კარსტული წარმოშობის მღვიმე სოფელ ვეჯინში
კარსტული წარმოშობის მღვიმე მდებარეობს ვეჯინისა და ძირკოკის გამყოფი ვიწრო ხეობის, მარჯვენა შემაღლებულ ნაპირზე. მღვიმის კედლები დაფარულია, სტალაქტიკებით და სტალაგმიტებით.
ისტორიკოსის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, 2007 წლის გაზაფხულზე, ხევში მოვარდნილმა წყალმა ჩამოშალა ხევის მარჯვენა ფერდობის ნაწილი და გამოჩნდა მღვიმეში შესასვლელი.
,,სოფელ ძირკოკის მკვიდრმა, ალიკა არჯევნიშვილმა გამიწია მეგზურობა და რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ მივადექით მღვიმეს.ჩემი მეგზურის მონათხრობით, ამ ადგილს ,,იორდანეს” წყაროს ეძახის ხალხი. მღვიმიდან ნაჟური წყლები, გარეთ გამოედინებოდა და ხალხი სასმელად იყენებდა,თუმცა ვერავინ იფიქრებდა თუ აქ მღვიმე აღმოჩნდებოდა”.
სოფელი ვეჯინი, კარსტული წარმოშობის მღვიმე
ფოტო: თამაზ მარკოზაშვილი
მარკოზაშვილისვე თქმით, მღვიმეში მიწის პირზე პატარა ბუნებრივი აუზია, სადაც გროვდება კედლებიდან ნაჟური წყლები,რომელიც ყინულივით ცივია და სასმელად ვარგისი.
,,მღვიმის სწორკუთხა შესასვლელი, დიდი ბრტყელი ქვით თარაზულად არის გადახურული და აშკარაა რომ გვიანდელია და ადამიანის ხელი ატყვია. მღვიმე გრძელდება 10 მეტრის სიგრძეზე და შემდეგ ჩამოშლილია. აღნიშნული მღვიმიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით მდებარეობს ვეჯინის ,,წყლის” კოშკი, რომელიც ვეჯინის ციხის მცველებს სასმელი წყლით ამარაგებდა. დიდი ალბათობით, მღვიმე უკავშირდებოდა ვეჯინის ,,წყლის” კოშკს და სასმელი წყლით ამარაგებდა”.
ამ დრომდე არ მომხდარა ვეჯინის მღვიმის მეცნიერული გამოკვლევა.
სოფელი ვეჯინი, კარსტული წარმოშობის მღვიმე
ფოტო: თამაზ მარკოზაშვილი