2006 წლიდან დღემდე საქართველოში მასწავლებელთა რიცხვი 12 000-ით შემცირდა
2019 წლიდან საქართველოში დასაქმებული მასწავლებლების რაოდენობა შემცირდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლების მიმართულებას მოიცავს.
კვლევის თანახმად, 2019-2020 წლებში ქვეყანაში 64 000 მასწავლებელი იყო. წელს კი მათი რიცხვი 62 000-ია. ამავე ინფორმაციით, კერძო სკოლებში დასაქმებულ მასწავლებელთა რიცხვი 2022 წელს 20%-ით შემცირდა, საჯარო სკოლებში კი 3%-ით გაიზარდა.
ეს ტენდენცია გარკვეულწილად განათლების რეფორმით არის ახსნილი, რომელიც საპენსიო ასაკის მასწავლებლებს საშუალებას აძლევდა შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა და მიეღოთ 2 წლის სახელფასო ანაზღაურება ერთჯერადი ფულადი ჯილდოს სახით.
თუ რა გამოწვევების წინაშე დგას განათლების სექტორი, ამ საკითხზე გადაცემა „კომერსანტის დილაში“ განათლების ექსპერტმა შალვა ტაბატაძემ ისაუბრა.
„მასწავლებელთა რაოდენობის შესახებ მონაცემები „თიბისი კაპიტალს“ საქსტატზე დაყრდნობით აქვს დაანგარიშებული, შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ რეალური სურათი უფრო განსხვავებულია, რადგან ერთი და იგივე მასწავლებელი ზოგჯერ სხვადასხვა სკოლაში ასწავლის ხოლმე ერთდროულად. ეს იძლევა ცდომილებას.
საერთო ტენდენცია რომ ავიღოთ, მასწავლებელთა რაოდენობა 2006 წლიდან დღემდე დაახლოებით 12 000-ით არის შემცირებული. უფრო ზუსტია მონაცემები 2016 წლიდან, რომლის შემდეგაც ამ დრომდე 6 700-ით არის კლება. აქედან კერძო სკოლებში 17%-ია კლება, საჯარო სკოლებში კი 11%. ასევე განსხვავებაა რეგიონებს შორისაც. მაგალითად რაჭა-ლეჩხუმში მასწავლებელთა რაოდენობა 22%-ით შემცირდა, თბილისში კი მხოლოდ 5%.
ასევე განსხვავებაა სწავლების ენის მიმართულებითაც. მეტი იყო კლება რუსულენოვანი მასწავლებლების, ხოლო ქართულენოვანის, ნაკლებად“, – აღნიშნა შალვა ტაბატაძემ.
მისი თქმით, საჯარო სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობის კლება გარკვეულწილად განათლების რეფორმას უკავშირდება, რომლის დროსაც 6000-იდან 8000-მდე მასწავლებელი გავიდა სისტემიდან.
როგორც მან განაცხადა, მასწავლებელთა რაოდენობაზე გავლენას ახდენს ასევე რამდენიმე ფაქტორი, სასწავლო გეგმა და საათობრივი ბადე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, კერძო სკოლებში მიმდინარე ავტორიზაციის პროცესი.
„ზოგადად, მოსწავლე-მასწავლებლის შეფარდება დაბალია. არაოპტიმალური მოწყობის გამო გვაქვს არსებობს 2 ტიპის პრობლემა. პირველი არის ის, მასწავლებელთა ასაკი არის დაბერებისკენ წასული და სისტემაში არ ხდება კვალიფიციური ახალი კადრების შედინება. მაღალმთიან რეგიონებში განსაკუთრებით, სწორედ ამის გამო იქმნება მასწავლებლების სიმცირე. ხოლო მეორე არის ის, რომ სხვადასხვა საგანში განსხვავებული მდგომარეობაა. მაგალითად, ინგლისური ენის მასწავლებელთა საშუალო ასაკი არის 41, მაშინ, როცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგთა საშუალო ასაკი 55 წელია. შესაბამისად, განსხვავებულია მოთხოვნა ახალ კადრებზე.
სახელმწიფოს თითქოს სურს სწორი მიდგომა დაიჭიროს ამ სისტემაში, თუმცა 60 კრედიტის საგნებს სახელმწიფო აფინანსებს ქართული და ინგლისური ენის პროფესიონალების მიმართულებით, მაშინ, როცა ამ კუთხით მოთხოვნა არ არის მაღალ, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგების აშკარა სიმცირეა ბაზარზე.
2016 წლიდან დღემდე, ძალიან მცირეა ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის კვალიფიციური მასწავლებელი და ფიზიკურად ჭირს კადრის ნახვა ამ მიმართულებებით. არსებობს ამ კუთხით სისტემიდან გასული ასაკოვანი კადრების ჩანაცვლების პრობლემა“, – განაცხადა შალვა ტაბატაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მასწავლებელთა სიმცირის პრობლემის გადაჭრა გარკვეულწილად სახელფასო პოლიტიკის შეცვლით არის შესაძლებელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მაგალითად, როგორიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებია, რეალური შედეგის მომცემი პროფესიაში შესვლის გამარტივება იქნება.