ახალი ამბები

ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა – სტატისტიკა

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა.

დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 მლნ 333 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 მლნ 642 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა 1.6%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 0.2%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.

გასულ წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 700 ათასით განისაზღვრა, რაც 4.9%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.4%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.5%-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.8% თბილისის მცხოვრებია, 15.6% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.3% — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2025 წელს ვიზიტების უმრავლესობა (52.3%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 297.7 მილიონი ლარით, რაც 0.8%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 1%-ით და 181.3 ლარს გაუტოლდა.