Nino’S House-გაიცანით წინანდალში მცხოვრები მცირე მეწარმე ნინო მესხიშვილი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მცხოვრები ნინო მესხიშვილი მცირე მეწარმეა. რამდენიმე წელია ნინო მცირე საოჯახო სასტუმროს ოჯახთან ერთად უძღვება.
როგორც ნინო ამბობს, სასტუმრო “Nino’S House” სოფელ წინანდალში დამსვენებელს სთავაზობს კომფორტულ და ლამაზ გარემოს, სადაც მსურველებს დახვდებათ 4 ადგილიანი ნომრები. ნინო აღნიშნავს, რომ კოტეჯში, სადაც მცირე სასტუმრო აქვს მოწყობილი, არის 2 ნომერი, სულ კი შესაძლებელია 10-მდე სტუმრის მიღება.
,,ოჯახის წევრები ერთდროულად ვუძღვებით სასტუმროს საქმეებს და ვუვლით ვენახებს. როგორ ვათავსებ ამ ყველაფერს ერთმანეთთან ცოტა მიჭირს ამის ახსნა. ამ საქმიანობის დაწყების იდეა ცოტა უცნაურად დაიწყო ჩემს ცხოვრებაში.
ვერ ვიტან სიცხეს და რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე ჩემს სოფელში, ტყესთან ახლოს მომეძებნა და მეყიდა პატარა სახლი, სადაც ვიცხოვრებდი პენსიაზე გასვლის შემდეგ. რამდენიმე წლის წინ კი როგორც იქნა გამოჩნდა ასეთი კოტეჯი.
კოტეჯის სანახავად რომ მივედი, მივხვდი რომ ეს ჩემი სახლი იყო, ვუყურებდი ოთახებს და გონებაში უკვე გააზრებული მქონდა როგორ მყუდროდ და ლამაზად მოვაწყობდი ჩემს საოცნებო სახლს. რა თქმა უნდა ჩემი ოცნების ასრულებაში მამას გვერდში დგომა მორალურადაც და ეკონომიურადაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი.
სწორედ მამამ მიყიდა კოტეჯი ტყის პირას და ერთად დავიწყეთ კოტეჯის აღდგენა და გარემონტება, ზუსტად ამ პროცესში დაიბადა იდეა, რომ გაგვეკეთებინა საოჯახო სასტუმრო. თითქმის 1 წელი დასჭირდა მის გარემონტებას და გალამაზებას. თვითონ ეს პროცესიც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. თითოეულ დეტალში ჩემს სულს და გულს ვდებდი’’,– განუცხადა knews.ge-ს ნინო მესხიშვილმა.
ნინო განმარტავს, რომ სასტუმროში ძველი ქართული და თანამედროვე სტილია შერწყმული. იგი ასევე აღნიშნავს, რომ თავისი ხელით მოწყობილ სივრცეში სტუმრებს 2018 წლიდან იღებს.
,,სასტუმროში არ მინდოდა სტანდარტული ნომრები გამეკეთებინა. ამიტომ მინდოდა სოფლური და თანამედოვე სტილის შერწყმა, რამდენად გამომივიდა ეს უკვე სხვებმა უნდა შეაფასონ. სასტუმროს მოწყობის დროს დეტალებს ყოველთვის ვუდგებოდი ჩემი გადმოსახედიდან, როდესაც დასასვენებლად წავიდოდი რა შემიქმნიდა კომფორტს და სიმშვიდეს, ვფიქრობდი ჩემთვის რა იქნებოდა დასვენების დროს პრიორიტეტული, ყოველივე ამის გათვალისწინებით თვითეულ დეტალს და სტილს დიდ ყურადღებას ვაქცევდი.
ეს რა თქმა უნდა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა მე და მამამ ერთობლივად შევძელით ეს, ოჯახის წევრებიც სულ გვერდში მიდგანან.
ძალიან საინტერესოა ამ სფეროში მუშაობა, მუდმივად გაქვს ადამიანებთან კომუნიკაცია, თუმცა ეს რამდენადაც საინტერესოა იმდენად რთულიც არის. ყოველდღე სწავლობ და იზრდები. ყოველთვის მაინტერესებს სტუმრების აზრი, რა მოეწონათ და რა სერვისს ისურვებდნენ შემდეგი სტუმრობისას’’,- აღნიშნავს ნინო.
მცირე მეწარმე ამბობს, რომ აქვს გარკვეული გამოწვევები, რისი მოგვარებაც აუცილებელია მეტი სტუმრის მისაღებად. ნინო ასევე განმარტავს, რომ სტუმრები როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთიდან ყავთ.
,,ძირითადად ჩემი სტუმრებისთვის პრიორიტეტული დილის საუზმეა. ესეც ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებ რომ შევთავაზო. სამწუხაროდ მაქვს არასტანდარტული 4 ადგილიანი ნომრები, რაც ჩემთვის წამგებიანი აღმოჩნდა, კერძოდ ძირითადად 2 ადგილიან ნომრებზე არის მოთხოვნა. ამ ყველაფერს ცოტა გვიან მივხვდი, მუშაობის პროცესში.
სტუმრები ძირითადად საქართველოდან მყავს, მაგრამ ჯავშნები მაქვს საზღვარგარეთის ქვეყნებიდანაც: საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და ა.შ. სხვათა შორის ძალიან ბევრ პოზიტივს ვიღებ ჩემი სტუმრებისგან და ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ უფრო გავაფართოვო ჩემი საქმიანობა. რასაც არ უნდა აკეთებდე ადამიანი, უნდა გიყვარდეს შენი საქმე.’’
ნინო ასევე სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, სამომავლოდ სასტუმროს ნომრების დამატებას და ტურისტებისთვის სხვა სერვისების შეთავაზებასაც გეგმავს.
,,ჩემი სამომავლო გეგმები უკვე რამდენიმე წელია მხოლოდ იდეის დონეზე მაქვს წარმოდგენილი. მინდა დავამატო სასტუმროს 5 ნომერი მეტი სტუმრის მისაღებად, თავისი სამზარეულოთი და კახური ელემენტებით: ქვევრები ეზოში, თონე, მწვადის შესაწველად მოწყობილი ადგილი და სხვა. ყველაფერი გათვილილი მაქვს, თუმცა ამისთვის ფინანსებია საჭირო.’’