ახალი ამბები

გაიცანით მხატვარი ნინო გულიაშვილი გურჯაანიდან

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნინო გულიაშვილი ბავშვობიდან ხატავს. მან სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში დაზგური ფერწერის განხრით გააგრძელა სწავლა და დღემდე ამ საქმიანობით არის დაკავებული.

როგორც ნინო გულიაშვილი აცხადებს, გარდა ხატვისა, ის ასევე წერს ხატებს, რომელთა ნაწილიც ეკლესიებშია განთავსებული. ხელოვანი ასევე განმარტავს, რომ გარდა ხატვისა, ის ასევე ქარგავს და ნამუშევრებს სხვადახსხვა მასალით ალამაზებს.

,,დავიბადე კახეთში, კერძოდ გურჯაანში. ორი წლის რომ გავხდი, მამაჩემის სამსახურის გამო ციმბირში მოგვიწია ოჯახს წასვლა 5 წლით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ რუსულ სკოლაში შემიყვანეს მშობლებმა, მე-9 კლასამდე დავდიოდი ქალაქ გურჯაანის რუსულ სკოლაში, შემდეგ გადავედი სოფელ კარდენახის ქართულ სკოლაში, რომელიც ოქროს მედალზე დავამთავრე.

სკოლის გამოცვლა არც თუ ისე სასიამოვნო იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც საკმაოდ კარგი გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის. სკოლის დამთავრების შემდეგ მაშინვე არ გამიგრძელებია სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. ერთი წელი ინტენსიურად ვემზადებოდი ფერწერასა და ხატვაში და 1993 წელს მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, დაზგური ფერწერის განხრით. იმავე წელს მცირე ხნით წავედი ლონდონში ენის შესასწავლად, ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად. ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ ჩვეულებრივ გავაგრძელე სწავლა სამხატვრო აკადემიაში.

1999 წელს დავასრულე სრული კურსი და დავიცავი დიპლომი და დავბრუნდი მშობლიურ კუთხეში. ეს პერიოდი შემოქმედებითი თვალსაზრისით ყველაზე დატვირთული იყო ჩემთვის. ჩემი ძირითადი პროფესია ფერწერაა, მაგრამ სხვა სფეროებიც ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის და ვცდილობდი შეძლებისდაგვარად ბევრ საქმეში მეცადა ბედი. მაგალითად დავინტერესდი ხატწერით. მოძღვრის კურთხევით არაერთი ხატი დავწერე და ამოვქარგე. დიდი ნაწილი ჩემი დაწერილი ხატებისა კარდენახის წმინდა საბას სახელობის ტაძარშია, ასევე სხვა ტაძრებშიც. რამდენიმე ძველი საეკლესიო წიგნის ყდები განვაახლე და მოვუქარგე გადასაკრავი აბრეშუმის ძაფებით, მულინებით, ოქრომკედით და ბისერებით. ასეთი წიგნები არის კარდენახის წმინდა საბას ტაძარში, გურჯაანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.

რაც შეეხება ხატვას, როდის დავიწყე არ მახსოვს. ყოველთვის მიყვარდა ეს საქმე და სულ რაღაცას ვხატავდი ხანს ფანქრით, ხან კალმით, ხან საღებავით. ზოგჯერ უბრალოდ ვხატავ, რადგან თავად პროცესი მსიამოვნებს, ვხატავ, რათა რაღაც გრძნობები და განცდები გამოვხატო, ზოგჯერ თითქოს რაღაც მაქვს სათქმელი და სიტყვებზე უკეთ ნახატი იტყვის მგონია. რაც შეეხება ჩემი ნამუშევრების გაყიდვას, მოკლედ ვიტყვი, გაჩუქება ბევრად უკეთ გამომდის, ვიდრე გაყიდვა’’,- აცხადებს ნინო გულიაშვილი.

როგორც ნინო განმარტავს, გარდა ხატვისა და ხატწერისა, ის ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს ამზადებდა და ნაქარგებით აფორმებდა. როგორც თავად ამბობს, ამ პერიოდში დაოჯახდა და საქმიანობა დროებით შეაჩერა, თუმცა მალევე მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე ხისგან სხვადასხვა სახის ნივთებს ამზადებდა, საქმიანობა განაახლა.

,,ხატების გარდა ამ პერიოდში ბევრი საყოფაცხოვრებო ნივთი მოვქარგე, როგორიცაა სუფრები, ხელსახოცები, ცხვირსახოცები და ა.შ. ამასობაში დავოჯახდი და მალევე შეგვეძინა პირველი შვილი, შემდეგ მეორეც და მოგეხსენებათ, ბავშვებს და ოჯახს ბევრი დრო და ენერგია სჭირდებათ, რის გამოც, თავისთავად ცხადია, შემოქმედებითი ცხოვრება ფაქტიურად მთლიანად შეჩერდა. გავიდა წლები.

შვილები წამოიზარდნენ, თუმცა თითქოს უკვე შეჩვეული ვიყავი მხოლოდ საოჯახო საქმეების კეთებას და ჩემი პროფესიული საქმიანობის განახლება საკმაოდ შორეულ პერსპექტივად მესახებოდა. ალბათ კიდევ კარგა ხანს არ დავუბრუნდებოდი ჩემ პროფესიას, რომ არა ჩემი მეუღლის შემართება, წახალისება და ხელშეწყობა. სწორედ მისი დიდი სურვილით და მოწადინებით შევუდექით ერთობლივ საქმიანობას.

მეუღლე პროფესიით მშენებელი ინჟინერია, ასევე კბილის ორთოპედი, მოწოდებით კი ნამდვილად ხელოვანია. მას კარგად შეუძლია მუშაობა ლითონზე, ხეზე, ქვაზე. ბევრი ულამაზესი რამ შეუქმნია ბეტონისაგან, რკინისაგან. ამ ბოლო დროს კი ერთობლივად ვმუშაობთ ხეზე. მე ვხატავ ესკიზებს ჩემი და მისი იდეების გათვალისწინებით, ხოლო მეუღლე ამ ესკიზების მიხედვით ქმნის მასიური ხისგან ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელს, სუვენირებს და ა.შ. როგორც კი საქმეს შევუდექით, გაგვიჩნდა ახალი იდეები, გეგმები. იმედი გვაქვს, ყველაფრის განხორციელებას შევძლებთ. უკვე წამოვიწყე რამოდენიმე ფერწერული ნამუშევარი, ასევე კერამიკის ფიგურების მოხატვა, ქარგვა და ა.შ. განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს მეუღლესთან ერთად ხეზე მუშაობა’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნინო გულიაშვილმა.

როგორც ნინო გულიაშვილი აცხადებს, ბევრ გამოფენებში აქვს მონაწილეობა მიღებული და ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ხელოვანების აქტიურობა, რადგან ეს არის ერთ-ერთი გზა, აუდიტორიას გააცნონ საკუთარი ნამუშევრები.

,,სტუდენტობისას მიღებული მაქვს მონაწილეობა გამოფენებში, რომლებიც აკადემიის საგამოფენო დარბაზში ხშირად იმართებოდა. ჩემი მოკრძალებული აზრით ნებისმიერ ადამიანს, რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწებდეს ის, თუნდაც სულ არ იყოს საჯაროობის და ყურადღების ქვეშ ყოფნის მოყვარული, ხანდახან მაინც უჩნდება სურვილი თავისი მოსაზრებების, შეხედულებების, გრძნობების სხვებისთვის გაზიარებისა. ასეა ხელოვანიც. ეს აუცილებელია წინსვლისთვის, შემოქმედებითი განვითარებისთვის, მოტივაციის და ხალისის შენარჩუნებისთვის. სამომავლოდ მინდა ვაკეთო ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და ჩემი და ჩემი ოჯახის მოკრძალებული ნახელავი სხვებსაც გავუზიარო.’’