ახალი ამბები

„ევროკომისიისა და ჩვენს შეფასებებს შორის თანხვედრაა“ – კობახიძე 12 რეკომენდაციის შესრულებაზე

მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ევროკომისიისა და მმართველი ძალის შეფასებებს შორის თანხვედრა არსებობს.

ირაკლი კობახიძემ დღეს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ანგარიშის დროს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველომ რეკომენდაციები საკანონმდებლო დონეზე შეასრულა და ახლა მათი პრაქტიკაში შესრულებაღა დარჩა.

„რაც შეეხება იმას, რამდენად თავსებადია ერთმანეთთან ევროკომისრის და ჩვენი შეფასებები. არ მგონია, რომ შეუთავსებლობაა და ავხსნი რატომ. ერთი მხრივ არის რიცხვები, რომლის თანახმად 3 რეკომენდაცია სრულად შესრულდა, დანარჩენი კი არასრულადაა შესრულებული, თუმცა რაში ვხედავთ თანხვედრას – დღემდე, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა. ანუ რის გაკეთებაც შესაძლებელი იყო პრაქტიკული კუთხით – ეს იყო კანონმდებლობის შემუშავება და ეს გაკეთდა.

თუ დავაკვირდებით რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, გვეუბნებიან რომ კანონმდებლობა კარგია და პრაქტიკაში აღსრულებაა საჭირო. ანუ ჩვენ ვთანხმდებით შეფასებაზე, კანონმდებლობა მოწონებულია და აქედან გამომდინარე ჩვენ ვაცხადებთ, რომ რაც დღემდე შეიძლებოდა გაკეთებულიყო, გაკეთდა. იგივე რეგლამენტის შემთხვევაში – ის დაიხვეწა. რატომ გვეუბნებიან, რომ სრულად შესრულებული არ არის, რადგან ეს პრაქტიკაში უნდა დაინერგოს.

ევროკომისარი ვარჰეი გვეუბნება, რომ კარგია კანონმდებლობის გადასინჯვა, თუმცა ახლა საჭიროა ამ ყველაფრის აღსრულება. 18-დან 12-13 უკავშირდება პრაქტიკის გაუმჯობესებას. ამიტომ პრინციპში თანხვედრაა ჩვენს შეფასებებს შორის“, – განაცხადა კობახიძემ.