ახალი ამბებიგზა ევროპისკენ

Il Bel Paese, გზაში (ნაწილი 5)

უბრალო, მაგრამ დამახასიათებელი დეტალები იტალიის ყოველდღიური ცხოვრებიდან.

რუბრიკას „გზა ევროპისკენ“ უძღვება თინათინ ზურაბიშვილი, ბოლონიის უნივერსიტეტის დოქტორანტი. 

 

გზაში ( ნაწილი 5)

იტალიელებისთვის მგზავრობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველანაირი მგზავრობა – დიდ და მოკლე მანძილზე, სამსახურის და საოჯახო საქმეებზე, კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად, საყიდლებზე, სასწავლებლად და დასასვენებლად. მგზავრობენ მანქანებით, მატარებლებით, თვითმფრინავებით, გემებით, ნავებით, კამპერებით, ავტობუსებით, მეტროთი, მოტოციკლებით, მოპედებით, ჩვეულებრივი და სრულიად არაჩვეულებრივი ველოსიპედებით, ტრადიციული და ახალი თაობის ელექტრო სკუტერებით.

პიკის საათებში ქალაქების ქუჩები ხშირად ქაოტურია – ამ მრავალფეროვან სატრანსპორტო საშუალებებს ემატებიან ფეხით მოსიარულეები, რომლებიც ესალმებიან და ესაუბრებიან ნაცნობებს, ან თავის მობილურ ტელეფონებს ჩასცქერიან, ან ვიტრინებს ათვალიერებენ, ან ძაღლებს ასეირნებენ.

 

ფოტო: შეუძლებელია იტალიის წარმოდგენა სხვადასხვა ტიპის სკუტერის გარეშე.

სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ იტალიაში ყოველთვის სათანადო სიფრთხილეს და პასუხისმგებლობას იჩენენ მგზავრობისას. რკინიგზის სადგურებზე გამუდმებით ისმის მოწოდებები სიფრხილისადმი, მაგრამ პერიოდულად მაინც ჩნდება ვინმე, ვინც ლიანდაგზე გადაირბენს ხოლმე – რაც, რა თქმა უნდა, სასტიკადაა აკრძალული. ადგილობრივ გაზეთებში ხშირია მასალები სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ – აი, გუშინაც, ორი ფერარი რატომღაც ერთდროულად შეასკდა ერთ-ერთი ქალაქის გარეუბნის სახლის გალავანს. საბედნიეროდ, ყველა გადარჩა.

 

გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე მარჯვე საშუალება მატარებლებია. იტალიის მატარებლები ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მატარებლებად ითვლება. ბევრს ყოველდღიურად უწევს მატარებლით მგზავრობა, მათ შორის – სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებს, თუ მათ ქალაქში არ არის მათთვის სასურველი სკოლა (ლიცეუმი).

ქვეყანაში მატარებლების სამი ძირითადი სახეობა მოძრაობს, და 7000-ზე მეტი მარშრუტით უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანას. მატარებლების „ფლოტი“ სისტემატიურად ახლდება და სულ უფრო კეთილმოწყობილი და ენერგოეფექტური ხდება – მაგალითად, ემილია-რომანიას რეგიონში სრულიად განახლებული რეგიონული მატარებლების „ფლოტში“ გამოყოფილია სივრცეები ჩემოდნებისთვის, ველოსიპედებისთვის, საბავშვო ეტლებისთვის, საინვალიდო ეტლებისთვის და ა.შ.

საინფორმაციო ტაბლოები მგზავრებს დეტალურ ინფორმაციას აწვდის მგზავრობის ყველა ასპექტის შესახებ. ყველა სკამთანაა სტანდარტული და USB ჩამრთველები და ყველას შეუძლია დატვირთოს მობილური ტელეფონი, პლანშეტი ან კომპიუტერი; ველოსიპედების ზონაში კი ელექტროველოსიპედების დატვირთვაა შესაძლებელი. იტალიელებმა თავის ბუნებას არ უღალატეს და ახალი თაობის რეგიონულ მატარებლებს ორიგინალური სახელები დაარქვეს: ბლუზი, პოპი, როკი, ჯაზი და სვინგი. ეს ყველაზე „უბრალო“ მატარებლები სულ რამდენიმე წამში 160 კმ/საათამდე სიჩქარეს ანვითარებს.

ფოტო: მატარებელი სახელად როკი.

იტალიაში სარკინიგზო მიმოსვლამ ფაშიზმის პერიოდში დაიწყო განვითარება. საკვანძო რკინიგზის სადგურების უმრავლესობაც მაშინ აშენდა. ეს სადგურები იმ პერიოდის არქიტექტურის ძეგლებად დარჩა და საინტერესო მასალას წარმოადგენს არქიტექტურის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით. მილანის ცენტრალური სარკინიგზო სადგური ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია. ისტორიული ღირებულების შენარჩუნების პარალელურად, დღესდღეობით სადგურების აღჭურვილობა სულ უფრო შთამბეჭდავი და მაღალტექნოლოგიურია.

ბოლონიაში თავისებური რეკორდი დაამყარეს ამ თვალსაზრისით, როცა 2013 წელს ბოლონიის ცენტრალური სადგურის ქვეშ სამსართულიანი (!) მიწისქვეშა ზონა გაიხსნა, რომელიც მხოლოდ სწრაფ მატარებლებს ემსახურება.

უკვე რამდენიმე წელია, სწრაფ მატარებლებში გამოყოფილია ე.წ. “ჩუმი“ ვაგონები, სადაც აკრძალულია ლაპარაკი, რათა მგზავრებს მშვიდად მუშაობის ან დასვენების საშუალება ჰქონდეთ. ასეთი გარემო თავისებური ფუფუნებაა, შესაბამისად ჩუმი ზონების ბილეთები შედარებით ძვირია. საინტერესოა, რომ რაც დრო გადის, თითქოს სულ უფრო იშვიათად ამოწმებენ ბილეთებს რეგიონულ მატარებლებში – თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მგზავრების უმრავლესობას სამგზავრო აბონემენტები აქვს.

ფოტო: ყაყაჩოები ლიანდაგებს შორის.

ზოგადად, სარკინიგზო მიმოსვლა ძალიან მოსახერხებელია. გამონაკლისია სადღესასწაულო პერიოდები – შობა, აღდგომა, ზაფხულის შვებულებების პიკი – როცა ძალიან ბევრი ადამიანი მგზავრობს და რეგიონული მატარებლები გადატვირთულია. თუმცა იტალია დიდი ქვეყანაა და არსებული ათასობით მარშრუტი მაინც არ არის საკმარისი მოსახლეობის გადაადგილების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, ქალაქ რიმინიდან სან მარინომდე დაახლოებით 20 კილომეტრია და ამ მანძილის გავლას მანქანით ნახევარი საათიც არ სჭირდება. ამ ორ ქალაქს პირდაპირი მატარებელი არ აკავშირებს, ხოლო არსებული მატარებლებისა და ავტობუსების რთული კომბინაციით სულ ცოტა სამი საათია საჭირო, რომ ადამიანი რიმინიდან სან მარინოში ჩავიდეს, თან სულ ცოტა ორი გადაჯდომა დასჭირდება.

 

რა თქმა უნდა, სან მარინო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ მისი სატრანსპორტო სისტემა ძალიან მჭირდოდაა ინტეგრირებული იტალიის სატრანსპორტო სისტემასთან, იქნება ეს სახმელეთო თუ საჰაერო. სან მარინოს საჰაერო მიმოსვლა ძირითადად რიმინის აეროპორტის მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც ოფიციალურად „რიმინის და სან მარინოს აეროპორტი“ ჰქვია.

 

იტალიის რკინიგზის პრობლემატიკას რომ დავუბრუნდეთ, მოუხერხებელი მარშრუტების ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება, და ასეთ შემთხვევებში ხალხი გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებებს მიმართავს. კლაუდიას ოჯახი რავენასთან ახლოს ცხოვრობს, მან კი პერუჯას უნივერსიტეტში ჩააბარა, სახლიდან 200 კილომეტრის მოშორებით. მანქანით ამ მანძილს ორსათნახევარში გადიან, მაგრამ პირდაპირი მატარებელი ამ მარშრუტით არ დადის, გადაჯდომებით კი 4-5 საათი მაინცაა საჭირო, რომ კლაუდია სახლიდან პერუჯამდე ჩავიდეს, ან უნივერსიტეტიდან სახლში დაბრუნდეს.

კლაუდიას დედამ „თანამგზავრის“ მომსახურება აღმოაჩინა, რომლის მეშვეობითაც კლაუდიას შეუძლია დაემგზავროს ვინმეს, ვინც ამ მარშრუტით მგზავრობს მანქანით და დაინტერესებულია, თანამგზავრი ყავდეს. ამგვარად მძღოლს საწვავის ხარჯის ანაზღაურების შესაძლებლობა ეძლევა, კლაუდია კი არა მარტო დროს, არამდედ თანხასაც ზოგავს, ვინაიდან ასე მგზავრობა მატარებლებით მგზავრობასთან შედარებით იაფი უჯდება.

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან იტალიაში ჩასული ტურისტები საკმაოდ ხშირად ჩივიან იტალიაში მატარებლების მოძრაობის განრიგის დარღვევების გამო, მაგრამ თვითონ იტალიელები საკმაოდ ფილოსოფიურად აღიქვამენ ამ დარღვევებს. თუ მატარებელი 5 წუთზე ნაკლები დროით იგვიანებს, ეს, როგორც წესი, არც ითვლება დაგვიანებად. მგზავრებისთვის ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა სარკინიგზო პერსონალის ხშირი გაფიცვები, რომელებიც, როგორც წესი, 24 საათი გრძელდება.

გაფიცვის შემთხვევაში, როგორც წესი, ჩერდება მიმოსვლა რეგიონული მატარებლებით. ერთადერთი შეღავათი ის არის, რომ ინფორმაცია ამ გაფიცვების შესახებ წინასწარ ვრცელდება და, ამ შემთხვევაშიც, ხალხი გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებებს მიმართავს.

ფოტო: ფაენცა. ქალაქების თანამედროვე დაგეგმარება წარამოუდგენელია ველოსიპედების გასაჩერებელი ადგილების გარეშე.

სარკინიგზო სადგურამდე ბევრი ველოსიპედით მიდის, ზოგი კი მატარებელშიც არ შორდება თავის ველოსიპედს. ველოსიპედით გადაადგილებას რაც შეეხება, აქ სეზონური, ტერიტორიული ან ასაკობრივი შეზღუდვები უბრალოდ არ არსებობს. იტალიაში მოხუცებიც და ახალგაზრდებიც აქტიური ველოსიპედისტები არიან, ბევრი კი შაბათ-კვირას სხვადასხვა სირთულის ველორბენებში მონაწილეობს.

შემთხვევითი არ არის, რომ ველოსიპედი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმბოლოა. ქვეყანაში სულ ცოტა 4 მუზეუმი ეძღვნება ველოსიპედებს; რა თქმა უნდა, ველოსიპედისტების ასოციაციებაც არსებობს.

ფოტო: ველობილიკი ქ. კასტელ ბოლონეზეს ერთ-ერთ ისტორიულ ქუჩაზე.

ხელისუფლებაც ყველანაირად ცდილობს ველოსიპედებით გადაადგილების წახალისებას. ველოსიპედების გასაჩერებელი „კუნძულები“ ქალაქებისა და სოფლების დაგეგმარების აუცილებელი ელემენტია, და უკვე თითქმის ყველგანაა ველობილიკები. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ველობილიკების (არ)არსებობა, ან მათი მდებარეობა აბსოლუტურად არ განსაზღვრავს ველოსიპედისტების გადაადგილების მარშრუტებს: მათთვის, ვინც ველოსიპედებით და სკუტერებით გადაადგილდება, ფაქტობრივად არ არსებობს ფორმალური მოძრაობის წესები.

წესით არ შეიძლება ველოსიპედით მოძრაობა ტროტუარებზე და გადასასვლელების „ზებრაზე“, მაგრამ ამ წესს ერთეულები ემორჩილებიან; ბოლო პერიოდში რკინიგზის სადგურების ბაქანზეც კი ვხედავ ხოლმე ველოსიპედებზე ამხედრებულ მგზავრებს, ქალაქებში კი ხშირად ასევე ველოსიპედზე ამხედრებულები ჩერდებიან ხოლმე ვიტრინების დასათვალიერებლად.

ფოტო: იტალიაში ველოსიპედი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის. ასე ყვავილებით მორთული ველოსიპედები არცთუ იშვიათია.

შეუძლებელია წარმოდგენა, ვინ საიდან გამოჩნდება და ვინ როდის ჩაიქროლებს ძველი ქალაქების ვიწრო ქუჩებში ველოსიპედით ან სკუტერით. მათთან შეხვედრა ზოგჯერ ფრიად საშიშია, რადგან „მხედრებს“ ძალიან იშვიათად აქვთ მოთმინება შეჩერდნენ და სხვა გაატარონ. საინტერესოა, რომ იტალიაში მცხოვრები იმიგრანტებიც ხშირად დიდი მონდომებით ითვისებენ ადგილობრივ სატრანსპორტო უნარ-ჩვევებს – მაგალითად, გაბედულად გადაადგილდებიან ველოსიპედებით ტრადიციულ აღმოსავლურ ტანსაცმელში გამოწყობილი მანდილოსნები.

ფოტო: როგორც ბევრ სხვა ქალაქში, იმოლაშიც ისტორიული „პორტიკები“ ველოსიპედისტების საჭიროებებს ითვალისწინებს.

ვინც დიდ ტურისტულ ცენტრებში ცხოვრობს და ათასობით ტურისტით სავსე ქუჩებში და მოედნებზე უწევს გადაადგილება, ხშირად მაინც არ ამბობენ უარს თავის ველოსიპედებზე და სკუტერებზე. ვენეცია, რა თქმა უნდა, გამონაკლისია, მაგრამ მაგალითად ფლორენციის ცენტრალურ მოედანზე მუდმივად ისმის ველოსიპედის დამახასიათებელი ზარის წკარუნი. ტურისტები კი ხშირად ვერც კი ხვდებიან, რომ ეს ზარი მათი მისამართით ისმის.