მთავრობამ თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალა
მთავრობამ თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალა – ამის შესახებ “ოცნების” მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამ მიზნით პარლამენტმა დაჩქარებული წესით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სამინისტროს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში რეორგანიზაციის გამოცხადების უფლებამოსილება მიეცა, თუმცა როგორც ირკვევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აღარ გაერთიანდება და ტექნიკურ უნივერსიტეტს მხოლოდ არატექნიკური ფაკულტეტები გამოეყოფა.
კობახიძის თქმით, სტუ-ს რექტორსა და პროფესორებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად სტუ გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად და ჩამოშორდება ჰუმანიტარული ფაკულტეტები.
„საკმაოდ ხანგრძლივი, საინტერესო და, რაც მთავარია, შედეგიანი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერა იმ რეფორმის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტი სრულად უჭერს მხარს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კონცეფციით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მათ შორის, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის თვისებრივი განახლების გეგმას, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპს, რეგიონებში უნივერსიტეტების გაძლიერების იდეას, არსებითად 3+1 სასწავლო პროგრამებზე გადასვლას, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერებისა და საკადრო პოლიტიკის დახვეწის გეგმას, დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. ამაზე გვქონდა საინტერესო დისკუსიები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხარდაჭერა რეფორმის მიმართ.
ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ, აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც შევჯერდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ: 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან. ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა. 29 იანვრიდან პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა და სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს დაგეგმილი ცვლილების შესახებ. განათლების ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში რომლის საფუძველზეც განათლების სამინისტრო ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას ახსნიდა.

