ახალი ამბები

Il Bel Paese, მშრომელთა დღე(ები) (ნაწილი 6)

უბრალო, მაგრამ დამახასიათებელი დეტალები იტალიის ყოველდღიური ცხოვრებიდან.

რუბრიკას „გზა ევროპისკენ“ უძღვება თინათინ ზურაბიშვილი, ბოლონიის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

 

მშრომელთა დღე(ები) (ნაწილი 6)

პირველი მაისი იტალიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია – მშრომელთა დღე. თუმცა იდეოლოგიურად ეს მემარცხენეთა ზეიმია, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ იტალიაში ამ დღეს ყველა ერთსულოვნად აღნიშნავს. ბევრს შეიძლება არც ახსოვდეს ისტორიული მოვლენები, რომლებიც წინ უსწრებდა ამ დღესასწაულის „დაბადებას“ ამერიკაში და შემდეგ ევროპაშიც, მაგრამ 1891 წლის პირველი მაისიდან მოყოლებული იტალიაში სახელმწიფო დონეზე აგებენ პატივს შრომას და ყველა მშრომელს, და ყოველთვის იხსენებენ ქვეყნის კონსტიტუციის პირველ, ყველაზე მნიშვნელოვან დებულებას: „იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელიც შრომაზეა დაფუძნებული“.

ფოტო : იტალიის კონსტიტუციის პირველი ფრაზა: „იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელიც შრომაზეა დაფუძნებული.“

შრომა უყვართ და პატივს სცემენ. კარგად ესმით, რომ სწორედ შრომით შეძლეს გაჭირვებული წარსულის გადალახვა და ძლიერი სახელმწიფოს აშენება. კი, ამ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს, და იტალიელები გამუდმებით მსჯელობენ ამ პრობლემებზე, მაგრამ როგორც ვიცით, ყველაფერი შედარებითია.

იტალიაში სამუშაო დღე, როგორც წესი, დილით ადრე იწყება – ბევრი კაფე, მათ შორის პროვინციულ დასახლებულ პუნქტებში, დილის 5-6 საათიდანაა ღია და კლიენტებიც ბლომად ყავთ. ბევრი მათგანი დაახლოებით 13:00-14:00 საათამდე მუშაობს, თუმცა ზოგი გვიანობამდეა ღია აპერიტივების ფართო არჩევანით.

გასაკვირი არ არის, რომ იტალიელებს განსაკუთრებით ხიბლავს სამსახურები, რომლებიც შთაგონების წყაროს წარმოადგენს. ამასთან, ბუნებრივია, ყველა სამსახური ასეთი ვერ იქნება. სილვია გავიცანი როგორც მოხალისე ფოტოგრაფი.

ქალაქ ფორლის არქიტექტურული მემკვიდრეობის პროექტის ფარგლებში ასობით სურათი გადავუღეთ ე.წ. რაციონალური არქიტექტურის ნიმუშებს. ისეთი შთაბმეჭდავი პროფესიონალიზმით მუშაობდა, დარწმუნებული ვიყავი, მისი „ნამდვილი“ სამსახურიც ფოტოგრაფიასთან იქნებოდა კავშირში, მაგრამ შევცდი – ჩემს ძმებთან ერთად პატარა მექანიკური საწარმო გვაქვს და იქ ვმუშაობო. ჩემი სამსახური საინტერესო არ არისო, აღიარა, მაგრამ აბა რა ვქნა, მაინც კარგად უნდა ვიმუშაო, საქმეს ხომ ვერ ვუღალატებო. სამაგიეროდ, თავისუფალ დროს სილვია თავის მრავალფეროვან გატაცებებს უთმობს – ფოტოგრაფია, ველოსპორტი…

ფოტო : ქ. ფორლი: ქარხნის მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩას „მუშების ქუჩა“ დაარქვეს. ქახანა დიდი ხანია, აღარ მოქმედებს, მაგრამ ქუჩის სახელი დღემდეა შენარჩუნებული.

ჩემი დაკვირვებით, საქმეს მართლაც არ ღალატობენ – იტალიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგად მუშაობა, საქმეში ღირებული შედეგების მიღწევა. არა აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის წარმომადგენლებზეა საუბარი, პროფესიული ამბიციები ყველას აქვს: ექიმებს, კულინარებს, მასწავლებლებს, მომღერლებს, კურიერებს, არქიტექტორებს, ბარმენებს…

არ ვამბობ, რომ იტალიაში არ ცხოვრობენ ზარმაცები, ვინც გაურბის შრომას და, ზოგადად, პასუხისმგებლობას, მაგრამ ვინც მუშაობს (ანუ აბსოლუტური უმრავლესობა), როგორც წესი, მართლა სულს და გულს დებს შრომაში. ამიტომაა, რომ, მაგალითად, ბარში რიგითი კაპუჩინოს დასალევად რომ ჩერდება ადამიანი, ბარმენი მის კაპუჩინოს ან გულის, ან ყვავილის გამოსახულებით „აგვირგვინებს“, გამოესაუბრება, მოიკითხავს, ან სულაც რამეს წაუმღერებს…

იტალიელებისთვის უაღრესად დამახასიათებელია ისიც, რომ კარგად დასვენების მნიშვნელობა და ხიბლიც მშვენივრად იციან. ძალიან ხშირად, ახერხებენ და არცერთს ღალატობენ – ინტენსიური სამუშაო დღის, ან სამუშაო კვირის შემდეგ განტვირთვის რაიმე საინტერესო საშუალებას პოულობენ. რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს სამსახური, პრიორიტეტები ცხოვრება, ოჯახი, ადამიანური ურთიერთობებია; იტალიელები არ ცხოვრობენ, რათა იმუშაონ, არამედ მუშაობენ – და ხშირად, ძალიან კარგად მუშაობენ, რათა იცხოვრონ, თავისუფალ დროს კი თავის გატაცებებს უთმობენ.

ამიტომაა რომ, ხშირ შემთხვევაში, დაწესებულებების სამუშაო საათები და, განსაკუთრებით, მოქალაქეთა მიღების საათები ჩვენი გადასახედიდან ძალიან უცნაურია: შესვენება შეიძლება 2 ან 3 საათი გაგრძელდეს, რათა თანამშრომლებმა მშვიდად ისადილონ; ბევრი დაწესებულება ხშირად დაკეტილი რჩება ხუთშაბათს დღის მეორე ნახევარში, ზოგი კი (განსაკუთრებით, პროვინციულ დასახლებულ პუნქტებში) კვირაში სულ რამდენიმე საათით იღება. ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებს, მათ შორის – სავაჭრო ობიექტებს. თითქმის ყველაფერი დაკეტილია კვირაობით და ეროვნული დღესასწაულების დღეებში, ასევე – აგვისტოში, რაც იტალიაში მასიური შვებულებების თვეა.

ფოტო: გიგაბარი ყოველდღე 6:30-ზე იღება.

იტალიელების ნაწილს მიაჩნია, რომ კერძო სექტორში შედარებით უფრო ყოჩაღი ხალხი მუშაობს, რადგან იქ მუშაობა მეტ ძალისხმევას მოითხოვს. მეორე მხრივ, კერძო სექტორში მეტია დასაქმებულთა ექსპლუატაციის საშიშროება. იტალიაში ძალიან გავლენიანია პროფკავშირები, რომლებიც მშრომელთა უფლებებს იცავენ და კონსულტაციებს უწევენ მათ შრომითი კანონმდებლობის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ დროთა განმავლობაში პროფკავშირები პოლიტიკურ აქტორებად ჩამოყალიბდნენ, რაც განსაკუთრებით დადებითად არ აისახება ხალხის დამოკიდებულებაზე მათ მიმართ.

იტალიელებისთვის ცალსახად მიუღებელია ისეთი სამსახურები, რომლებსაც ისინი „უღირსად“ მიიჩნევენ, ანუ არაადეკვატურად დაბალანაზღაურებადი ან არაადეკვატური შრომის პირობებით. შრომა დაფასებული უნდა იყოს, ეს დაფასება კი აისახება როგორც სათანადო ანაზღაურებაში, ასევე პატივისცემაში მშრომელთა მიმართ.

როგორც ცნობილია, იტალიაში ძალიან განვითარებულია კერძო ბიზნესი, მცირე და საშუალო საწარმოები, მაგალითად – ოჯახების საკუთრებაში არსებული მრავალრიცხოვანი ბარები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები, მათ შორის საგაზეთო ჯიხურები, რომლებიც იტალიაში ბევრ დამატებით ფუნქციას ითავსებს.

მათი ეკონომიური მნიშვნელობის პარალელურად, მცირე და საშუალო საწარმოები ინოვაციური მიდგომების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, იქნება ეს მანქანათმშენებლობაში, მსუბუქ მრეწველობაში, ხელოვნებაში თუ კულინარიაში. თავისთავად ცხადია, რომ საოჯახო საწარმოებში ოჯახის წევრები განსკუთრებული მოტივაციით მუშაობენ, ბავშვები კი ძალიან ნორჩი ასაკიდან ნელ-ნელა სწავლობენ საოჯახო „ხელობას“.

იტალიის ერთ-ერთი უძველესი უძრავი ქონების სააგენტო მახსენდება, რომელიც სტეფანოს მამამ ჯერ კიდევ 1939 წელს დაარსა მშობლიურ ქალაქში. სტეფანო რომ გაიზარდა, „ავტომატურად“ ამ სააგენტოში დაიწყო მუშაობა, 1990-იან წლებში მისმა ქალიშვილმა, ანტონელამ დაიწყო მის გვერდით მუშაობა და თანდათან სააგენტოს ძირითადმა „ტვირთმა“ მის მხრებზე გადაინაცვლა.

ანტონელა რომ გავიცანი, 2018 წელს, ორი მობილური ჰქონდა და ორივე მუდამ რეკავდა. ანტონელა იმდენს ახერხებდა, არათუ ორივე ტელეფონს პასუხობდა, თან სააგენტოში მისულ კლიენტებსაც აკვალიანებდა. უკვე რამდენიმე წელია, ანტონელას შვილი, ნორჩი სტეფანოც საოჯახო საქმეს ეუფლება.

თავდაპირველად პატარა და ძალიან მარტივ ფუნქციებს ასრულებდა, თანდათან სულ უფრო იზრდება მისი ჩართულობა სააგენტოს საქმიანობაში. მისი ბაბუა, უფროსი სტეფანო დღემდე ყოველდღე დადის სამსახურში, შედარებით ნაკლებადაა დატვირთული, მაგრამ მუდმივად აწესრიგებს საბუთებს და თუ საჭიროა, კლიენტები მიყავს ბინების სანახავად. და ასე, სამივენი ერთად უძღვებიან საქმეს, ორ დაქირავებულ თანამშრომელთან ერთად – პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით და სიამაყით.

ფოტო: კასტელ ბოლონეზეს საჯარო რეესტრი, მოქალაქეთა მიღების საათები: (ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი 8:00-დან 11:00-მდე; ხუთშაბათი 8:00-დან 11:00-მდე და 15:00-დან 17:30-მდე; პარასკევი 8:00-დან 13:00-მდე და შაბათი 8:00-დან 12:00-მდე.)

საქართველოში არსებული წარმოდგენები ევროპელი მშრომელების შემოსავლების შესახებ ხშირად გაზვიადებულია, თუმცა ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი შედარებითია. იტალიაში იშვიათია, ხელფასი თვეში 2000 ევროს აღემატებოდეს, უფრო ხშირად კი 1200-1500 ევროს ფარგლებშია. მაგრამ ხარჯებიც ბევრად აღემატება საქართველოს დონეს, განსაკუთრებით თუ კომუნალურ გადასახადებზეა საუბარი.

ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მგონია ერთი განსხვავება, რაც საპენსიო სისტემას ეხება. ე.წ. მინიმალური პენსიის ოდენობა 2023 წლისთვის 563,73 ევროს შეადგენს, რაც არსებული ხარჯების გათვალისწინებით მოკრძალებული თანხაა.

სამუშაო სტაჟის გათვალისწინებით ეს თანხა შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმუმს. იმ სამწუხარო შემთხვევაში, თუ პენსიონერი გარდაიცვლება, მისი მეუღლე ან არაშრომისუნარიანი შვილ(ებ)ი (მაგ., თუ ინვალიდია) აგრძელებენ მისი პენსიის მიღებას – ან სრულად, ან გარკვეულ პროცენტს.

ამ თანხას საკუთარი შემოსავლის დამატებით იღებენ, შესაბამისად ქვრივ პენსიონერებს რეალურად ორი პენსია აქვთ, რაც, ბუნებრივია, პრინციპულად აუმჯობებეს მათ მატერიალურ მდგომარეობას. აქვე აღვნიშნავ, რომ სამედიცინო მომსახურება იტალიაში უფასოა (ან, იშვიათ შემთხვევებში, მინიმალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული), შესაბამიად არ აწვება ტვირთად პენსიონერებს.

იტალიის საპენსიო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული ასპექტი საპენსიო ასაკია, რომელიც დღესდღეობით ყველასთვის 67 წელია (თუ მოხუცებულობის პენსიაზე საუბარი).

მეორე მხრივ, ახალგაზრდების პრობლემა არაპროპორციულად მაღალი უმუშევრობის დონეა – თუ ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობა 8%-ია, ახალგაზრდების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 22%-ს აღემატება.

ბევრი ახალგაზრდა საზღვარგარეთ მუშაობას ამჯობინებს, რაც ბევრი დისკუსიის საბაბი ხდება. ისე რომ, ფრიად პომპეზური საპირველმაისო კონცერტი, რომელიც 1990 წლის შემდეგ რომში იმართება და თითქმის მთელი დღე გრძელდება, ბევრი პოლემიკის ფონზე მიმდინარეობს.

და თუმცა პირველი მაისი ოფიციალური დასვენების დღეა, ზოგი მშრომელი მაინც მუშაობს ამ დღეს, და ბევრი ასეთ არჩევანს საკუთარი ნებით აკეთებს. რობერტოს სანაყინეც ღია იქნება. რობერტო 16 წლის იყო, ნაყინის წარმოებით რომ დაინტერესდა.

მის ოჯახში არავინ იყო დაკავებული ამ საქმიანობით, ამიტომ შესაბამისი სასწავლებელი იპოვა და უგემრიელესი ნაყინის გაკეთება ისწავლა. უყვარს ეს საქმე, ნაყინის წარმოება მისთვის ხელოვნებაა, რომელიც მან დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო დახვეწა.

ფოტო: რობერტოს სანაყინეს ტორტების ვიტრინა.

ამასთან ნაყინის ახალი, ორიგინალური სახეობების შექმნას ცდილობდა – მაგალითად, რიკოტა და ლეღვის მურაბა. ზღაპრული გემოა. მას შემდეგ, რაც კერძო სანაყინე გახსნა პაწაწინა კასტელ ბოლონეზეში, სულ უფრო ამდიდრებს ასორტიმენტს, საქმე იქამდე მივიდა, ნაყინის საქორწინო ტორტებსაც ამზადებს. სანაყინე დიდი პოპულარობით სარგებლობს, რობერტო კი არავითარ კომპრომისზე არ მიდის, როცა საქმე პროდუქციის ხარისხს ეხება. თავმოყვარეობის ამბავია.