ახალი ამბები

Il Bel Paese, სტიქია (ნაწილი 7)

უბრალო, მაგრამ დამახასიათებელი დეტალები იტალიის ყოველდღიური ცხოვრებიდან. რუბრიკას „გზა ევროპისკენ“ უძღვება თინათინ ზურაბიშვილი, ბოლონიის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

 

აღარ არის ჰაერი გაჟღენთილი ტალახის სუნით. თუ ისე მივეჩვიეთ, რომ ვეღარ ვგრძნობთ?

ემილია-რომანია, 24 მაისი, 2023 წ.

 

ფოტო: მთელმა იტალიამ გულთან ახლოს მიიტანა ემილია-რომანიის გასაჭირი. მომღერალმა ლაურა პაუზინიმ, რომელიც წარმოშობით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ზონიდანაა, მაგრამ ამჟამად იტალიაში არ იმყოფება, სოციალური მედიის მეშვეობით გამოხატა თავისი თანადგომა და საქველმოქმედო კონცერტების ორგანიზება დაიწყო. ფოტო ლაურა პაუზინის ინსტაგრამის პროფილიდან.

ერთი კვირის წინ იტალიის ემილია-რომანიის რეგიონის აღმოსავლეთი ნაწილი მანამდე არნახული წყალდიდობის მსხვერპლი გახდა. 23 მდინარე ადიდდა, 54 მუნიციპალიტეტში 305 მეწყერი დაფიქსირდა, 43 მუნიციპალიტეტში – დატბორვის 50 შემთხვევა, ზოგი დასახლებული პუნქტი კი სრულად დაიტბორა. სტიქიას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სულ ცოტა 37000 ადამიანი კი იძულებული გახდა, საკუთარი ბინა მიეტოვებინა. 24 მაისს იტალიაში ეროვნული გლოვის დღე იყო გამოცხადებული.

იტალია ძალიან ხშირად ხდება სტიქიის მსხვერპლი. თითქმის 2000 წლის წინ თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე ამოიფრქვა მსოფლიო ისტორიის ყველაზე ცნობილი ვულკანი, ვეზუვი, და ამ ამოფრქვევამ პომპეი, ჰერკულანუმი და ვინ იცის, კიდევ რა შეიწირა. ბოლო პერიოდს რაც შეეხება, სტატისტიკის თანახმად, ევროპის ქვეყნებიდან სწორედ იტალიაში მოხდა ყველაზე მეტი სტიქიური უბედურება. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ქვეყანას სტიქიასთან გამკლავების გამართული სისტემა უნდა ჰქონდეს. როგორ მუშაობს ეს სისტემა ადგილობრივ დონეზე?

 

პრევენცია

ემილია-რომანიაში წლევანდელი მაისი ძალიან წვიმიანია. თვე ძალიან საშიშად დაიწყო, 2 მაისს რამდენიმე მდინარე ადიდდა და ქალაქები და გზები დატბორა; ზოგიერთ მონაკვეთზე სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა. სტიქიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საჭირო გახდა ასობით ადამიანის ევაკუაცია. მაისის ამ პირველი სტიქიის მიზეზებს სინოპტიკოსები იმით ხსნიდნენ, რომ მიწა ვეღარ იწოვდა ამდენ ნალექს. 2-3 მაისის წყალდიდობის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ წყლის დონეს მდინარეებში. პარალელურად მიმდინარეობდა სამუშაოები მდინარეების კალაპოტს გამაგრების მიზნით. რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ქვიშის ტომრები დაურიგეს, რათა ჯებირები გაეკეთებინათ წყლის შესაკავებლად. ზოგ მუნიციპალიტეტში სასტიკად აიკრძალა მდინარეებთან მიახლოვება, 1500 ევრომდე ჯარიმები იქნა დაწესებული.

პრევენციულ ზომებს შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოსახლეობის ინფორმირება არსებული ვითარების და მოსალოდნელი რისკების შესახებ, ასევე – რჩევები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ საშიშროების შემთხვევაში. აი როგორ ხდებოდა ეს სტიქიის ერთ-ერთ ეპიცენტრში, მდინარე სენიოს მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში კასტელ ბოლონეზე, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 10 ათასია.

უკვე წლებია, რაც კასტელ ბოლონეზეს მერია რამდენიმე საკმაოდ სტანდარტულ არხს იყენებს ინფორმაციის გავრცელების მიზნით: ვებ-გვერდი, Facebook-ი და Instagram-ი, აგრეთვე – WhatsApp-ჯგუფი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია გაწევრიანება; საკმაოდ პოპულარულია ქალაქის მერის პერსონალური Facebook-პროფილიც. ამ არხების მეშვეობით მერიამ – და მერმა – ჯერ კიდევ 13 მაისს დაიწყეს მოსახლეობის გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომელიც ქალაქს ამ თვეში მეორე წყალდიდობით ემუქრებოდა. მერია მოუწოდებდა თანაქალაქელებს, ყურადღებით იყვნენ და მომზადებულები შეხვდნენ უამინდობას, უარი თქვან ყველანაირ გადაადგილებაზე, გარდა იმისა, რაც აუცილებელია; უსაფრთხოდ დააბინაონ სატრანსპორტო საშუალებები და არ მიუახლოვდნენ მდინარეს. «თვალი ადევნეთ [მერიის ვებ-გვერდს] და სოციალურ მედიას, გაწევრიანდით მერიის WhatsApp-ჯგუფში. სათანადო ორგანიზაციები, კანონდამცველები, სამოქალაქო დაცვის სამსახური და მოხალისეები მზად არიან დახმარების აღმოსაჩენად საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის მზადყოფნას, შეასრულოს მათი მითითებები», წერდა მერია 15 მაისს. ამ დღეს სულ ცოტა 5 გაფრთხილება იქნა გაგზავნილი WhatsApp-ით მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. მოსახლეობას ისიც აცნობეს, რომ კასტელ ბოლონეზეში და მეზობელ დასახლებულ პუნქტებში 16 მაისს პრევენციის მიზნით სკოლები და საბავშვო ბაღები დაიკეტებოდა.

16 და 17 მაისისთვის ინტენსიური წვიმების პროგნოზი რომ დადასტურდა, წინა დღეს, ანუ 15 მაისს, მერიამ 213 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. არადა, 15 მაისს მშვენიერი ამინდი იყო, ალბათ ერთადერთი გამონაკლისი ამ წვიმიანი მაისის თვეში. ევაკუირებულთა დროებითი თავშესაფრისთვის ადგილობრივი სპორტის სასახლე შეარჩიეს, მდინარისგან ერთ-ერთი ყველაზე დაშორებული შენობა.

 

წყალდიდობა

16 მაისს დილის 11 საათიდან მერია ყოველ საათში ავრცელებდა ინფორმაციას მდინარე სენიოში წყლის დონის შესახებ, რომელიც იმაზე სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ელოდნენ. 12:30-ზე უკვე ცხადი იყო, რომ სენიოს წყლის დონე მალე მიაღწევდა – და გადააჭარბებდა – კრიტიკულ ზღვარს. მერია კიდევ და კიდევ მოუწოდებდა მოსახლეობას სიფრთხილისკენ, ვინაიდან ვითარება სულ უფრო უარესდებოდა. 14:30-ზე წყლის დონემ 2 მაისის მაჩვენებელს გადააჭარბა. წვიმა გრძელდებოდა, და სწორედ მაშინ გაჟღერდა პირველად მოწოდება მოსახლეობის მიმართ, რომ არ გაჩერებულიყვნენ საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე და მაღალ სართულებზე ასულიყვნენ. ბუნებრივია, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სკოლების დაკეტვის შესახებ 17 მაისსაც – გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ბევრჯერ იქნა მიღებული შემდგომ დღეებში.

ამ კრიზისის პირობებში მერია, რა თქმა უნდა, მჭიდროდ თანამშრომლობდა ყველა სამსახურთან. დაახლოებით 15:00 საათზე ადგილობრივი პოლიციის საპატრულო მანქანებმა დაიწყო მოძრაობა ქალაქის ქუჩებში – აუცილებელი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ინფორმაცია მოახლოვებული საშიშროების შესახებ ქალაქის აბსოლუტურად ყველა მკვიდრამდე მიაღწევდა, WhatsApp-ჯგუფის და Facebook-ის «აუდიტორიები» უკვე არ იყო საკმარისი. მობილური ჯგუფები მეგაფონებით ავრცელებდნენ ინფორმაციას და მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ. მაღალ სართულებზე ასვლა უკვე მოთხოვნად იქცა, და ეს მოთხოვნა სულ უფრო და უფრო დაჟინებულად მეორდებოდა ყოველ საათში. 16:00 საათისთვის მერიამ აცნობა მოსახლეობას, რომ ზოგიერთ მონაკვეთზე სენიოს წყლის დონემ უპრეცედენტო მაჩვენებლებს მიაღწია. «აუცილებელია, რომ ყველანი მაღალ სართულებზე ახვიდეთ და არავინ გამოვიდეს სახლიდან. მაქსიმალური ყურადღება და კონცენტრაცია!»

მომდევნო საათებში ადგილობრივი პოლიციის მანქანებს სასწრაფო დახმარების და მერიის მანქანები შეუერთდა მოსახლეობის გაფრთხილების მიზნით. 20:00 საათზე სენიო ადიდდა, ტალახიანი წყალი დამანგრეველი ძალით დაიძრა ქალაქის ცენტრის მიმართულებით და შეუძლებელი იყო მისი შეჩერება. ვითარება კრიტიკული გახდა.

გამოცხადდა მაქსიმალური განგაში, აიკრძალა ქუჩაში ყოფნა და აბსოლუტურად სავალდებულო გახდა მაღალ სართულებზე ასვლა. მერიამ გაავრცელა სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურების საკონტაქტო ნომრები. დაახლოებით 22:00 საათზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა.

შუაღამისას ქალაქის დიდი ნაწილი, მათ შორის საკათედრო ტაძარი და ცენტრალური მოედანი, უკვე დატბორილი იყო. WhatsApp-ის შეტყობინებებს უკვე პირადად ქალაქის მერი აგზავნიდა: «ვითარება კრიტიკულია, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ადით მაღალ სართულებზე და არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ სახლიდან. … მთელი გულით გთხოვთ, არ გახვიდეთ ქუჩაში და მაღალ სართულებზე ადით.» თუ სხვა გზა არ არის, სახურავებზე ადითო. პარალელურად მიმდინარეობდა დაზარალებულთა ევაკუაცია.

ასეთ ხშირ, კომპეტენტურ და დეტალურ ინფორმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ კრიტიკულ ვითარებაში. არავინ ცდილობდა ვითარების შელამაზებას, მერია «მწარე» სიმართლეს ამბობდა არსებული საშიშროების შესახებ და ამავე დროს ავრცელებდა სასარგებლო რჩევებს, მოუწოდებდა მოსახლეობას, არ აყვეს პანიკას, არწმუნებდა ხალხს, რომ შესაბამისი სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ და უმძიმესი ვითარების მიუხედავად, არავინ იყო დატოვებული მარტო ამ განსაცდელის წინაშე.

უკვე ღამის 3 საათისთვის დამატებითი დამხმარე ძალები ჩამოვიდა საშიშ ზონებში მყოფი მოსახლეობის სამშვიდობოს გამოსაყვანად. რამდენადაც ყველაზე სარისკო ტერიტორიის მაცხოვრებლები, 15 მაისს ევაკუირებული 213 ადამიანი, უკვე სამშვიდობოს იყო, ბევრად გამარტივდა ახალი რისკის ზონების მოსახლეობის ევაკუაცია. რაც მთავარია, 16-17 მაისის წყალდიდობას კასტელ ბოლონეზეში არავინ ემსხვერპლა.

 

ფოტო: კასტელ ბოლონეზე, 17 მაისის დილა. ისტორიული ცენტრი სრულადაა დატბორილი. ფოტო ქალაქის მერის, ლუკა დელლა გოდენცას Facebook-ის პროფილიდან.

რეაბილიტაცია

17 მაისს გამთენიისას თითქმის მთელი ქალაქი სტიქიური უბედურების განსახიერება იყო. წვიმამ რომ გადაიღო, რადიკალურად შეიცვალა საგანგებო ვითარების მართვის სტრატეგია. WhatsApp-ის შეტყობინებების სიხშირე დღეში 4-5-მდე შემცირდა.

მერიამ გამოყო თავშეყრის სივრცეები დაზარალებულთათვის და მაშველებისთვის. მერიის ეზოში იმპროვიზირებულ მაგიდებზე ყველასთვის იყო წყალი. რკინიგზის სადგურის მიმდებარე კაფეში და სპორტულ დარბაზში, სადაც ევაკუირებული დააბინავეს, უზრუნველყოფილი იყო სადილი ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა – თან, ხარისხიანი კერძების არჩევანით. ეს საკვები წერტილები დღემდე მუშაობს როგორც დაზარებული მოსახლეობისთვის, ასევე მოხალისეებისთვის, რომლებიც მალევე გამოჩნდნენ ქალაქის ქუჩებში. არავის არანაირ საბუთს არ სთხოვენ – მობრძანდი, მიირთვი…

 

ფოტო: 18 მაისის დილიდან მერიის ეზოში მოხალისეები წყალს და დახმარებას სთავაზობდნენ დაზარალებულ მოსახლეობას, მოხალისეებს და მაშველებს.

თუმცა, 17 მაისს ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო ქალაქში გადაადგილება. 18 მაისს გამთენიისას წყალ-ტალახის დონემ დაიწია და ვისაც რეზინის ჩექმები ჰქონდა, უკვე შეეძლოთ პირველ სართულზე ჩასვლა ან ქუჩაში გასვლა; რეზინის ჩექმების გარეშე ეს ჯერ კიდევ სერიოზულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

19 მაისს კი მოსახლეობამ ხელები დაიკაპიწა და მას შემდეგ აღარ შეჩერებულა დასუფთავების სამუშაოები. არავინ დაელოდა სხვების დახმარებას, პირიქით –  ყველა მზად იყო მეზობლების, ახლობლების, უცნობების დასახმარებლად. შეიარაღდნენ ყველანაირი იარაღით – ბარებით, ნიჩბებით, ცოცხებით, ფოცხებით, და რაც მთავარია – მონდომებით. ცოტა ხანში სპეციალიზირებული ტექნიკაც გამოჩნდა. ძალზე ტალახი იყო, ძალზე ხალხი, ვინც ყველა ძალას და ყველა საშუალებას ხმარობდა სახლების, ეზოების და ქუჩების გასასუფთავებლად, ექსკავატორებით დაწყებული და აქანდაზებით დამთავრებული. ამ დღეებში უაღრესად იშვიათი იყო ქუჩაში სუფთა ტანსაცმლით გაევლო ვინმეს – სირცხვილიც კი იყო. ყველა აკეთებდა იმას, რაც შეეძლო; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც ყველას გვერდით ებრძოდნენ ტალახს, მერე რა, ეტლით რომ გადავადგილდებით, ნიჩბის ხმარება ხომ შეგვიძლიაო.

 

ფოტო: წვიმამ რომ გადაიღო, მუშაობა ბევრად გაადვილდა. კასტელ ბოლონეზეს ცენტრალური მოედანი, 20 მაისი.

საოცრად მალე აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა სადაც გაყვანილობა განსაკუთრებით დაინესტა, საჭირო გახდა ელექტრიკოსების გამოძახება – როგორც წესი, მოსახლეობის ხარჯებით. წყლის მოწოდებაც მალევე აღდგა, თუმცა დღემდე გრძელდება მისი ხარისხის კონტროლი. ამასთან, დღემდე შეუძლებელია წყალმომარაგების უზრუნველყოფა საცხოვრისებში 24-საათიან რეჟიმში, რადგან დღის საათებში თითქმის მთელ წყალს შენობების და ქუჩების დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობები იყენებს. ქალაქი გაივსო დრენაჟის დანადგარების ხმაურით, დატბორილი სარდაფებიდან წყალს რომ იღებენ, ტროტუარები კი გაივსო გადასაყრელად გამოტანილი ტალახიანი ნივთებით – ავეჯი, სამომხმარებლო ტექნიკა, ბაღის ქოთნები, ჭურჭელი, ყველაფერი… ათასობით ტონა ნაგავი მოგროვდა, რომლის გასატანადაც დღე და ღამე მუშაობენ, მაგრამ დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ტროტუარებზეა და ეს იმპროვიზირებული სანაგვეები ჯერ კიდევ ყოველდღე იზრდება…

 

ფოტო: ბინების პირველ სართულებზე და სარდაფებში სტიქიამ თითქმის ყველაფერი დააზიანა.

ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი ძალიან ბევრი მიმართულებით, და ამ სიტუაციაში პირველი დღიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მეხანძრეები – ყოველ ნაბიჯზე იყვნენ, ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდათ და არ გაჩერებულან, ყველას, ყველანაირად ეხმარებოდნენ.

 

ფოტო: მეხანძრეები და სხვა მაშველები იტალიის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ დაზარალებულ ზონებში.

დაუყოვნებლივ დაიწყო შენობების უსაფრთხოების შემოწმება, და ბევრი მონაკვეთი წითელი ლენტებით შემოღობეს, განსაკუთრებით – ქალაქის ისტორიულ უბნებში. ზოგ ადგილას ასფალტმა ან ტროტუარებმა დაიწია, და ეს მონაკვეთები სასწრაფოდ შეაკეთეს. სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი ბევრად უფრო პრობლემური აღმოჩნდა, რეგიონში მატარებლების აბსოლუტური უმრავლესობა გაურკვეველი დროითაა შეჩერებული. 24 მაისისთვის, ანუ სტიქიიდან 1 კვირის თავზე, რეგიონში 622 ქუჩა დაკეტილია ან სრულად, ან ნაწილობრივ წყალდიდობით მიყენებული დაზიანებების გამო.

წყალდიდობიდან მესამე დღეს ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური ამოქმედდა მთელ რეგიონში. ყველა მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტი აფთიაქების ამოქმედება იყო; კასტელ ბოლონეზეში ეს საკითხი ეტაპობრივად მოგვარდა, რადგან სტიქიამ ქალაქის სამივე აფთიაქი დააზარალა, მაგრამ 24 მაისს ყველა აფთიაქმა განაახლა მუშაობა, ისევე როგორც პირადი ექიმების ქსელმა.

 

რომანია, გაუძელი!

რეგიონის მასშტაბით სრული ზარალის შეფასება, ალბათ, შეუძლებელია. მილიარდობით ევროზეა საუბარი, ყველა სექტორი დაზარალდა: სოფლის მეურნეობა, ქალაქების ინფრასტრუქტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ტრანსპორტი, ტურიზმი… რიჩონე, რომელიც გასულ წელს იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ საზღვაო კურორტად იქნა აღიარებული, სრულიად დაიტბორა, ის ლამაზი და ცნობილი პლაჟი აღარ არსებობს. წყალდიდობიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, იტალიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო ემილია-რომანიის და, აგრეთვე, მეზობელი რეგიონების დაზარალებული ზონებისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ თანხას დაემატება ევროკავშირის ფონდები და კერძო შემოწირულობები. არ იქნება ადვილი დახმარების განაწილება, და თუმცა ერთი შეხედვით ძალიან სერიოზულ თანხაზეა საუბარი, ზარალის სრულად ანაზღაურების გარანტია არ არსებობს. სტიქიიდან ერთი კვირის შემდეგ 26000 ადამიანი ჯერ კიდევ დროებით თავშესაფრებშია, ზოგმა მათგანმა ყველაფერი დაკარგა, ბევრი მცირე ბიზნესი მიწასთანაა გასწორებული.

და მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თვალთანთლივ ხედავს ამ სირთულეებს, ბრძოლისუნარიანობას არ კარგავენ. მათი პასუხია: დავასუფთავებთ, ავაშენებთ, აღვადგენთ… ხშირად – სიმღერის თანხლებით. სოციალურ ქსელებში ათასობით ამბავს ყვებიან რომანიელების სიყოჩაღეზე; ქუჩებში ათასობით უპრეტენზიო, მაგრამ ძალიან გამამხნევებელი პლაკატი ან წარწერა გაჩნდა – «რომანია, გაუძელი!». კი, რამდენიმე ქურდმა სცადა ესარგებლა საყოველთაო გაჭირვებით და ღია კარებებით, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთები ყველგან გამოჩნდებიან ხოლმე…

 

ფოტო 1 : «რომანია, გაუძელი!» იმპროვიზირებული სლოგანი ადგილობრივ დიალექტზე კასტელ ბოლონეზეს სარკინიგზო სადგურის წინ.

ფოტო 2. კასტელ ბოლონეზეს ერთ-ერთი ეზო მოხალისეების დახმარების შემდეგ.

იტალიელებს ძალიან უყვართ სიტყვა «სოლიდარობა», და ძალიან ბევრი მათგანისთვის ეს მხოლოდ სიტყვა არ არის. შაბათ-კვირას დაზარალებული ზონები უცებ გაივსო მოხალისეებით, რომლებიც უსიტყვოდ უდგებოდნენ გვერდით ადგილობრივ მოსახლეობას და მათთან ერთად ასუფთავებდნენ ტალახისგან შენობებს და ქუჩებს. მათ შორის ბევრი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო. «ტალახის ანგელოზებად» მოიხსენიებდნენ, თუმცა ბევრს არ მოსწონს ეს ტერმინი. მირანდაც, თავის მეუღლესთან და 16 წლის ქალიშვილთან ერთად, კვირას კასტელ ბოლონეზეში ჩამოვიდა სრულიად უცხო ადამიანების დასახმარებლად.

«ჩვენმა» მეხანძრემ შემოიყვანა ჩვენს ეზოში, მოხალისეები მოვიდნენ, აბა რა დახმარება გჭირდებათო. აქამდე არც ჩვენ დაგვჭირვებიაო ტალახთან ბრძოლა, მაგრამ რადგან საჭიროა, ამასაც ვისწავლითო, მშვიდად გვითხრა მირანდამ, და ერთად მართლაც დავამარცხეთ ტალახი. ჩვენთან რომ გავედით ბოლოში, მაშინვე მეზობელ სახლში გააგრძელეს მუშაობა.

იტალიელებისთვის კვირა დღე განსაკუთრებულია – ესაა ახლობლების მონახულების, ეკლესიაში წასვლის, განსაკუთრებული კერძების მომზადების დღე. მირანდასაც შეეძლო დაესვენა, შვილი კი კონცერტზე, კურორტზე ან ბევრ სხვა «კარგ» ადგილას გაეგზავნა, ტალახისგან შორს. მაგრამ ამ კვირა დღეს მთელი ოჯახი დაზარალებულ ზონაში ჩამოვიდა და ეზოების, სადარბაზოების, ქუჩების დასუფთავებაში მიეხმარა ადგილობრივ მოსახლეობას.

 

“კვლავ აღვდგებით,” დარწმუნებულია ემილია-რომანიის რეგიონის პრეზიდენტი სტეფანო ბონაჩინი. ამ დღეებში ყველა იხსენებს 2012 წლის დამანგრეველ მიწისძვრას, როგორ უჭირდა რეგიონს მაშინაც, და როგორ გაიმართნენ წელში სირთულეების მიუხედავად. «ემილიელები და რომანიელები ასეთი ხალხია – მანქანა უნდა გააკეთონ? აკეთებენ ფერარის, მასერატის და ლამბორგინის. მოტოციკლი უნდა გააკეთონ? დუკატის აკეთებენ. ყველი უნდა გააკეთონ? პარმეზანს ქმნიან. სპაგეტი თუ მოუნდებათ, ბარილას შექმნიან. ყავა უნდათ? საეკოს აკეთებენ. … არ ჩერდებიან, არ იღლებიან, თუ რამე აქვთ გასაკეთებელი, კარგად და ლამაზად აკეთებენ, თან ისე, რომ ყველასთვის სასარგებლო იყოს. ქვები იქნება ასაკრეფი მიწისძვის მერე? ადგებიან და კათედრალებს ააშენებენ.» ეს ანონიმური ტექსტი გაჩნდა სოციალურ ქსელებში წყალდიდობის შემდეგ. მართალს ამბობს.

 

ფოტო: «კვლავ აღვდგებით». ფოტო ემილია-რომანიის რეგიონის პრეზიდენტის სტეფანო ბონაჩინის Facebook-ის პროფილიდან.