ლაგოდეხში დამზადებული საწრუპი ჩხირების ექსპორტი კვიპროსსა და ესპანეთში იგეგმება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანია „ბიობამბი“ ქართული ლერწმისგან დამზადებული ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების ექსპორტს წელს კვიპროსსა და ესპანეთში გეგმავს.
2022 წლის ბოლოს გახსნილმა კომპანიამ, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, გაფართოება გადაწყვიტა, რის შედეგადაც წლიურად 200 მლნ ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირის დამზადებას შეძლებს.
„ბიობამბის“ მმართველი დირექტორი გიორგი ჩიქოვანი „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რომ კომპანია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.
„საწარმოს ამუშავების შემდეგ, რამდენიმე ეკომეგობრულ დაწესებულებაში დავიწყებთ პროდუქციის შეტანა. საწრუპი ჩხირები საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. მოლაპარაკებები დავიწყეთ ქსელურ კომპანიებთან და დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ BRC სტანდარტი აგვეღო, რაც თავის თავში ISO სერტიფიცირებასაც გულისხმობს. სტანდარტის დანერგვა საშუალებას მოგვცემს, პროდუქცია ექსპორტზე ნებისმიერ ქვეყანაში გავიტანოთ.
დავიწყეთ სტანდარტიზაციის პროცესი, მიმდინარეობს გაფართოება და ხდება წარმოების სრული ავტომატიზირება. წარმოების მაქსიმალურ ნიშნულს აგვისტოს შუა რიცხვებში მივაღწევთ. ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ ბაზარს სრულად დავაკმაყოფილებთ და ექსპორტზე გავალთ.
ვგეგმავთ, რომ პროდუქციას ექსპორტზე სექტემბრიდან გავიტანოთ. პირველი იქნება ევროპის ის ქვეყნები, სადაც მთლიანად აკრძალულია პლასტმასის საწრუპი ჩხირების გამოყენება. გვაქვს მოლაპარაკებები კვიპროსთან და ესპანეთთან, ასევე აშშ-სთან, თუმცა იქ აშშ-ის სოფლის განვითარების სააგენტოს ნებართვის აღება დაგვჭირდება, რის შემდეგაც ვაპირებთ ექსპორტს. წელს ვგეგმავთ, რომ ექსპორტი კვიპროსსა და ესპანეთში დავიწყოთ“, – აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.
„ბიობამბის“ მმართველი დირექტორის განცხადებით, ქართული წარმოების ეკოლოგიურად სუფთა საწრუპი ჩხირები არა მხოლოდ უსაფრთხოებითა და ხარისხით, არამედ ფასითაც გაუწევს კონკურენციას როგორც პლასტიკის, ისე ქაღალდის საწრუპ ჩხირებს.
კომპანიამ საწარმოს გახსნაში თავდაპირველად 150 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც 125 000 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება იყო. გაფართოებისა და BRC სტანდარტის დანერგვის შედეგად ჯამურმა ინვესტიციამ 500 000 ლარს მიაღწია.
Pingback: ასპინძაში ბრუცელოზი გავრცელდა. ქუთაისში დაუსრულებელი სკვერი გახსნეს. რა ხდება რეგიონებში - JAMnews