სუბსიდირება ფერმერებს არასწორ სტიმულებს უჩენს – სალომე დეისაძე
სპეციალისტების ნაწილი საქართველოს მთავრობის მიერ რთველის სუბსიდირების პრაქტიკას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად იხარჯება.
როგორც აისეტის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა, სალომე დეისაძემ, “ბიზნეს ფორმულასთან” საუბარში აღნიშნა აუცილებელია, რომ სახელმწიფო გამოვიდეს სუბსიდირებიდან და სანაცვლოდ სექტორში სისტემური ცვლილებები განახორციელოს.
მისი თქმით, სწორედ აღნიშნული პროგრამის შედეგია ის, რომ ყოველწლიურად გვაქვს ყურძნის ჭარბი წარმოება, რომლის რეალიზების ერთ-ერთი გზა მისი ხელახალი სუბსიდირებაა.
“სუბსიდირების მექანიზმის არსებობა, ფერმერებს არასწორ სტიმულებს უჩენს. სწორედ ეს ქმნის ბაზარზე არასწორ მოლოდინებს ფასებთან დაკავშირებით. ასევე საინტერესოა ისიც, რომ სუბსიდირების შედეგად, ყოველწლიურად გვაქვს ყურძნის ჭარბი წარმოება, რომელიც კვლავ უნდა სუბსიდირდეს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო გამოვიდეს, სუბსიდირების პროგრამიდან და სექტორში უფრო სისტემური ტიპის რეფორმები განახორციელოს”, – განაცხადა სალომე დეისაძემ.
ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რთველის სუბსიდირების პროგრამის აუცილებლობა დღის წესრიგში ჭარბი მოსავლის გამო დგას და უპირველესად, ფერმერების დასახმარებლად და ღვინის ექსპორტის გასაზრდელად არის მიმართული.
მისივე თქმით, პროგრამის შეწყვეტაზე საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ფერმერები და მეღვინეები თავად სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეძლებენ ჭარბი რაოდენობის ყურძნის გადამუშავებასა და სათანადო შემოსავლის მიღებას.
მთავრობის მხრიდან რთველის სუბსიდირება წლებია გრძელდება. ჯამში ბიუჯეტს 2022 წლის რთველის სუბსიდირება 100 მლნ ლარი დაუჯდა. მთავრობამ რთველი 2021 წელსაც დაასუბსიდირა, რაზეც 138 მილიონი ლარი დახარჯა.