ახალი ამბები

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა გამოვლინდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც KNEWS.GE-ს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპოდემიოლოგ-პარაზიტოლოგმა ნანა ჯადუგიშვილმა განუცხადა, პაციენტებმა გაიარეს შესაბამისი მკურნალობა და თავს კარგად გრძნობენ. მისივე თქმით, დაავადება მუნიციპალიტეტში ყოველ წელს ფიქსირდება და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

,,ეს არის ზოონოზური დაავადება, რომელსაც იწვევს ლეპტოსპირას გვარის ბაქტერია. ადამიანი შეიძლება დასნებოვდეს ცხოველის შარდთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის დროს. ეს დაავადება არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე. ლეპტოსპირა ორგანიზმში იჭრება ძირითადად ლორწოვანი გარსიდან ან დაზიანებული კანიდან, მაშინ როცა პირს აქვს დაავადებულ მღრღნელთან კონტაქტი.

ლეპტოსპირას ახასიათებს ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, პირღებინება, დიარეა, ასევე ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგია. ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა. გასულ წელს გურჯაანში გვქონდა დაავადების 4 შემთხვევა, წელს კი 3. ეს არ არის საგანგაშო.

რაც შეეხებათ პაციენტებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ, მკურნალობის კურსიც უკვე დაამთავრეს. რაც შეეხება ლეიშმანიოზს წელს გვქონდა 1 შემთხვევა”,- განაცხადა ნანა ჯადუგიშვილმა.

ლეპტოსპიროზის ორი კლინიკური ფორმა არსებობს: სიყვითლით მიმდინარე და უსიყვითლო. ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების ტკივილი, პარენქიმული ორგანოების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება. სიმპტომები შეიძლება ორ ეტაპად გამოვლინდეს. თითქმის ყველა მძიმე შემთხვევაში აღინიშნება თირკმლის ფუნქციის მოშლა – ნეფრიტი ანურიით და ურემიული მოვლენებით, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თრომბო-ჰემორაგიული სინდრომი, რეციდივები 3-4 ტემპერატურული ტალღით, ხშირად ახლავს მენინგეალური მოვლენები (ლეპტოსპიროზული მენინგიტი), პნევმონია, ფილტვის ჰემორაგია, მიოკარდიტი, ბრადიკარდია, სისხლის წნევის დაქვეითება, მესამე დღიდან სხვადასხვა ტიპის გამონაყარი მთელ ტანზე და სისხლჩაქცევები.

ლეპტოსპიროზის ბუნებრივი კერები რეგისტრირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, შემთხვევვები აღრიცხულია საქართველოშიც. დაავადება არის პროფესიული, რისკის ჯგუფები არიან:ვეტერინარები, სამხედროები, მინდორში მომუშავეები, ცხოველთა ფერმის მუშაკები, მეთევზეები, კანალიზაციის მუშები. შემთხვევები ხშირდება ზაფხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა მისი ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანთა დაინფიცირება ძირითადად ხდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შესრულებისას, ღია წყალსატევების წყლის გამოყენებისას, შინაური ცხოველების მოვლისას, მღრღნელებთან კონტაქტისას.

პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცხელებით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

პრევენციული ღონისძიებები:

არ იცურაოთ და არ გამოიყენოთ წყალი, რომელიც შესაძლოა დაბინძურებული იყოს დაავადებული ცხოველების შარდით;

პირადი პროფილაქტიკის დაცვა (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმნები) დაბინძურებულ ნიადაგთან, წყალთან, ცხოველთა ქსოვილებთან ან შარდთან კონტაქტისას;

ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა ექიმის დანიშნულებით (200 მგ დოქსიციკლინი კვირაში, არ არის რეკომენდირებული ორსულებისა და ბავშვებისათვის).

ყოველთვის დაიბანეთ ხელები ცხოველებთან ურთიერთობის შემდეგ;

დაბინძურებული ზედაპირების დასამუშავებლად ანტიბაქტერიული სითხის გამოყენება;

დერატიზაცია