ახალი ამბები

უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ციფრები და ანალიზი

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საგარეო ვაჭრობის ბრუნვის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით აღინიშნება როგორც თანხობრივი, ასევე წილობრივი მატება. შობადობის კლებისა და მასობრივი ემიგრაციის მიუხედავად, მიგრანტებად ქცეული რუსი ვიზიტორების ხარჯზე, გასულ წელს საქართველოს მოსახლეობაც კი გაიზარდა.

საგარეო ვაჭრობა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რუსეთი როგორც ნაცნობი ბაზარი, საქართველოსთვის მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა –  მისი წილი სავაჭრო ბრუნვაში სტაბილურად 15 პროცენტს აჭარბებდა, ემბარგოს შემდეგ 5 პროცენტს ჩამოსცდა. 2022-2023 წლებში კი ისევ გადააჭარბა 13 პროცენტს.

ომის დაწყების შემდეგ 10 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 54.4 პროცენტით გაიზარდა [მათ შორის ექსპორტი 3.2 პროცენტით და იმპორტი – 85.5-ით].

ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა, იმ განსხვავებით, რომ პირველ ოთხ თვეში ექსპორტიც მნიშვნელოვნად – 44.6 პროცენტით გაიზარდა, რასაც იმპორტის 54.2 პროცენტიანი ზრდა დაემატა. იანვარ-აპრილში მთელს მსოფლიოსთან სავაჭრო ბრუნვა 21.9 პროცენტითაა გაზრდილი (5 მილიარდ 254 მილიონი დოლარიდან 6 მილიარდ 493 მილიონამდეა) , ცალკე აღებულ რუსეთთან კი 51.4 პროცენტით (560 მლნ დოლარიდან $848 მლნ დოლარამდე).

ცალკე აღებულ ექსპორტში, რუსეთის წილი 2022 წლის იანვარ-აპრილში 9.9 პროცენტს შეადგენდა, 2023 წლის იანვარ-აპრილში კი 11.5 პროცენტს გაუტოლდა. სულ ოთხ თვეში, საქართველომ რუსეთში 226 მლნ-ის დოლარის პროდუქცია გაყიდა.

რუსეთში ექსპორტზე 11.5 პროცენტიანი დამოკიდებულება ზოგადად მცირე არაა, თუმცა არც განსაკუთრებულად დიდად მიიჩნევა.

პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც ცალკეულ პროდუქციებს ვნახავთ ჩაშლილად – მაგალითად, ღვინის ექსპორტის 67 პროცენტი რუსეთზე მოდის, მინერალური წყლების – 57 პროცენტი და ფეროშენადნობის 53 პროცენტი ასევე ექსპორტზე რუსეთში გავიდა. fff1cc

ანუ ქართული ეკონომიკის ცალკეული, მნიშვნელოვანი დარგები, ისეთი როგორიცაა ღვინო, მინერალური წყლები, ფეროშენადნობები კვლავ დიდწილად რუსულ ბაზარს მიება.

ემბარგოს მოხსნის შემდეგ 2013 წლიდან, ყველაზე მეტი ღვინო მართალია ისევ რუსეთში გადიოდა, მაგრამ  ამ ზომის დამოკიდებულება მაინც არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2021 წელს რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში  55 პროცენტს შეადგენდა.

ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში იყიდება, ოღონდ სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფად, ან ბევრად უფრო იაფად. ოთხი თვის მონაცემებით ერთი ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი რუსეთში 2.75 დოლარს შეადგენდა, ევროკავშირში 3.16 დოლარს, შეერთებულ შტატებში კი 6.58 დოლარს. სხვაგან დსთ-შიც რუსეთის გამოკლებით –  3.08 დოლარს.

მსგავსი მასშტაბის დამოკიდებულება, სხვა თანაბარ პირობებში, არაოკუპანტ სახელმწიფოსთანაც კი რისკის შემცველია.  რუსეთის შემთხვევაში, ეს რისკი, თუნდაც მხოლოდ 2006 წლის ემბარგოს გამოცდილების გათვალისწინებით, შეუდარებლად უფრო მაღალია.

როგორც 2022-ში, ასევე 2023-ში ექსპორტზე მეტად იმპორტი გაიზარდა, რაშიც გადამწყვეტი ფაქტორი რუსულ ნავთობპროდუქტებზე გადასვლამ გამოიწვია. სანქციების გათვალისწინებით, რუსეთი იძულებულია თავის ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე — ენერგომატარებლებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლება გასწიოს.

თუ რუსეთი ადრე საქართველოსთვის საწვავის რიგითი მომწოდებელი იყო, 2023 წლის იანვარ-აპრილში, მისი წილი ბენზინისა და დიზელის იმპორტში 85 პროცენტამდე გაიზარდა.

მკვეთრად, 116 პროცენტით 37 მლნ დოლარიდან 80 მლნ დოლარამდეა გაზრდილი ბუნებრივი გაზის იმპორტიც.

ეს მთლიანად კომერციული გაზი უნდა იყოს, რადგან მოსახლეობისა და თბოსადგურებისთვის ბუნებრივ გაზს საქართველო აზერბაიჯანიდან ყიდულობს. მსხვილ საწარმოებს კომერციული გაზის შესაძენად უფლება აქვთ ალტერნატიული მომწოდებელი თავად შეარჩიონ, ასეთი კი რეგიონში ერთადერთი რუსეთია.

საწვავისგან განსხვავებით, სხვა პროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა კვლავ ძალიან მაღალი 96 პროცენტიანი დამოკიდებულება ნარჩუნდება რუსეთის წილზე ფქვილისა და ხორბლის იმპორტში.

რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდის ფონზე, იანვარ-აპრილის მონაცემებით, მკვეთრად შემცირებულია ექსპორტი ჩინეთში (44 პროცენტით). ჩინეთი 2020-2022 წლებში საექსპორტო პარტნიორებში პირველ ადგილს იკავებდა, დღეს მეხუთეზეა.

ვარდნა ბევრად უფრო დრამატულია შეერთებულ შტატებში, სადაც ოთხ თვეში ექსპორტი 79 პროცენტით შემცირდა.

ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა, თუმცა უმნიშვნელოდ – მხოლოდ 5.5 პროცენტით. და თანაც, თანხობრივი ზრდის მიუხედავად, ევროკავშირის წილი ექსპორტში 14.8 პროცენტამდე შემცირდა. თუკი ეს დინამიკა შემდეგ რვა თვეშიც შენარჩუნდა, მაშინ 1997 წლის შემდეგ ეს იქნება მინიმალური მაჩვენებელი.

გასათვალისწინებელის ისიც, რომ აშშ მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკაა, ჩინეთი მეორე, ევროკავშირი, როგორც ერთიანი ბაზარი – მესამე. ჯამში, სამივე ერთად, პლანეტის ეკონომიკის 60 პროცენტს აგენერირებს, 30-ჯერ მეტს ვიდრე  ცალკე აღებული რუსეთი.

 

წყარო: jam-news.net

იხილეთ ვრცლად მასალა:

უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ციფრები და ანალიზი