სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ დასაშვებად ცნო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთაშორისო საქმე (IV) „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (განაცხადი # 39611/18) დასაშვებად ცნო, – ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
„საქმე ეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას. განაცხადი შეტანილია საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს. ეს არის საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი მეოთხე განცხადება“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
სასამართლოს ინფორმაციით, რუსეთის მთავრობას („მოპასუხე მთავრობა“) საჩივრის შესახებ 2019 წლის 18 ივნისს აცნობეს.
„სასამართლოში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ სამი სარჩელი აქვს შეტანილი. ასევე არის თითქმის 250 ინდივიდუალური საჩივარი სასამართლოში საქართველოს, რუსეთის ან ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტთან ან 2009 წელს დაწყებულ „ბორდერიზაციის“ პროცესთან დაკავშირებით“, – აცხადებენ სასამართლოში.
„საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ რუსეთი ახორციელებდა (და აგრძელებს) შევიწროების, უკანონოდ დაკავებისა და დაპატიმრების, თავდასხმის, წამების, მკვლელობის და დაშინების ადმინისტრაციულ პრაქტიკას იმ ეთნიკური ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ გადაკვეთონ, ან ცხოვრობენ ადმინისტრაციული საზღვრის ხაზების გასწვრივ, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას აფაზეთისგან და სამხრეთ ოსეთისგან ყოფენ. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არჩილ ტატუნაშვილი – ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც გაიტაცეს სამხრეთ ოსეთში შესვლის მცდელობისას და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, აწამეს და მოკლეს იმ პირებმა, რომლებზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და რომ რუსეთმა ვერ ჩაატარა კონვენციის შესაბამისი გამოძიება მისი უკანონო დაკავებისა და მკვლელობის და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ცალკეულ გარემოებებში დაპატიმრებული და მოკლული ორი ეთნიკური ქართველის, დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას უკანონო დაკავებისა და მკვლელობის შესახებ“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
პრესრელიზის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა იურისდიქცია, განეხილა საქმე, რადგან ფაქტებს, რომლებიც წარმოადგენდა კონვენციის სავარაუდო დარღვევას, ადგილი ჰქონდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე, ანუ იმ პერიოდში, სანამ რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარე იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ სთხოვა სასამართლოს განეხილა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეები არა მხოლოდ როგორც სავარაუდო ადმინისტრაციული პრაქტიკის ილუსტრაციები, არამედ კონვენციის ინდივიდუალური დარღვევების შემთხვევები, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს საქმეები ასევე იყო სამი განსახილველი ინდივიდუალური სარჩელის (№44677/21, 3963/18 და 41776/18) ნაწილი. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ამ სახელმწიფოთაშორის საქმეში, იგი მხოლოდ განიხილავდა ადმინისტრაციული პრაქტიკის ბრალდებებს და აღნიშნულ სამ ცალკეულ შემთხვევას განიხილავდა, როგორც ასეთი პრაქტიკის სავარაუდო ილუსტრაციებს. გარდა ამისა, სასამართლო შეთანხმდა, რომ არც ერთი მოვლენა, რომელიც მოხდა 2009 წლამდე – ანუ „ბორდერიზაციის” პროცესამდე – არ უნდა იყოს გათვალისწინებული“, – აღნიშნულია პრესრელიზში.