მუშავდება კანონპროექტი, რომელიც ცხოველთა დაავადებების გავრცელებას და უკონტროლო გამრავლებას შეამცირებს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელთა მთავარი მიზანია ქვეყანაში არსებული გამოწვევების სამართლებრივი გზით გადაჭრა.
ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ” კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც მომავალში ადამიანის კომპანიონ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი კეთილდღეობის განმსაზღვრელ სამართლებრივ საფუძვლებს შექმნის. მათ შორის ხელს შეუწყობს ცხოველთა დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა უკონტროლო გამრავლებასა და ცხოველთა მეპატრონეების მხრიდან რეგისტრაციის სავალდებულო წესის აღსრულებას.
კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა ვეტერინარიის მნიშვნელობა და ყურადღება დარგში არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. სამუშაო ფორმატში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა ვეტერინარიის როლი ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში და საქართველოში არსებული სხვადასხვა ვეტერინარული აქტივობები.
ვეტერინარიის მსოფლიო დღე ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციის (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ინიციატივით, 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლოს აღინიშნება.