მელიორაცია/ირიგაციის სექტორში ახალი ტარიფები 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება
მელიორაცია/ირიგაციის სექტორში ახალი ტარიფები განისაზღვრება.
სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აუდიტი მიმდინარეობს და სიახლეები ტარიფებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში უნდა დადგინდეს, რომელიც 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
როგორც სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი აღნიშნავს, დეპარტამენტს ორი ძირითადი მიმართულების წესზე ადმინისტრაციული წარმოება აქვს დაწყებული. პირველი წესი ტარიფების დადგენისა და გაანგარიშების პრინციპებს გულისხმობს, ხოლო მეორე წესი მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს.
აღსანიშნავია, რომ ტარიფები დადგინდება როგორც ფერმერებისთვის, ისე ირიგაციის კომპანიის სხვა სერვისებით მოსარგებლეებისათვისაც. საუბარია, ჰესებზე, ქარხნებზე და სხვა.
„ირიგაციის სექტორში დღეს მოქმედი ტარიფი 12 წლის წინაა დადგენილი, რომლის გადახედვაც ამ დრომდე არ მომხდარა. არსებული ტარიფი 75 ლარს შეადგენს, რომელიც ითვალისწინებს და ეყრდნობა ფიქსირებული გადასახადის პრინციპს ჰექტარზე. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიას აღნიშნული თანხის გადახდის პირობით, აქვს ვალდებულება მთელი წლის განმავლობაში (სეზონზე არ აქვს მნიშნელობა კონკრეტული ფართის მორწყვა რამდენჯერ მოხდება), უნდა მოახდინოს ამ სერვისის გაწევა“,- განაცხადა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ნადირაძემ.
მისივე თქმით, ტარიფის დადგენის შემდეგ, კუბურ მეტრთან მიმართებაში საფასურის განსაზღვრა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, რაც ფერმერს შესაძლებლობას მისცემს, რომ არჩევანი გააკეთოს, ფიქსირებული გადასახადის პრინციპი ჰექტართან მიმართებაში გამოიყენოს, თუ წყლის დამზოგავი ინფრასტრუქტურა დანერგოს.
სემეკს დღეის მდგომარეობით 40 ათასი ფერმერი ჰყავს იდენტიფიცირებული, როგორც მომხმარებელი, რომელთა უმრავლესობას სარწყავი სისტემა პრიმიტიული აქვს,( ე.წ. მიღვრის მეთოდით მორწყვა) რომელიც წყლის მეტ რაოდენობის გამოყენებას გულისხმობს.
სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ ტარიფი მხოლოდ საოპერაციო ხარჯებს დაფარავს, ხოლო კაპიტალურ ხარჯების სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს.
როგორც ნადირაძე აცხადებს, მათმა ახალმა წესმა კომპანიის ფინანსურ გაჯანსაღებას ხელი უნდა შეუწყოს, რათა სერვისის მიმართულებით ნორმალური ექსპლუატაციის გაწევა შეძლოს. ამასთან იქნება ბაზა, რაც მომხმარებელს უფრო დაცულს გახდის. როდესაც მომხმარებლისთვის სათანადოდ მომსახურების გაწევა არ ხდება, დავის შემთხვევაში სემეკი განიხილავს აღნიშნულს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოხდება.