კახეთში, ცივ-გომბორის ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება
მთავრობა ცივ-გომბორის, მყინვარის, ეგრისის ეროვნული პარკების შექმნაზე მუშაობს.
ამის შესახებ პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმიდან ირკვევა.
„კანონპროექტის თანახმად, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში იქმნება ეგრისის ეროვნული პარკი და მისი საერთო ფართობი განისაზღვრება 37 086 ჰექტარით. ეგრისის ეროვნული პარკისთვის განკუთვნილი ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. ეგრისის ეროვნული პარკის ტერიტორიებზე გავრცელებული ხერხემლიანების 26 სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. ამასთანავე ეროვნული პარკის შექმნის ერთ-ერთი მიზანია ბუნებრივი უნიკალური გეომორფოლოგიური წარმონაქმნების – ქუაქანცალიას ლოდის, ცოტნე დადიანისა და ალბოვის კარსტული ჭების – დაცვა და შენარჩუნება; წაბლნარებისა და ადგილობრივი (ლოკალური) ენდემური ფლორის სახეობების ჰაბიტატების კონსერვაცია. კოლხური ტყის ბზის კორომების, მთა მიგარიასა და მთა ჯვარის მიდამოებში შემორჩენილი Betula megrelica-ს ტანბრეცილი ტყეების კონსერვაცია.
კანონპროექტის თანახმად, სვანეთსა და ლეჩხუმში (მესტიის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) იქმნება დაცული ტერიტორიები, კერძოდ, მესტიის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში მყინვარის ეროვნული პარკი 43 766 ჰა-ზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტში იქმნება ლენტეხის ეროვნული პარკი 22 300 ჰა-ზე, ცაგერის მუნიციპალიტეტში: ლეჩხუმის ეროვნული პარკი 15 936.95 ჰა-ზე, ხვამლის აღკვეთილი 2 690 ჰა-ზე, საირმის სვეტების ბუნების ძეგლი 32.6 ჰა-ზე, რაჩხას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი 1.7 ჰა-ზე და ღვირიშას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი 3.5 ჰა-ზე. აღნიშნული ტერიტორიები წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის. კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე გავრცელებულია 61 ძუძუმწოვრის სახეობა, საქართველოს ფარგლებში მობუდარი ფრინველის 155 სახეობა, ქვეწარმავლის 15 სახეობა, ამფიბიის 9 სახეობა და სხვა.
კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ცივ-გომბორის ეროვნული პარკი (საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტები) 20 000 ჰა ტერიტორიაზე და „გურჯაანის დაცული ლანდშაფტი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 17 000 ჰა ტერიტორიაზე. აღნიშნული ტერიტორიები ძირითადად წარმოადგენს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებს და მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის,“ – აღნიშნულია მთავრობის მიერ მომზადებულ გეგმაში.

