ახალი ამბები

საია – წარმოდგენილი ცვლილებები აზიანებს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ზრდის მასზე პოლიტიკური გავლენების რისკს – კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ხარისხიანი და მიუკერძოებელი იურიდიული დახმარების გაცემას

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმაურება პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელსაც პარლამენტმა 18 თებერვალს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

საია-ს შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად აზიანებს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ზრდის მასზე პოლიტიკური გავლენების რისკს.

ამასთან, საია-ს განცხადებით, იურიდიული დახმარება ექცევა მთავრობის მმართველობის ქვეშ, რომელიც დამოუკიდებლობისა და შიდა ავტონომიის შეზღუდული სტატუსით ისარგებლებს.

„წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად აზიანებს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ზრდის მასზე პოლიტიკური გავლენების რისკს. ერთი მხრივ, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამსახურის მიერ ხარისხიანი და მიუკერძოებელი იურიდიული დახმარების გაცემას, ხოლო, მეორე მხრივ, იგი ეწინააღმდეგება უფასო იურიდიული დახმარების ლოგიკას და ადვოკატის პროფესიული თავისუფლებისა და თვითმმართველობის პრინციპებს. ამასთანავე კანონპროექტის განმარტებითი ბარათი ვერ ხსნის ამ ცვლილებების საჭიროებას. განმარტებით ბარათში არაფერია აღნიშნული იმ საკითხზე თუ რატომაა მოქმედი მოდელი ხარვეზიანი, და რატომ გახდის სამსახურის საქმიანობას უფრო ეფექტიანს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი

თუ მოქმედი რედაქციით, იურიდიული დახმარების სამსახური პარლამენტის წინაშე იყო ანგარიშვალდებული, ახლა იგი პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. შესაბამისად, მასზე სრულად გავრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მოქმედება. შესაბამისად, სამსახურის დირექტორი ანგარიშს წარუდგენს არა საქართველოს პარლამენტს, არამედ პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე თავად დანიშნავს და გაათავისუფლებს სამსახურის დირექტორს, ერთპიროვნულად დაამტკიცებს სტარტეგიას. მიუხედავად იმისა, რომ ინიციირებული ვარიანტი კვლავ უსვამს ხაზს სამსახურის დამოუკიდებლობას, იურიდიული დახმარების სამსახურის დაქვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ეწინააღმდეგება ზოგადად იურიდიული დახმარების ლოგიკასა და დაცვის უფლების განხორციელების პრინციპებს, რადგან ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის გაწეული იურიდიული მომსახურება სახელმწიფო დაწესებულებებთან მიმართებით არსებულ დავებს ეხება და დავის ორივე მხარის ერთი ხელისუფლების შტოს ქვეშ მოქცევა პირის დაცვის ლოგიკას ეწინააღმდეგება. შედეგად, სამსახურის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქცევა უარყოფითად აისახება მის დამოუკიდებლობასა და საქმიანობის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხორციელებაზე”,- ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

„გამომდინარე იქიდან, რომ იურიდიული დახმარების ბიუროები მოქალაქეებს უწევენ სამართლებრივ, მათ შორის უშუალოდ საადვოკატო მომსახურებას, აუცილებელია იურიდიული დახმარების სისტემა განხილულ იქნას საადვოკატო საქმიანობის პრინციპებთან მიმართებით. მნიშვნელოვანი უკუსვლაა, დახმარების მიმღების განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმების იმ დირექტორის მიერ დადგენის უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული პირია. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ნაკლებობის პირობებში, ასეთი კრიტერიუმების განსაზღვრაც პოლიტიკური კონტროლის მექანიზმად შეიძლება იქცეს. იურიდიული დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ქვეყანაში დაცვის უფლების რეალიზების თვალსაზრისით. წარმოდგენილი ცვლილებებით კი, სამსახურის ინსტიტუციური გარანტიების შესუსტება გავლენას ახდენს მოქალაქეების მიერ დამოუკიდებელი და ხარისხიანი იურიდიული მომსახურების უფლებაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რეპრესიული საკანონმდებლო კლიმატის პირობებში სულ უფრო ნაკლები რესურსით ახერხებენ მოქალაქეთა უფასო იურიდიულ დახმარებას“,-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე, პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება.

სამსახურის ხელმძღვანელი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. ამასთან, პრემიერს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, იურიდიული დახმარების საბჭო 9 წევრის ნაცვლად, 7 წევრის შემადგენლობით აკომპლექტდება. მათგან 2 წევრი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები იქნებიან, 1 − იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, 1 − გენერალური პროკურორი, 1 − მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, 1 − სახალხო დამცველი და 1 − ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადად კი, მათი შესაბამის თანამდებობებზე ყოფნის პერიოდი განისაზღვრება.