უკრაინაში საქართველო აღარ იქნება “გრუზია” და მას ქართული სახელწოდებით – “საქართველო” შეცვლიან
უკრაინის უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, უკრაინულ ენაზე საქართველო აღარ იქნება “გრუზია” და მას ქართული სახელწოდებით – “საქართველო” შეცვლიან.
კანონპროექტი რადაში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დარეგისტრირდა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ოფიციალური თბილისი უკვე თითქმის 15 წლის განმავლობაში არწმუნებს თავის საერთაშორისო პარტნიორებს უარი თქვან სახელწოდებაზე “გრუზია”, რომელიც რუსიფიცირებულად მიიჩნევა და ქართველები ითხოვენ, რომ ქვეყანას ისტორიული სახელი – საქართველო ეწოდოს.
“გამოვიყენოთ ქვეყნის ისტორიული სახელწოდება “საქართველო” “გრუზიას” ნაცვლად – როგორც ოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ მიმოწერაში და ურთიერთობებში, ასევე მასმედიაში. შესაბამისად ერს ეწოდოს “ქართველები” და არა “გრუზინი”. უნდა აღინიშნოს, რომ სახელწოდება “გრუზია” მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 20 ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის უკრაინაში. ამ ქვეყნების უმეტესობა არის პოსტსაბჭოთა სივრციდან. ამ სახელმწიფოს “გრუზია” უწოდეს რუსეთში, ეს იმპერიული სახელწოდებაა და მისი თარგმანი “ჯორჯია” [Georgia] რუსული თარგმანის შედეგია. რუსული სახელწოდებაზე “გრუზია” უარი თქვეს ლიეტუვამ, ისრაელმა, სამხრეთ კორეამ და იაპონია. მათი უმეტესობა იყენებს ქვეყნის ლათინურ სახელწოდებას “ჯორჯია” [Georgia], თუმცა ლიეტუვა – ერთადერთი ქვეყანაა [ევროკავშირისა და NATO-ს წევრი], რომელიც ქვეყანას 2021 წლიდან ისტორიულ სახელს – “საქართველოს” უწოდებს”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ ნაბიჯით უკრაინა უარს იტყვის პოსტსაბჭოთა სახელწოდებაზე “გრუზია” და ასევე უფრო მეტად მოხდება ორი ქვეყნის დაახლოება ორმხრივ ურთიერთობებში. კანონპროექტის ავტორებს შორის, რადას სახალხო დეპუტატი ოლექსი გონჩარენკოა.