ახალი ამბები

მშობლები 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივ ზღვარზე გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ – პეტიცია

რამდენიმე ასეული მშობელი 2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადი განათლების შესახებ კანონში პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვართან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვებას ითხოვს.

ზოგადი განათლების რეფორმის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძელზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით: 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვრის ცვლილებაზე გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინების შესახებ პეტიცია, საქართველოს პარლამენტში შევიდა. დოკუმენტს დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს. მას რამდენიმე ასეული მშობელი აწერს ხელს. კომიტეტს ერთკვირიანი ვადა აქვს იმისთვის, ხელმოწერების ნამდვილობა შეისწავლოს და ბიუროს პასუხი დაუბრუნოს.

პეტიცია პარლამენტში მარიამ ბოხუას სახელით დარეგისტრირდა და მას 2 მოთხოვნა აქვს:

მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება მიეცეს 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს;
ან

სკოლისთვის მზაობის შეფასების მექანიზმის გამოყენებით მოხდეს იმ ბავშვების მზაობის შეფასება, რომელთაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და შეფასების საფუძველზე მოხდეს 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
„სკოლის ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებში, ბავშვის სოციალურ-ემოციური მზაობისა და განვითარების ტემპის შესაბამისად, 2020 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, გარდამავალი დებულების სახით, გათვალისწინებულ იქნეს შესაბამისი ნორმა, რომლის მიხედვითაც 2026-2027 სასწავლო წელს, მითითებულ პირებს უფლება მიეცემათ, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით დაიწყონ სწავლა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე. მით უფრო იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ამ ასაკის ბავშვებს გააჩნიათ საკმარისი ემოციურ-ფსიქოლოგიური მომწიფება, ყურადღების კონცენტრაციის შესაბამისი უნარი და სასწავლო პროცესისთვის საჭირო თვითდისციპლინა, ვინაიდან სულ ცოტა 2 წელი გავლილი აქვთ შესაბამისი პროგრამები.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ასაკობრივი ზღვრის ცვლილების ინიციირება განხორციელდა სკოლებში რეგისტრაციის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, როდესაც სასწავლო წლის დასაწყისში მშობლებსა და ბავშვებს უკვე ჰქონდათ მკაფიო ინფორმაცია და მოლოდინი, რომ ბაღის ან წინასასკოლო მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, ბავშვები შეძლებდნენ პირველ კლასში შესვლას. ამ ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო მათი მიზანმიმართული მომზადება სკოლის ეტაპზე გადასასვლელად. რეგულაციის შეცვლა სასწავლო წლის მიმდინარეობისას შეეხება ბავშვებს, რომლებიც უკვე აკადემიურად და ფსიქოლოგიურად მზად არიან და თავს მომავალ პირველკლასელებად აღიქვამენ. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას იმის გაგება, რომ ისინი ვერ წავლენ პირველ კლასში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი თანატოლების დიდი ნაწილი სკოლაში მიდის, ბავშვებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან ფსიქოემოციურ სტრესს და აზიანებს სწავლის მოტივაციას. ამასთან, წინასასკოლო მომზადების პროგრამაში ჩართულ ბავშვებს მოუწევთ იმავე წინასასკოლო პროგრამის ხელახლა გავლა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე მზად არიან სკოლისთვის. ეს კი ზრდის რისკს, რომ ბავშვში განვითარდება სოციალურ-ემოციური და შემეცნებითი ინტერესების დაქვეითება, მათ შორის — მომავალში პირველი კლასის სასწავლო მასალის მიმართ მოტივაციისა და ინტერესის შემცირება.

2026-2027 წლის სასწავლო წლისთვის გარდამავალი დებულების (გამონაკლისის) გათვალისწინება უზრუნველყოფს სამართლიან და პროპორციულ გადასვლას და უპირველესად, მოემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, მის ფსიქოემოციურ კეთილდღეობასა და ასაკის შესაბამის განვითარებას”, – ნათქვამია პეტიციაში.

ცნობისთვის, განათლების სამინისტროს მიერ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული და დღეისთვის უკვე ამოქმედებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მიხედვით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკად 6 წელი განისაზღვრა, რომელიც პირს უსრულდება 15 სექტემბრის ჩათვლით.