„ასკანელი“ ბაკურციხეში, ფრანგი არქიტექტორის დაპროექტებულ ღვინის მუზეუმს ააშენებს
კომპანია „ასკანელი“ კახეთში, კერძოდ ბაკურციხეში, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გოჩა ჩხაიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.
ბიზნესმენის თქმით, საწარმოო კომპლექსის სრულყოფა გულისხმობს უნიკალური კონცეფციის ღვინის მუზეუმის მშენებლობას, რომელიც რეგიონის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ჰაბად უნდა იქცეს.
„მუზეუმი დააპროექტა ფრანგმა არქიტექტორმა, რომელმაც შექმნა ბორდოში ღვინის ცნობილი მუზეუმი (Cité du Vin). ეს იქნება მიზიდულობის ძალა, სადაც კახეთში ჩამოსული ნებისმიერი სტუმარი აუცილებლად მოხვდება. ჩვენ ახლა პროექტირების ეტაპზე ვართ, მშენებლობას კი 2027 წელს დავიწყებთ“, – აღნიშნა გოჩა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, საწარმოო ნაწილში ინვესტიციის პირველი ფაზა უკვე დასრულებულია. ბაკურციხის საბრენდე მეურნეობაში დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიები, რომელიც უნიკალური და მაღალი ხარისხის სპირტების მიღების საშუალებას იძლევა.
გოჩა ჩხაიძის განმარტებით, აღნიშნული ტექნოლოგიური აღჭურვილობა კომპანიის ბრენდის (კონიაკის) ხარისხს თვისობრივად გააუმჯობესებს, რაც უახლოეს მომავალში საბოლოო პროდუქტზეც აისახება.
„ინოვაციები ჩვენთვის პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადავდგით. კომპანიაში დაინერგა ERP სისტემა, რამაც მრავალი პროცესის ავტომატიზაცია უზრუნველყო. გარდა ამისა, ჩამოვაყალიბეთ სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ორი დამოუკიდებელი წევრი შევიყვანეთ.
დღეს კომპანია მხოლოდ ჩემი იდეებით აღარ იმართება. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ერთიანი გუნდი. ერთობლივად ვგეგმავთ ბიუჯეტს და ვმსჯელობთ პროცესების სწორად წარმართვაზე. ეს ცვლილებები ძალიან მახარებს, რადგან დანერგილი სიახლეებით მენეჯმენტი მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
ჩემი მიზანია, „ასკანელი“ ჩამოყალიბდეს მყარ სისტემურ კომპანიად, რომელიც აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ერთ ადამიანზე. თუ ადრე მართვა „ხელით რეჟიმში“ ხდებოდა, ახლა ჩვენი პრიორიტეტი სისტემურობა და ინსტიტუციური განვითარებაა”, – განაცხადა ჩხაიძემ.

