ახალი ამბები

კახეთში საჯარო სკოლების წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს- ფოტოები

თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ოქროსმედალოსანი და ვერცხლისმედალოსანი ახალგაზრდები სკოლის წარჩინებით დამთავრებისათვის დააჯილდოვა.
ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონიაში გიორგი ალადაშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, ბოდებლმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელმა, შალვა ამონაშვილმა, პარლამენტის წევრებმა – ირაკლი ქადაგიშვილმა, დავით სონღულაშვილმა და მუნიციპალიტეტების მერებმა.

გიორგი ალადაშვილის ინიციატივით და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, წახალისების მიზნით, კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოქროსმედალოსან და ვერცხლისმედალოსან ახალგაზრდებს ყოველწლიურად, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

დაჯილდოების ცერემონია გასულ წელს პირველად გაიმართა და ტრადიციულ ხასიათს ატარებს. გასულ წელს, რეგიონის მასშტაბით 448 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. 2023 წელს, წარჩინებულ მოსწავლეთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა და მიმდინარე წელს, 500-მდე წარჩინებული მოსწავლე მიიღებს ჯილდოს.

დაჯილდოების რეგიონული მასშტაბის ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის სწავლისადმი მოტივაციისა და სტიმულის ამაღლება, განათლებული ახალგზარდა თაობის მიერ მიღწეული წარმატებული შედეგების პოპულარიზაცია წარმოადგენს.

ტრადიციულად გაიმართა ქუდების აყრის ცერემონია და ახალგაზრდების დაჯილდოების გრანდიოზული ღონისძიება „გუფი ლენდი“-ს კონცერტით დასრულდა.

დაჯილდოების ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელები და მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. ღონისძიების მხარდამჭერია – დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) „ვიზიტ კახეთი“.

DCIM/101MEDIA/DJI_2443.JPG