც მოძალადეს აძლევს შესაძლებლობას, ხშირად განახორციელოს ძალადობა თავის მსხვერპლზე. მან ზუსტად იცის, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მსხვერპლს აიძულებს გაჩუმდეს, მოითმინოს და მასთან თანაცხოვრება განაგრძოს.
ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ფაქტებს ყავს ბევრი თვითმხილველი, თუმცა უმეტესობა დუმს. ,,ჩხუბის ხმა გვესმოდა, თუმცა ეს მათი ოჯახის საქმეა და ჩვენ ვერ ჩავერეოდით”,– ამბობენ ხშირად მსხვერპლის მეზობლები და ნათესავები. ოჯახის წევრები კი მისი მოძალადისგან გამორიდებას არ უწყობენ ხელს.
აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლების და ქალთა უფლებების დამცველების თქმით, სწორედ საზოგადოების გულგრილობის, შესამაბისი სამსახურების არაეფექტური მუშაობის და ძალადობის მსხვერპლი ქალების სიჩუმეა მიზეზი იმის, რომ საქართველოში ქალებს ყოველდღე კლავენ.
ქმრის მიერ, სოფელ ახაშენში მოკლული ქეთი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, სამი ადამიანის მკვლელობისთვის 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. მან ცოლი, 30 წლამდე ფიქრია ტუგულაშვილი და ბავშვობის მეგობრები – მალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ – ერთი მოკლული მალხაზ მამისაშვილი ზურაბაშვილებთან სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მკვლელობამდე ზურაბაშვილმა თვენახევრის წინ დატოვა ციხე, სადაც სასჯელს ცოლზე ძალადობისთვის იხდიდა.
“ადრე ნასამართლევია ეჭვიანობის ნიადაგზე. ვინც მოკლა, მაგისმა ძმამ, შარშან გიორგობაზე პური ჭამეს, ციხეში იყო ეგ ბიჭიც ადრე და რომ გამოვიდა ამ გოგოს არ იცნობდა, უმაღლესი გოგო და რომ გაიცნო ადღეგრძელა და ხელზე ეამბორა და მერე ამან რა მოხდა როგორ იყო, იეჭვიანა და მერე ყველა რომ წავიდა-წამოვიდა ამ გოგოს გაუსწორდა, უკნიდან მიეპარა და დანა დაუსვა”-ამბობს მეზობელი.
საპატიმროს დატოვების შემდეგ, მამაკაცმა ქალზე ძალადობის პროცესი მკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ იცოდა სოფელმა, იცოდა უბანმა თუმცა ყველა დუმდა.
პარტნიორის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ტრანსგენდერი ქალი
გუშინ, 37 წლის ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა მისი მეგობარი მამაკაცი, 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ხმაური გაიგეს. მათი თქმით, ის აბრამიძესთან ხშირად მოდიოდა. მათივე განმარტებით, ჯაიანი აბრამიძეს ხშირად ემუქრებოდა.
“იმ მომენტში სახლში არ ვყოფილვარ. ის მამაკაცი, ფაქტობრივად, აქ ცხოვრობდა, სულ ვხედავდი. კესარია წარსულშიც იყო ძალადობის მსხვერპლი და ბევრჯერ უთქვამს, რომ ემუქრებოდა. რამდენიმე შემთხვევა ყოფილა, როცა ჩხუბის მომსწრე მეზობლებიც გამხდარან”, – აცხადებს მეზობელი.
ასევე, გავრცელდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკამერებიდან ამოღებული ჩანაწერებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული დაახლოებით, 19:00 საათზე საკუთარი ავტომანქანით კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან და როგორ შედის სადარბაზოში. ის კორპუსს 14 წუთში ტოვებს.
მსგავსი ისტორიები საქართველოში ბევრია, თუმცა მასთან შედარებით ცოტაა ფაქტები, როცა ქალები ძალადობაზე ხმამაღლა საუბრობენ და უფრო ცოტაა ფაქტები, როცა ამ საკითხებზე შესაბამისი სამსახურების მუშაობა შედეგიანია. აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთადერთ გამოსავლად შესაბამისი სამსახურების დროულ და ეფექტურ მუშაობას ხედავენ. მათი თქმით, მიუხედავად სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების თუ დაწესებულებების მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის პროექტებისა და აქტივობებისა, რეგიონში ფემიციდის და ოჯახში ძალადობის რიცხვები არ მცირდება.
შსს-ს მონაცემებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, 2022 წლის 9 თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე, 6 520 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. აქედან გამოძიება 3 064 ფაქტზე დაიწყო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობის 94 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიურის – 540, ეკონომიკურის – 1, სექსუალურის – 15, იძულების – 15. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილ შემთხვევებში, 505 მოძალადე კაცია, 29 კი ქალი. გამოიწერა 573 შემაკავებელი ორდერი. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ქალები, ძალადობის მსხვერპლი, ყველაზე ხშირად 25-44 წლის ასაკში ხდებიან. 2024 წელს ეს ფაქტები უფრო გაზრდილია.
კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ეთერ შიუკაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავი უწყებების მხრიდან მნიშვნელოვანია რისკების სწორად შეფასება და ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები.
,,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციული ღონისძიებების გატარებას, იმიტომ, რომ ძალადობის ფაქტის დადგომის შემდგომ უკვე რთულია რეაგირების განხორციელება. ჩემი აზრით, პრევენციული ღონისძიებების გატარებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს და გრძელვადიან პერსპექტივაშიც ეფექტის მომტანია. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი, თუნდაც ცნობიერების ამაღლების გაზრდის კუთხით. ვმუშაობთ საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებზე. მნიშვნელოვანია, ასევე, გახმაურებულ ძალადობის შემთხვევებზე განცხადებების გაკეთება. გარდა ამისა, ვახდენთ სხვადასხვა დაწესებულებების მონიტორინგს, მაგალითად ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფრების, კრიზისული ცენტრების, შშმ პირთა დაწესებულებების მონიტორინგი და სხვა.
საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად, ქალის და ოჯახში ძალადობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება, სხვადასხვა უწყებების მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, კახეთი ძალადობის შემთხვევებით ლიდერი რეგიონია, თუმცა ეს შეიძლება განპირობებული იყოს ძალადობის გამოვლენის მაჩვენებლით.
ოჯახში ძალადობის ფაქტების დროს ძალიან მნიშვნელოვანია რისკების სწორი შეფასება, რომ სწორად დაიგეგმოს გასატარებელი ღონისძიებები საქმესთან დაკავშირებით. ასევე არსებობს ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმიც ოჯახში ძალადობის დროს. ამ მიმართულებითაც გვაქვს გამოწვევები, რადგან კახეთის რეგიონში ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების მაჩვენებელი არ გვაქვს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცნობიერების ნაკლებობით, რადგან თავად პოლიციის თანამშრომლებმა არ განუმარტეს მსხვერპლს ისე, რომ მას ამის გამოყენების სურვილი გაუჩნდეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი 2015 წლიდან. ფაქტები რომელიც ეხება ყველაზე მძიმე საკითხს, ქალთა მკვლელობებს, წლიდან წლამდე კლების ტენდენციით არ ხასიათდება”,- განუცხადა Knews.ge-ს ეთერ შიუკაშვილმა.
ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველო” ძალადობის მსხვერპლ ქალებს და სხვა მოქალაქეებს, უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. ორგანიზაციის სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტი ჯუმბერ მაილაშვილი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან დაწყებული განცხადების დაწერიდან დასრულებული განაჩენის გამოტანამდე, სამართლებრივი დახმარება გაუწიონ ნებისმიერ პირს. სხვა სპეციალისტების მსგავსად, ჯუმბერ მაილაშვილიც განმარტავს, რომ იმისთვის, რომ ძალადობის, ფემიციდის ფაქტები აღმოიფხვრას, აუცილებელია განათლება და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სწორი და ეფექტური მუშაობა.
,,საზოგადოებამ და პირველ რიგში ქალბატონებმა უნდა მიიღონ ინფორმაციაა, იმ უფლებების შესახებ, რაც აქვთ. ზოგმა ეს არ იცის. ცოდნა კი იმისთვის სჭირდებათ, რომ დაიცვან თავიაანთი უფლებები. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ დანაშაულის მიზეზებს, რა არის ამისი გამომწვევი მიზეზები. რაც შეეხება პრევენციას, შემაკავებელი ორდერი, რა თქმა უნდა, ეფექტიანია და ეს შედეგს მაშინ გვაძლევს, როცა სამართალდამცავი სტრუქტურა კონტროლს ახორციელებს. გარდა ამისა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ელექტროსამაჯურის გამოყენებაც. ამ დროს მოძალადეს მსხვერპლთან მიახლოება აღარ შეეძლება და სამართალდამცავი ორგანოიების მიერ ყველაფერი უკეთ გაკონტროლდება. ასევე მნიშვნელოვანია მსხვერპლის იზოლირება სხვადასხვა დაწესებულებებში. ამასთანავე, აუციელებელია სოციალური დაცვა, ხშირად ქალბატონები მოძალადეებს რიგდებიან იმიტომ, რომ მათ შემოსავალი არ აქვთ.
ასევე აუცილებელია რისკების სწორად შეფასება. მხოლოდ გირაოს გამოყენება და მერე კონტროლის არქონა არ იქნება საკმარისი. როდესაც ადამიანი გირაოთია გამოშვებული, საგამოძიებო ორგანოს უნდა ჰქონდეს მონიტორინგის ვალდებულება. ელექტროსამაჯური ერთ-ერთი ფაქტორია, რომ არ მიუახლოვდეს მსხვერპლს. მას შემდეგ როცა მსხვერპლს მიუახლოვდება, პოლიცია დააკავებს და გადაიყვანს საპატიმრო დაწესებულებაში მანამ, სანამ სასამართლო არ მიიღებდა გადაწყვეტილებას.”
ოჯახში ძალადობის ციკლები
ძალადობის სიტუაციაში კაცის ქმედების სქემა საკმაოდ სტანდარტულია ნებისმიერი ოჯახისთვის. ორგანიზაცია ,,საფარის” ინფორმაციით, ფსიქოლოგები ამას ძალადობის ციკლს უწოდებენ, რომელიც სამ ფაზას მოიცავს:
დაძაბულობა- ამ სტადიაზე ნეგატივის თანდათანობითი დაგროვება ხდება: რისხვის ცალკეული აფეთქებები, გახშირებული კამათი, მზარდი პრეტენზიები. მოძალადე საკუთარ თავს პარტნიორის მისამართით შეურაცხყოფებისა და მუქარების უფლებას აძლევს. ამ შემთხვევაში, ხშირად ორივე პარტნიორი კაცის ქმედებას სამსახურში არსებული სიტუაციით ან სტრესით ამართლებს. ქალი ურთიერთობაში საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს. სწორედ ამ ეტაპზეა აუცილებელი მსხვერპლისთვის ახლობელი ადამიანების ან სპეციალიზებული ცენტრების მხარდაჭერით სარგებლობა: დაძაბულობის მატებასთან ერთად, ქალისთვის ურთიერთობის დაბალანსების შანსი სულ უფრო და უფრო მცირდება.
მწვავე ძალადობა– ამ დროს, კონფლიქტის ესკალაცია პიკს აღწევს. კაცი ბოლომდე ფეთქდება. ვერც ერთი პარტნიორი ვერ უარყოფს ძალადობის სიტუაციას. ზღვარგადასული ძალადობის დროს, კაცს საკუთარი ქმედებების გაკონტროლება აღარ ძალუძს. ქალები ამ პერიოდის მოახლოებას ადრევე გრძნობენ, ძლიერდება შიშისა და დეპრესიის მდგომარეობა. სწორედ ამ „წინათგრძნობის“ პერიოდში აუცილებელია, ქალმა გააცნობიეროს მწვავე ძალადობისგან თავის დაღწევის აუცილებლობა. საჭიროების შემთხვევაში, მან თავშესაფარიც უნდა გამოძებნოს.
„თაფლობის თვე“– მწვავე ძალადობის ამოფრქვევის შემდეგ, მუდამ მოდის „გატრუნვის“ პერიოდი. ამ დროს კაცი თავს „დამნაშავედ გრძნობს“, მოსიყვარულე და დამყოლია. ამ ფაზას გამოსწორების დაპირებები და სიყვარულის მტკიცების მრავალრიცხოვანი მცდელობები ახლავს თან.
ზოგჯერ, კაცი მუდმივად ამტკიცებს, რომ „წყობილებიდან ცოლმა გამოიყვანა“, რომ „უცაბედად აფეთქდა“, რომ „ამგვარი რამ აღარასოდეს განმეორდება“. საჩუქრებში და ყურადღებაში ჩაფლული ქალი დუნდება, მშვიდდება, იჯერებს, რომ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა „შემთხვევითობა იყო და აღარ განმეორდება“. ამ მომენტში მომხდარის გაანალიზება და დაშორების გადაწყვეტილების მიღება ყველაზე რთულია. მაგრამ, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთხელ უკვე მომხდარი ძალადობა აუცილებლად მრავალჯერ განმეორდება. თუ ციკლი უკვე დაწყებულია, მისი შეწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელია.
უნდა გვახსოვდეს: ძალადობის ყოველი განმეორებული ციკლის დროს, ძალადობის ხარისხი უფრო და უფრო მძიმდება.
რაზე არ შეიძლება დუმილი
შესაძლოა, მოძალადეს აგრესიული ქცევის გამომწვევი შინაგანი განცდების გადასამუშავებლად ფსიქოთერაპიის კურსი დასჭირდეს. თანამედროვე ფსიქოლოგიის შესაძლებლობები ძალზე მრავალმხრივია. მაგრამ, თუ სიტუაცია არ იცვლება მიღებული ზომების შემდეგაც და მოძალადის მხრიდან სისტემატურ აგრესიასა და ძალადობას განვიცდით, – სჯობს მას გავეცალოთ მანამ, სანამ მისი არაკონტროლირებადი ქცევა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.
არსებობს მეტად მგრძნობიარე ფსიქოლოგიური მიზეზებიც, თუ რატომ არ შორდება ქალი თავის მტარვალს. ერთ-ერთი მათგანია სირცხვილის გრძნობა. შესაძლოა, ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ქალს ხშირად რცხვენია ძალადობის მსხვერპლის როლში ყოფნა, თავს მომხდარის გამო ადანაშაულებს და ეშინია, სუსტი და დაუცველი არ გამოჩნდეს სხვების თვალში.
ასევე, ქალი ხშირად „ცოლ-ქმრის ჩხუბის“ გამომზეურებას ერიდება. თუ ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს გავითვალისწინებთ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, ქალები არა მხოლოდ უარს ამბობენ ოჯახის დანგრევაზე, არამედ მათზე გაუგონარი ძალადობის ფაქტებს საგულდაგულოდ მალავენ. ისინი იძულებულნი არიან, ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახონ, რადგან საზოგადოების მხრიდან გაკიცხვისა და უარყოფის ეშინიათ.
ძალადობის შესახებ არგაცხადების მეორე ამგვარი ფარული მიზეზი შესაძლოა ტრადიციული რელიგიური ნორმები იყოს, რომლის თანახმადაც, ქალი ვალდებულია, ოჯახი და ქორწინება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს. ამ შემთხვევაში, ქალი საკუთარი უბედურების მძევალი ხდება და მის მდგომარეობასთან არანაირი კავშირის მქონე ფასეულობების სახელით ტანჯვით ცხოვრების გარდა, სხვა პერსპექტივას ვერ ხედავს.
არა ძალადობას- ილაპარაკე ამის შესახებ
ნებისმიერი სახის ძალადობა დანაშაულია. თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი, ან იცი ამის შესახებ, დარეკე ცხელ ხაზზე -116 006, ან მიაკითხე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ. ისაუბრე მეტი მეგობრებთან, ახლობლებთან და მიიღე დახმარება, რომელსაც ისინი გთავაზობენ. ისაუბრე პრობლემაზე და ითხოვე დახმარება.